ახალი წლისა და სააღდგომო დღეების შემდეგ ყველანი წონის მომატებას ვუჩივით, ზოგი სერიოზულად, ზოგი ხუმრობით, თუმცა ბევრი ადამიანისთვის ჭარბი წონა სერიოზული პრობლემაა, რაც მათ დაბალ თვითშეფასებას, მარტოობას და ჩაკეტილობას განაპირობებს. ამის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ბულინგი და სოციუმის დისკრიმინაციული ქცევაა. გთავაზობთ სხვადასხვა ჟანრის 8 ფილმს ჭარბის წონის შესახებ, რომელიც თქვენს წარმოდგენებს შეცვლის.
სიყვარული ბრმაა (2001)
მამის რჩევის მიხედვით, ჰალი მხოლოდ იმ ქალებს ხვდება, რომლებიც გარეგნულად ლამაზები არიან. ერთ დღესაც, ის იტარებს ჰიპნოზს, რომლის მიზანიც ქალის შინაგანი სილამაზის დანახვის უნარია და ჰალს უყვარდება გოგო, რომელიც 135 კილოგრამს იწონის…
ორმაგი ულუფა (2004)
დოკუმენტური ფილმი მაკდონალდსსა და არაჯანსაღ კვებაზე. რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი გმირი – მორგან სპარლოკი საკუთარ თავზე ექსპერიმენტს ატარებს: ის სამი თვის განმავლობაში დღეში სამჯერ იკვებება მაკდონალდსში. შედეგი – ზედმეტი 12 კგ, ქოლესტერინი, ღვიძლისა და თავის ტკივილები და დეპრესიაა. ეს ძალიან საინტერესო ფილმია არაჯანსაღი კვების გავლენაზე ჩვენს ცხოვრებაში.
ძვირფასი (2009)
მამისგან სექსუალური ძალადობის, დედისგან – ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეურაცხყოფის, სკოლაში კი – ბულინგის მსხვერპლი. 16 წლის კლერის, მეტსახელად ძვირფასის ისტორია ნამდვილად შემზარავია და ყველა ჩვენგანს აფიქრებს იმაზე, თუ რამხელა ზიანს შეიძლება ვაყენებდეთ ადამიანს ჩვენი უნებლიე თუ მიზანმიმართული სტერეოტიპული დამოკიდებულებით.
ჩემს დას (2001)
საზაფხულო არდადეგები. ორი და, რომელიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. ერთი ჭარბწონიანია, მეორე კი გამხდარი და ძალიან ლამაზი. ის პირველ სიყვარულს და პირველ სექსსს გამოცდის, ჭარბწონიანი და კი ამ ყველაფრის შეცნობას მხოლოდ გარედან, საკუთარ დაზე დაკვირვებით ახერხებს.
შეშლილი პროფესორი (1996)
როდესაც ლამაზი კარლა უნივერსიტეტში დაიწყებს მუშაობას, მორიდებული, ჭკვიანი და კეთილი პროფესორი მისი გულის დასაპყრობად წონაში დაკლებას გადაწყვეტს…
განა ეს რომანტიკული არ არის? (2019)
ჭარბწონიანი არქიტექტორი სკეპტიკურადაა განწყობილი სიყვარულისა და რომანტიკის მიმართ, სანამ ერთი უჩვეულო შემთხვევის წყალობით, ზღაპრულ და რომანტიკულ სამყაროში არ აღმოჩნდება და საკუთარ წარმოდგენებში ეჭვის შეტანა მოუწევს.
მსუქანი (2008)
კომედიური ჟანრის ფილმი მოგვითხრობს ჭარბწონიან რინოზე, რომელიც იზოლირებულად ატარებს ცხოვრებას, სანამ მამა ბინას არ უქირავებს სექსუალურ გოგოსთან ერთად, რომელიც მას ბარიერების დამსხვრევას აიძულებს.
შემთხვევით სექსუალური (2018)
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჭარბი წონა, დაბალი თვითშეფასება და არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავს, თავის დარტყმის შემდეგ სრულიად სხვაგვარად ხედავს საკუთარ თავს: ხედავს, როგორც ლამაზ ქალს, რაც მთლიანად ცვლის მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი და სამყაროს დამოკიდებულებასაც მისდამი. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი სიუჟეტის მქონე კომედია გვარწმუნებს, რომ ჩვენს ბედნიერებას სინამდვილეში ჩვენივე აღქმები განაპირობებს.