5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ Shameless-ს

ეს სახლი მეზობელი სახლებისგან არაფრით გამოირჩევა. მისი ბინადრები განსაკუთრებით ხმაურიანები არიან და აქ კარს თითქმის არასდროს კეტავენ, მუდმივი სტუმრები დღეს და ღამეს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ალბათ იმიტომ. ამ ფოტოზე სრული სიმშვიდეა, ალბათ ღამენათევებს უკვე სძინავთ, თუმცა მალე ოჯახის უფროსმა უნდა გაიღვიძოს და დანარჩენებს საუზმე მოუმზადოს, თანაც რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ მაგიდაზე გასაწყობი თეფში საკმაოდ ბევრია. სულ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ამ სახლში ერთმანეთისგან ყველაზე განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. და აი ისინიც :

იმ ბიჭს, ფეხზე რომ დგას, ყურადღება არ მიაქციოთ, მას მალევე გაიცნობთ. აქ მთავარი აქცენტი პირველ რიგში რაოდენობაზე გავაკეთოთ, რომ ერთ სახლში 6 ადამიანი ცხოვრობს და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქედან მშობელი არცერთი არ არის. ანუ, ექვსივე ერთმანეთის დედმამიშვილია, რომლებიც დედამ უკანმოუხედავად მიატოვა, მამა კი – აი ასე ცხოვრობს :

მამას არავინ ჰგავს, თუმცა ყველას თავისებურად გიჟური ხასიათი აქვს, ამიტომ სერიალს, რომელსაც ვეცდებით რომ ამ სტატიაშივე შეგაყვაროთ, Shameless – უსირცხვილო დაარქვეს.

რატომ უნდა უყუროთ სერიალს? ახლავე გეტყვით

აქ მთავარი აქცენტი კეთდება ისეთ ოჯახზე, რომელიც წლობით ებრძვის ალკოჰოლზე დამოკიდებულებას

სერიალი ძირითადად კომედიური ხასიათისაა, თუმცა ყველა იმ დეტალებზე საუბრობს, რაც უმრავლესობას დღეს ძალიან სტკივა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მძიმე დაავადებაა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძვიან. სერიალში ოჯახის მთავარ წევრს – მამას, მხოლოდ ის აინტერესებს, სად და როგორ დალიოს, რა მდგომარეობაში იღვიძებს – არ ახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი ყველაზე უდარდელი მამაა და საერთოდ არ ანაღვლებს ექვსი შვილიდან არც ერთის ბედი, მათთვის მაინც საუკეთესო მაგალითია, თუ როგორები არ უნდა იყვნენ, როდესაც გაიზრდებიან.

2. აქ აკრძალულ სიყვარულზე თამამად საუბრობენ

სერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარულია და აქ ყველას თავისი რჩეული ჰყავს. სიყვარულით ცხოვრობს თითოეული გმირი და სწორედ ეს გრძობა აძლიერებთ იმ ცხოვრებისეული ყოფისგან, რომელიც მათ რეალურად ძალიან ღლის. სერიალში ძალიან თამამად საუბრობენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე თემაზე საზოგადოებისთვის, რომელიც მას მუდმივად განსხვავებულად იღებს – გეი სიყვარულზე.

3. სერიალი არ გვიჩვენებს შელამაზებულ ცხოვრებას

ჩვენ შეიძლება არ ვცხოვრობთ ისეთ ოჯახში, სადაც მამა ლოთია, ძმა გეი და სულ პატარა ოჯახის წევრი აფროამერიკელი, მაგრამ რომელიმე პერსონაჟში (ან თუნდაც ყველაში) საკუთარ თავს აუცილებლად აღმოაჩენთ. სერიალი, რომელიც ერთდროულად ახერხებს, რომ იყოს ძალიან სასაცილო და კომიკური, მძიმე და ტრაგიკული, იმასაც მოახერხებს, რომ საკუთარი თავი უკეთ გაგაცნოთ და დაგაფიქროთ, როგორ უნდა მოიქცეთ ბედნიერებისთვის, ან სულაც, რა არ უნდა გააკეთოთ, რომ შემდეგ სანანებელი არ გაგიხდეთ.

4. თინეიჯერების მძიმე ცხოვრება

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში თითქოს ყველაფერი გამარტივებული, გალამაზებული და იდეალურია, ცხოვრება მაინც რთულია, განსაკუთრებით თინეიჯერებისთვის, რომლებიც უამრავ პრობლემებს ებრძვიან – ეს ყველაფერი კი ხანდახან ისეც ხდება, რომ მშობელმა მათი გასაჭირის შესახებ არაფერი იციან. ამ დროს კი  თავდაჯერებულობა, ძალების მოკრება და უდიდესი შემართებაა საჭირო, რასაც ეს სერიალი თითო სერიაში მაინც გვასწავლის და ცოტაოდენ მოტივაციას გვაძლევს.

5. ამ საგიჟეთში ცხოვრება რთულია, მაგრამ მომხიბვლელი

გაცვლიდნენ გალაჰერები საკუთარ ბედს “პრიალა” და “უზრუნველ” ცხოვრებაზე? ალბათ, არა. ნელ-ნელა მიხვდებით, რომ თითოეულ მათგანში ცხოვრობს ისეთი ადამიანი, რომელთან ერთადაც კომფორტულად მოთავსდებოდით სავარძელში და საყვარელ ფილმს უყურებდით. ყველა მათგანს აქვს ის მთავარი თვისება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ იყოს კარგი მეგობარი, და, ძმა, შვილი და შეყვარებული. გალაჰერების გიჟურ ცხოვრებას, თავგადასავალს, გადაწყვეტილებებს და გათენებულ ღამეებს თქვენც სიამოვნებით შეუერთდებოდით.

მოემზადეთ!!! ამ არანორმალური ოჯახის კარი ახლა თქვენთვისაც ღიაა და ფრენკმაც თქვენს სახელზე სადღეგრძელო უკვე დალია….

Comments

comments