დევიდ ლინჩის პრესკონფერენციის დეტალები: კითხვები და პასუხები

18 ნოემბერს დევიდ ლინჩი საქართველოს ოთხდღიანი ვიზიტით ეწვია. ტვინ პიქსის, მალჰოლანდ დრაივისა და ლურჯი ხავერდის ავტორმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ჟურნალისტების კითხვებს ვრცლად უპასუხა. საუბარი იყო დევიდ ლინჩის ფონდის საქმიანობაზე, საერთაშორისო კინოსკოლაზე, ტრანსცენდენტალურ მედიტაციასა და თანამედროვე ჰოლივუდზე.

დევიდ ლინჩის ფონდი 2005 წელს დაარსდა და მისი ძირითადი ფილიალები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და უკრაინაშია განლაგებული. 2017 წლის 25 ივლისს კი ფონდის ფილიალი თბილისშიც გაიხსნა. ფონდის საქმიანობის ფარგლებში იგეგმება ფესტივალის დაარსება და სპეციალური სკოლის გახსნა, სადაც კინოთი დაინტერესებული ახალგაზრდები პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ ფილმების გადასაღებად.

საუბარი, რა თქმა უნდა, საქართველოს კინემატოგრაფიით დაიწყო. კითხვაზე, იცოდა თუ არა რამე ქართული კინოს შესახებ, რეჟისორმა ასე უპასუხა.

“სიმართლე გითხრათ, ნოლი ინფორმაცია მქონდა ქართველი რეჟისორების შესახებ, თუმცა ეს საწყენი არაა. სხვა ქვეყნების კინემატოგრაფზეც არ მაქვს დიდი ინფორმაცია. მე ფილმების მოყვარული არ ვარ. ფილმებს ვქმნი. როცა აქ ჩამოვედი, მითხრეს, რომ ფელინი თქვენი ფილმებით აღფრთოვანებული ყოფილა, რაც საინტერესო ფაქტია. ყველა ქვეყანა იწვევს გარკვეულ შეგრძნებას პირველი ვიზიტისას. საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ ხელოვნების სიყვარული აქ ჰაერში ტრიალებს. ვფიქრობ, რომ აქ უყვართ კინო, მხატვრობა და კიდევ.. საჭმელები”.

რეჟისორმა ისიც დაამატა, რომ საქართველოს სურათებს დაათვალიერებს და მომავალში შეიძლება გადასაღებ ლოკაციებადაც გამოიყენოს. მისი თქმით, ასეთი შემთხვევა მის ცხოვრებაში უკვე ყოფილა. პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში ვიზიტმა მას იქ დაბრუნებისა და კონკრეტული სცენების გადაღების სურვილი გაუჩინა.

დევიდ ლინჩმა ისაუბრა ტრანსცედენტალური მედიტაციის შესახებ და საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ეს რელიგიად არავითარ შემთხვევად არ უნდა ჩავთვალოთ.

“თავდაპირველად სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მახსოვს, თავის დროზე მეგონა, რომ “Beatles”-ის გენიალურობა სწორედ მედიტაციით გატაცებამ მოკლა. მერე ჩემმა დამ მომიყვა, პირადად მასზე რა ეფექტი მოახდინა ტრანსცენდენტალურმა მედიტაციამ. იმაზე მნიშვნელოვანი კი, რასაც მიყვებოდა, მისი შეცვლილი ხმა იყო. უფრო ბედნიერი და თავდაჯერებული მომეჩვენა. არ დაიჯეროთ, რომ შემოქმედებითობა უბედურებაშია. ნებისმიერი ნეგატივი, დეპრესია და სტრესი კლავს ხელოვნების შექმნის სურვილს. შეიძლება, ბედნიერი იყო და შენს საქმეს კარგად აკეთებდე”.

ჰარვი ვაინშტაინზე და მის გარშემო არსებულ სკანდალზე საუბრისას, რეჟისორმა აღნიშნა, რომ “მასზე გამუდმებით ძალადობენ ქალები”. მერე კი სერიოზულად დაამატა, რომ არსებობს ნორმალური და არანორმალური საქციელი ცხოვრებაში, თუმცა ნორმალურის გაგება მუდმივად იცვლება.

“სამყარო უკეთესობისკენ იცვლება. მართალია, პატარა ნაბიჯებით, მაგრამ ეს შეუჩერებელი პროცესია”

დევიდ ლინჩმა ახალგაზრდა ხელოვანებს, რომლებიც კინოსფეროში აპირებენ საკუთარი თავის მოსინჯვას, ურჩია, საკუთარი საქმე შეიყვარონ და მხოლოდ ფულის გამო ნუ გააკეთებენ მას. “შეიძლება, მილიონერი ვერ გავხდი, მაგრამ ყოველთვის მსიამოვნებდა, რასაც ვაკეთებდი” – აღნიშნა რეჟისორმა.

Cinemania.ge-ის კითხვას, რომელ სერიალებს უყურებს თავად და რომელი რეჟისორებში პოულობს ინსპირაციას, დევიდ ლინჩმა ასე უპასუხა:

“ძალიან მომწონს Mad Men და Breaking Bad. მიყვარს გადაცემები, სადაც ძველ მანქანებს აძლიერებენ და ფორმას უბრუნებენ. რაც შეეხება რეჟისორებს, მიყვარს ფელინის, კუბრიკის, სკორსეზეს და ძმები კოენების ნამუშევრები”

პრესკონფერენციის ბოლოს დევიდ ლინჩმა ჟურნალისტებისთვის საერთო კომენტარიც გააკეთა. ხოლო კითხვაზე “კიდევ როდის ჩამოხვალთო”, ღიმილით უპასუხა: ჯერ ისევ აქ ვარ, თქვენ კი უკვე მეკითხებით, როდის ჩამოვალ მეორედ.

დღეს, კლუბ “ხიდში“ ხუთ საათზე შედგა დევიდ ლინჩის ლექცია ტრანსცედენტალური მედიტაციის თემაზე, ხოლო შვიდ საათზე კინო “ამირანში“ მისი ფილმის “მალჰოლანდ დრაივის“ ჩვენებაა დაგეგმილი.

დევიდ ლინჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

▲ დღეს, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა რეჟისორმა, დევიდ ლინჩმა ვრცლად ისაუბრა ქართულ კინოზე, ვაინშტაინის სკანდალზე, საკუთარ კინოსკოლაზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. 📝 იხილეთ ვიდეო ქართული ტიტრებით და გაიგეთ, რომელი სერიალები მოსწონს დევიდ ლინჩს

Posted by Cinemania.ge on 2017 წლის 20 ნოემბერი, ორშაბათი

 

Comments

comments