ფაქტები, რომელთა წყალობითაც “სამეფო კარის თამაშებს” კიდევ უფრო საინტერესოდ ჩათვლით

დოთრაკების ენის სწავლა შეიძლება

გინდათ, ხალ დროგოსავით ისაუბროთ? რა პრობლემაა – დოთრაკების ენის ლექსიკონი უკვე 3000-ზე მეტი სიტყვისგან შედგება და კიდევ იზრდება. ენა სპეციალურად სერიალისთვის შექმნა დევიდ ჯ. პიტერსონმა და მისი შესწავლის მსურველთა რაოდენობა კი რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება.

 

ნამცხვარი ცოცხალი მტრედებით რეალურად არსებობდა

მეფე ჯოფრისა და მარჯერი ტაირელის საქორწინო წვეულებაზე შემოტანილი უზარმაზარი ნამცხვარი, რომლიდანაც მტრედები ამოფრინდნენ, ჯორჯ მარტინის მოგონილი კულინარიული შედევრი არაა:  ამ იდეას იგი მე-16 საუკუნის ავტორს, ჯოვანი დე როზელის დაესესხა. გადაღებისთვისაც ნამდვილი ნამცხვარი გამოაცხვეს.

 

სამეფო კარის თამაშები ჰარვარდის უნივერსიტეტის სასწავლო საგანი ხდება

“სამეფო კარის თამაშები” და ისტორია – ასეთი სასწავლო კურსი შეიქმნა ჰარვარდის უნივერსიტეტში, რომლის მიხედვითაც სტუდენტები შუა საუკუნეების ისტორიულ და კულტურულ სამყაროს ამ ფენომენალური ლიტერატურული და სატელევიზიო ნაწარმოების ჭრილში გაეცნობიან.

 

GoT ყველაზე ხშირად ხდება პირატების თავდასხმის მსხვერპლი

სამეფო თამაშებმა ყველანაირი რეკორდი მოხსნა ტელეშოუების ისტორიაში და ასევე რამდენიმე წელია, არ თმობს ყველა დროის ყველაზე მეტად მოპარული სერიალის ტიტულსაც. ასობით მილიონი მომხმარებელი არალეგალურად იწერს სერიალს ტორენტ საიტებიდან.

 

ლოქორების დედა

2013 წელს მეცნიერებმა ბრაზილიის სანაპირო წყლებში აღმოჩენილი ზღვის ლოქორა დრაკონს მიამსგავსეს და მას უცნაური სახელი: Tritonia Khaleesi ანუ “ხალესის ტრიტონი” დაარქვეს.

 

ტირიონი უკონკურენტოა

პიტერ დინკლეიჯს ტირიონ ლანისტერის როლისთვის არავითარი სინჯები არ გაუვლია – რეჟისორებს ტირიონის როლზე შოუს გადაღების დაწყებამდეც იგი წარმოედგინათ. თავის მხრივ, ტირიონმა პროდიუსერებს სერსეის როლზე თავისი მეგობარი ლენა ჰედი შესთავაზა.

 

შუბის წვერზე წამოცმული ჯორჯ ბუში

ერთ ეპიზოდში წითელი ციხესიმაგრის ქონგურზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მოკვეთილი თავია წამოცმული. პროდიუსერებმა განმარტეს, რომ არავითარი პოლიტიკური ქვეტექსტი არ უგულისხმიათ და გადაღებისას გამოყენებულ მასალას ამ მხრივ არ დაკვირვებიან. HBO-მ ამ კადრისთვის ბოდიში მოიხადა.

 

სამეფო კარის თამაშებისადმი მიძღვნილი მუსიკალური დისკი

HBO-მ სამეფო კარის თამაშებისადმი მიძღვნილი რეპ-სიმღერების ალბომი გამოუშვა.

 

HBO რკინის ტახტს ყიდის

შოუს ხელმძღვანელობა გადაღებებისას გამოყენებული ტახტის ორიგინალს 30 000$-ად ყიდის (სიმაღლე: 2.18 მეტრი, წონა: 159 კგ), ამრიგად, ნებისმიერს შეუძლია თავი შვიდი სამეფოს ნამდვილ მმართველად იგრძნოს.

 

რკინის ტახტში გენდალფის ხმალიც არის ჩარჭობილი

გენდალფის ხმლის ასლს რკინის ტახტში აღმოვაჩენთ. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ შოუს რეჟისორები ამ საკულტო ფენტეზის ფანები არიან.

 

70-ნაირად წარმოთქმული “ჰოდორ”

კრისტიან ნაირნს ბევრი სიტყვა არ ჰქონია სასწავლი, მაგრამ “ჰოდორის” გამოთქმაზე ნამდვილად გულმოდგინედ ივარჯიშა. იგი თავისი პერსონაჟის სახელის 70-ნაირ წარმოთქმაში დაოსტატდა. თითოეული ჰოდორის განსხვავებულ განწყობას გამოხატავს.

 

მადონა ხალესის დაემსგავსა

მადონა, ჩვენი არ იყოს, სამეფო თამაშების თავგადაკლული ფანია. მან საგანგებოდ სთხოვა რეჟისორებს, დენერისის ცნობილი კოსტიუმი ეთხოვებინათ, რათა ფურიმი (იუდეველთა კოსტიუმირებული დღესასწაული) ასე გამოწყობილს აღენიშნა.

 

სანსას მრავლისმთქმელი კაბა

სამეფო თამაშების ერთ-ერთი მთავარი ღირსება ოსტატურად და გემოვნებით შეკერილი ბრწყინვალე კოსტიუმებია. გარდა ამისა, მთავარი პერსონაჟების ჩაცმულობაში გარკვეული აზრი და შეტყობინებაც დევს. მაგალითად, სანსას სამოსი ყოველთვის საუბრობს მტრისა თუ მოყვარეების ხელში ჩავარდნილი გოგონას ბედზე. ტირიონთან ქორწინებისას მისი კაბა მთელ ისტორიას ჰყვება: კალმახი და მგელი სარტყელზე სანსას მშობლების – სტარკებისა და ტალების სახლების სიმბოლოა; ზურგზე გამოსახული ლომი კი მიანიშნებს, რომ გოგონა ახლა ლანისტერების საკუთრებაა.

 

მაისტერ ეიმონის როლის შემსრულებელი მართლა უსინათლოა

პიტერ ვოგანი, წარმოშობით ტარგარიენი მაისტერ ეიმონის შემსრულებელი თავისი პერსონაჟივით უსინათლოა. მსახიობი ახლახან გარდაიცვალა – მხცოვან ბრძენ მაისტერსა და მისტერ ვოგანს მსგავსი ბედი ჰქონიათ.

 

მირცელა და ტომენი რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ხვდებიან

ეიმი რიჩარდსონი და დინ-ჩარლზ ჩეპმენი – სერსეის შვილების, პრინცესა მირცელასა და პრინც ტომენის შემსრულებლები რეალურ ცხოვრებაში შეყვარებულები არიან (ლანისტერების სენი გადაედოთ? 🙂 )

 

ჯონ სნოუს და არია სტარკს ერთმანეთი უნდა შეჰყვარებოდათ

ჯორჯ მარტინის თქმით, მას ჯონსა და არიას შორის დრამატული ლავსთორი ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობის მეტი რა გვეთქმის, რომ გადაიფიქრა და ნაცვლად უნუგეშო შეყვარებულებისა, სტარკის შვილებს მარტოსული, გარიყული და ბედის ანაბარა დატოვებული გმირების როლი არგუნა.

 

4 პერსონაჟი, 1 მსახიობი

იენ უაიტი სამეფო თამაშების ოთხ პერსონაჟს განასახიერებს: თეთრ მავალს, უსახელო გოლიათს, სერ გრეგორი კლეგეინს და გოლიათ ვუნ ვუნს.

 

კეტლინ სტარკი ჰერმიონის დედაა

მიშელ ფეირლის ძლიერი, დამოუკიდებელი და ღირსეული დედის, კეტლინ სტარკის როლის შესრულების პატივი ერგო; მაგრამ ცოტას თუ შეუმჩნევია, რომ იგი კიდევ ერთი გამოჩენილი ფენტეზი საგის, პოტერიადის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის – ჰერმიონ გრეინჯერის დედასაც თამაშობს.

ვერაფერს იტყვი: ქალიშვილებში ნამდვილად გაუმართლა.

 

ვისერისი ჩარლზ დიკენსის ნათესავია

ჰარი ლოიდი გამოჩენილი ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის პირდაპირი შთამომავალია.

 

თეონ გრეიჯოი კი ლილი ალენის ძმაა

ალფი ალენი ცნობილი მომღერლის, ლილი ალენის უფროსი ძმაა. სხვათა შორის, ლილი ალენს თეონის დის, იარა გრეიჯოის როლი შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.

 

“სირცხვილის გზა” რეალური სასჯელი იყო

დედოფალ სერსეისთვის გამოტანილი საშინელი და დამამცირებელი სასჯელი რეალური ისტორიიდანაა აღებული. ჯორჯ მარტინმა ის შუა საუკუნეების ბრიტანეთიდან ისესხა: მეფე ედვარდ VI-ის საყვარელი მეფის სიკვდილის შემდეგ ზუსტად ასე დასაჯეს.

 

ახალგაზრდა ჯორჯ მარტინი ჯონ სნოუს ჰგავს

სერიალის ფანები ათასგვარ თეორიას გამოთქვამენ იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწევა ჯონ სნოუს. თუ გავითვალისწინებთ მსგავსებას ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ავტორის ახალგაზრდობის ფოტოსა და კიტ ჰარინგტონს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩრდილოეთის მეფე აღარ მოკვდება.

Comments

comments