GOT – მომენტები, რომლებსაც ჯერ კიდევ ველით ამ სეზონში

მართალია, HBO-ს სერვერზე ჰაკერული თავდასხმის შემდეგ ახალი სეზონის მე-4 ეპიზოდი ოფიციალური გამოსვლის თარიღამდე გავრცელდა და ბევრმა უკვე ნახა Spoils of War, მაგრამ სერიალის ფანებს ჯერ არ უხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლებსაც ამ სეზონში ველით. გადავხედოთ თეორიულად შესაძლო ამბებს და ვემზადოთ ზამთრისთვის, რომლითაც უკვე დიდი ხანია გვემუქრებიან.

1. რკინის ბანკი თავისას ითხოვს

როცა სეზონის დასაწყისშივე რკინის ბანკის წარმომადგენელი ტიქო ნესტორიუსი გამოჩნდა, ცხადი გახდა, რომ ლანისტერებს დიდი გარჯა მოუწევდათ იმის დასამტკიცებლად, რომ ვალებს ყოველთვის იხდიან. ბოლო ეპიზოდის შემდეგ მათი ეს ამოცანა კიდევ უფრო სერიოზულ ჩიხში შევიდა.

2. სემის აღმოჩენა

სემ ტარლის ამბავი იქ გაჩერდა, როცა მან სასწაულებრივად მოარჩინა ჯორაჰ მორმონტი და მაისტერმა ძველი ხელნაწერების გადაწერით დასაჯა. სინამდვილეში მაისტერი სიკეთეს იჩენს და სემს არა რომელიმე რიგითი ხელნაწერების, არამედ მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ტექსტების გაცნობის საშუალებას აძლევს. სავარაუდოდ, სწორედ იქ აღმოაჩენს სემუელი ვალირიული ფოლადის საიდუმლოებას ან ძველი დროის ჩანაწერებს ღამის მეფის შესახებ.

3. ჯორაჰის შეხვედრა დენისთან (და ტირიონთან)

ვინ იფიქრებდა, რომ მოურჩენელი სენით დაავადებული, დრაკონების დედაზე ცალმხრივად შეყვარებული მამაცი რაინდი კვლავ დაბრუნდებოდა. ჯორაჰი კვლავ მზადაა, თავისი გულის დედოფალს ემსახუროს, თუნდაც ფრენდზონაში ყოფნის ფასად.

4. გენდრის დაბრუნება

დიდი ხნის შემდეგ, ამ სეზონში რობერტ ბარათეონის ბუშიც დაგვიბრუნდება. მას შემდეგ, რაც ის სერ დავოსმა იხსნა მელისანდრეს კლანჭებისგან და ზღვის გადაღმა გააგზავნა, ეს გმირი აღარ გამოჩენილა. უცნობია, რა როლს ითამაშებს ეს პერსონაჟი მე-7 სეზონის მოვლენებში. გენდრი დახელოვნებული მჭედელია და შეიძლება სწორედ მან შეძლოს ვალირიული ფოლადის იარაღის დამზადება.

5. რას აპირებს ნეკა

რადგან სანსა აღარაა გარიყული და დევნილი, ნეკას გეგმა, ხელში ჩაეგდო საყვარელი კეტლინის ასული, ჩავარდა. გაქნილი და ჭკვიანი ნეკა ჯერჯერობით მხოლოდ უიმედოდ შეყვარებულ კაცს ჰგავს… მაგრამ ნეკა რის ნეკაა?! აშკარაა, რომ ნეკას დანა, რომლითაც პირველ სეზონში ბრანის მოკვლა დაქირავებულმა მკვლელმა სცადა, ამ სეზონში გადამწყვეტ როლს ითამაშებს. მაგრამ ვის მოკლავს ამჯერად ვალირიული ფოლადისა და დრაკონის მინის ტარის მქონე დანა, ჯერჯერობით უცნობია. ისიც ფაქტია, რომ ვინტერფელში ამჟამად პროფესიონალი მკვლელი იმყოფება.

6. კედელი ეცემა, ზამთარი დგება

ექვსნახევარი სეზონია, ყველა მანტრასავით ვიმეორებთ “ზამთარი მოდის” და უეჭველია, ვიხილავთ, როგორ გადმოლახავს ღამის მეფე კედლის საზღვარს და შვიდი სამეფოსთვის ბრძოლაში ჩართულ დიდგვაროვნებს ჭეშმარიტ ზამთარზე დაელაპარაკება.

7. აღმოსავლეთის გუშაგი

ფანები მე-7 სეზონის დალიქული სცენარის ნახვის გარეშეც ხვდებოდნენ, რომ გადამწყვეტი მოვლენები მაინც ჩრდილოეთით განვითარდებოდა. ჯონ სნოუმ ზღვისპირას მდებარე აღმოსავლეთის გუშაგი უკვე გამოაცხადა სტრატეგიულ პოზიციად და ტორმუნდი მის დასაცავად გაგზავნა. ტრეილერებში კი უკვე ვიხილეთ, რომ ჯონ სნოუ, ტორმუნდი, ბერიკ დონდარიონი, ქოფაკი, თოროსი და გენდრი მხარდამხარ იბრძვიან მტრის წინააღმდეგ.

8. ბენჯენ სტარკის დაბრუნება

პირველივე სეზონში გაუჩინარებული ძია ბენჯენი, რომლის დაბრუნებისაც ჯონს მთელი გულით სწამდა, მართლაც გამოჩნდა, იგი ცივხელაა (Coldhands) ანუ იმდენად მოუხელთებელი, რომ მისი მოკვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. ის კედლის მიღმა თეთრ მავალებს ებრძოდა, შემდეგ კი აღარ გვინახავს. ბენჯენისა და ჯონის შეხვედრა ამ სეზონის ერთ-ერთი ემოციური მომენტი იქნება და სავარაუდოდ ყინულის მტერთან ომში ერთადაც იბრძოლებენ.

9. შეხვედრა დრაკონის ბუდეში (Dragonpit)

სულ ერთია, ვინ გადარჩება ლანისტერებისა და ტარგარიენის ურთიერთდაპირისპირებაში, ვესტეროსელებს ადრე თუ გვიან მოუწევთ ძალების გაერთიანება და ჩრდილოეთიდან მომავალი საფრთხისთვის თვალის გასწორება. ეს დიდი შეკრება შეიძლება იმ ადგილზე უნდა მოხდეს, რომელიც ოდესღაც ტარგარიენების დრაკონების სამყოფელი იყო – დრაკონის ბუდეში.

ამრიგად, უნდა ველოდეთ ძმა კლეგეინების, ლანისტერებისა და დენერისის, და სხვა ურთიერთდაპირისპირებული გვარების ერთ ჯარად თავმოყრას. რა შედეგით დასრულდება, არავინ უწყის, თუმცა ნამდვილად კარგი სანახავი იქნება.

10. ყინულის დრაკონი

მკვდრების არმიაში არამარტო ადამიანებს, არამედ ყინულის არსებებად კვლავ აღდგენილ სხვა არსებებსაც ვიხილავთ (მათ შორის, გოლიათებსაც). ღამის მეფის არმიას სავარაუდოდ დენერისის დაღუპული დრაკონიც შეემატება და ფინალური სეზონისთვის ყინულისა და ცეცხლის დრაკონების სიმღერა გველოდება.

 

 

 

 

Comments

comments