“სამეფო კარის თამაშები” – ლანისტერები და საკვების სტრატეგიული მნიშვნელობა ომში

(შენიშვნა: პოსტი შეიცავს სპოილერებს “სამეფო კარის თამაშების” მე-7 სეზონის მე-4 ეპიზოდიდან )

მე-3 ეპიზოდში ლანისტერებმა გასაოცარი სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვეს: სანამ უნაკლოების არმია კასტერლის კლდეს უტევდა, ჯეიმი ლანისტერმა თავისი არმიის უდიდესი ნაწილი ჰაიგარდენს – ტაირელების მთავარ ციხესიმაგრეს შეუსია და დაამარცხა კიდეც ზენაბაღელები. ამ გამარჯვებით ლანისტერებმა ბევრი მოიგეს: დენერისის მოკავშირეები გაანადგურეს და სიმდიდრით განთქმული ტაირელების ოქრო ჰაიგარდენიდან წამოიღეს, რათა რკინის ბანკს ვალი გადაუხადონ.

მაგრამ ჰაიგარდენის აღებამ ლანისტერებს სხვა სტრატეგიული უპირატესობაც მოუტანა: საკვები. მე-4 ეპიზოდში ჯეიმი ტარლებს უბრძანებს, გლეხებისგან წამოიღონ მთელი მოსავალი, რაც Reach-ის (საწიერის) მიდამოებში მოიპოვება. ხალხისთვის საკვების წართმევა მოახლოებული ზამთრის გათვალისწინებით, სასტიკი საქციელია, მაგრამ ჯეიმი ლანისტერმა, როგორც ჩინებულმა მხედართმთავარმა, კარგად იცის საკვების მნიშვნელობა არმიის სიძლიერისთვის. ჯერ კიდევ მე-2 სეზონში, როცა ხუთი მეფის ომში სატახტო ქალაქისკენ მიმავალი საკვების არხები გადაკეტილი იყო, ლანისტერებს რკინის ბანკიდან მოუწიათ ვალის აღება, საკვები რომ შეეძინათ. საჭმლის სიმცირემ მეფის საბიჯელში მცხოვრებთა აჯანყებები და მეფესა და მის მხლებლებზე თავდასხმებიც გამოიწვია, შემდეგ ტაირელებისა და ლანისტერების კავშირი შედგა და ვესტეროსის დედაქალაქი შიმშილს გადაურჩა (გაიხსენეთ ჯოფრისა და მარჯერის ქორწილზე როგორ ენამოსწრებულად აღნიშნა ლედი ოლენამ, ჩემი შეძენილი საკვებით უნდა მოვილხინოო).

ამრიგად, ჯეიმი ჰაიგარდენის მოსავალს სათავისოდ იმარაგებს. დამატებითი მიზეზი ისიცაა, რომ მეფის საბიჯელი ბევრჯერ დაიწვა და განადგურდა, და საკუთარი თავის გამოკვება არ შეუძლია. სამხრეთს კი მოახლოებული ზამთრის გარდა მოახლოებული დიდი ბრძოლებიც ელის.

ლანისტერები ერთადერთნი არ არიან, ვინც საკვებზე ფიქრობენ. სანსა სტარკი ვინტერფელისა ბეღლების ასავსებად ყველა ღონეს ხმარობს და გონივრულად მართავს მოსავლის შეგროვების საქმეს. საკვების მნიშვნელობა დენერისსაც კარგად ესმის. ახალ ეპიზოდში მან მართებულად აღნიშნა, რომ ლანისტერებმა ტირელების განადგურებითა და საწიერიდან მთელი მოსავლის გაზიდვით დრაკონის ქვაზე გამაგრებულ მის არმიას საკვების წყარო შეუწყვიტეს. როცა მან ლანისტერებს დროგონით და დოთრაკების ურდოთი შეუტია, უშუალოდ ლანისტერების ჯარისკაცების გაწყვეტა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო. მთელი ბრძოლის განმავლობაში დენერისს დროგონის ცეცხლი თითქმის არ გადმოუფრქვევია პირდაპირ ჯარისკაცებზე – ის მარცვლეულით სავსე ვაგონებს წვავდა.

ცხადია, დრაკონების დედას სურდა, ლანისტერებისთვის წაერთმია ალყაში ან ზამთარში(ან ორივეში ერთად) ხანგრძლივად გაძლების შესაძლებლობა. მართალია დატვირთული ვაგონების ნაწილმა სატახტო ქალაქს მშვიდობიანად მიაღწია, მაგრამ მაინც, ეს ძალიან ეფექტური სტრატეგიული სვლა იყო.

 

Comments

comments