“სამეფო კარის თამაშების” მე-7 სეზონის ფინალური სერია — ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

მე-7 ეპიზოდით, რომელმაც მაყურებლების რაოდენობით ყველა რეკორდი მოხსნა, დასრულდა სამეფო კარის თამაშების ბოლოსწინა, მე-7 სეზონი, რომელიც ძალიან ხანმოკლე, კრიტიკოსების აზრით არც ისე კარგად დაწერილი, თუმცა ვნებებით დახუნძლული გამოდგა და გულშემატკივართა არმია, როგორც სჩვევია, ურთიერთგამომრიცხავი ემოციებით, თეორიებითა და კითხვებით სავსე დატოვა.

მაყურებლების რეაქცია სეზონის ფინალის დამთავრების შემდეგ:

საბოლოოდ დადგა ვესტეროსული ზამთარი, რომელიც, სეზონის დასაწყისშივე ვიცოდით, რომ მხოლოდ ხანგრძლივი ზამთარი არ იქნებოდა, არამედ გარდაუვალი სასიკვდილო საფრთხის მომტანი, რომლის წინაშეც ადამიანი მაგიური ძალების გარეშე ვერაფერს გახდებოდა.

ყველა კაცი უნდა დასპოილერდეს!

თუ ამ პოსტულატის წინააღმდეგები ხართ, დატოვეთ აქაურობა.

მე-7, ყველაზე ხანგრძლივ (1 სთ 21 წთ) ეპიზოდში წამყვანი როლი ვესტეროსის წარჩინებულთა შეხვედრას, დიპლომატიურ შერკინებას და პოლიტიკურ თამაშებს დაეკისრა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვითარება ძალზე დაძაბული აღმოჩნდა.

შთამბეჭდავი სერია ასევე დაიწყო: დენერის ტარგარიენის არმიის — უნაკლოების უნაკლო მწყობრითა და დოთრაკელი მყვირალების ეფექტური გამოჩენით მეფის საბიჯელის გალავანთან.

დრაკონების დედას საკუთარი ძალების დემონსტრირება სურს და მისი უძლეველი არმია მართლაც დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენს ჯეიმი ლანისტერსა და ბრონზე. ამავე მიზანს ემსახურებოდა დრაკონზე ამხედრებული დენერისის ტრიუმფალური გამოჩენაც სამეფო საბჭოზე (სერსეიმ ამ დროსაც, როგორც ყოველთვის, შესაშური თავშეკავება გამოავლინა).

შეხვედრა დრაკონის სოროში

დრაკონის სორო ის ადგილია, რომელშიც ტარგარიენებმა დრაკონები უსაფრთხოების მიზნით გამოამწყვდიეს და სწორედ ამის გამო დრაკონები ნელ-ნელა დაკნინდნენ და გადაშენდნენ. სწორედ აქ იკრიბება ვესტეროსის ყველა გავლენიანი ადამიანი, რათა ზამთართან ერთად მოსულ საშინელ ძალასთან საბრძოლველად სატახტოთა შუღლი დროებით გადადონ. კედლის მიღმა თავგანწირული მისიით მოპოვებული მკვდარი, რომელიც სნოუს და დენერისს დრაკონის სიკვდილად დაუჯდათ, ღამის მეფის რეალურობის მთავარი ნივთმტკიცებაა.

დრაკონის სოროში იკრიბებიან მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც, რომლებიც წარსულში მტრობდნენ ან პირიქით — გვერდიგვერდ იბრძოდნენ და ახლა სხვადასხვა მხარეს არიან: ბრიენი და ქოფაკი, ქოფაკი და მისი ძმა გრეგორი, ბრონი და ტირიონი, თეონი და ეურონი…

ცოცხალი გვამის მთავარი წარმდგენი ჯონ სნოუა. ქოფაკი ყუთში დამწყვდეულ ნადავლს გასაქცევ ადგილს აძლევს, რათა მისი საზარელი სახე და მისი განადგურების გზები ყველამ დაინახოს. თავზარდამცემი ეფექტის მიუხედავად (მისი ნახვის შემდეგ ეურონ გრეიჯოი უარს აცხადებს ბრძოლაში ჩართვაზე და ამბობს, რომ რკინის კუნძულებზე დაუცდის იმ დღეს, როცა მკვდრები და ვესტეროსელები ერთმანეთს გაანადგურებენ), სერსეი მოწოდების სიმაღლეზეა: იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება დაზავებას და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ჩრდილოეთის მეფე მორჩილებას გამოუცხადებს — ის ნედ სტარკის შვილია და მის სიტყვას ენდობა.

ჯონ სნოუ ნედ სტარკის ჭეშმარიტი შვილივით პასუხობს: პირდაპირობას ავლენს და განაცხადებს, რომ მან უკვე მოუყარა მუხლი დენერის ტარგარიენს, რის შემდეგაც განრისხებული სერსეი შეხვედრას ტოვებს.

(სასარგებლო ტყუილის თქმაც კი არ იცი, ჯონ სნოუ)

ტირიონი გადაწყვეტს, სიტუაცია გამოასწოროს და სერსეისთან დალაპარაკება სცადოს. დისგან მომავალი სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად, იგი დრაკონის სოროში შეკრებილებს ტოვებს და სასახლისკენ მიემართება.

და-ძმის საუბარი

ემოციურად დატვირთული სცენა და სამსახიობო ოსტატობა: ტირიონი დის დარწმუნებას ცდილობს და მის ბრალდებებს უარყოფს. მას ლანისტერების განადგურება არ სურს, დენერისს კი იმიტომ ემსახურება, რომ მისი აზრით, დრაკონების დედა უკეთესი მმართველი იქნება. აქვე იგებს, რომ სერსეი ორსულადაა.

ჯონის და დენის საუბარი

მორიგი ფლირტი და საჭირბოროტო საკითხი — ტარგარიენები გადაშენების საფრთხის წინაშე. ჯონი იგებს, რატომ ფიქრობს დენერისი, რომ შვილი არ ეყოლება (challenge accepted). შოუს შემქმნელები უკვე დიდი ხანია აქტუალურობას მატებენ დენერისის “უშვილობის” საკითხს. მართალი იყო თუ არა კუდიანი, რომელმაც დენერისი დაწყევლა – შემდეგ სეზონში გამოჩნდება.

ამასობაში ტირიონის ტრიუმფის მომსწრენი ვხდებით — იგი უკან აბრუნებს სერსეის, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად თანახმაა, დროებით დაზავდეს და არმია ჩრდილოეთით გაგზავნოს. და ეს ყველაფერი ყოველგვარი პირობის გარეშე! (ყველა გაოგნებულია)

ვინტერფელი — ბეილიში, სანსა და ჩრდილოეთის სამართალი

პეტირ ბეილიშის პერსონაჟმა ამ სეზონში ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რის გამოც მოულოდნელი არ აღმოჩნდა მისი საბოლოო ბედი, რომელიც იმ დებმა აღასრულეს, რომელთა გადაკიდებისთვისაც მან ყველაფერი იღონა. ჩანს, სტარკების მგლურმა თვისებამ — ცივ ზამთარში მხოლოდ ხროვა გადარჩება — ბოლოს და ბოლოს თავისი გაიტანა და სანსაც აღარაა პატარა მეოცნებე გოგონა, რომელსაც ადვილად მოატყუებ. ის ვინტერფელის ღირსეული ლედია.

ჯონისა და განსაკუთრებით არიას წინააღმდეგ მოქმედების ნაცვლად სანსამ სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ პეტირ ბეილიშმა საკუთარი დასაკლავი დანა თავად გამოჩხრიკა.

ბრანმა, სანსამ და არიამ ვინტერფელის დარბაზში დეიდის მკვლელობის, სტარკების ოჯახის ღალატის, ლანისტერებისა და სტარკების დაპირისპირებისთვის გაასამართლეს და მისივე სატევრით აღასრულეს სამართალი.

მიუხედავად ყველაფრისა, ბევრს მოენატრება ნეკა… RIC (Rest In Chaos)

დრაკონის ქვა

დედაქალაქიდან დაბრუნებული დენერისი და მისი თანმხლებები დიპლომატიური შეთანხმების საფუძველზე სამომავლო მოქმედების გეგმებს განიხილავენ. ჯონ სნოუ (თავის) დედოფალს სთავაზობს, დრაკონით გაფრენის ნაცვლად, ჩრდილოეთში გემით გაემგზავროს დანარჩენებთან ერთად და თეთრ ნავსადგურში ერთად შევიდნენ, რათა ჩრდილოელებმა მათი კავშირი სერიოზულად მიიღონ. დენერისი თანახმაა.

თეონ გრეიჯოისა და ჯონის საუბარი — ჯონ სნოუ თეონს ჰპატიობს ყველაფერს, რისი პატიებაც თავად შეუძლია და არწმუნებს, რომ გრეიჯოისთან ერთად იგი სტარკიცაა. ეს სიმამაცეს მატებს თეონს და იარას გასათავისუფლებლად წასვლას გადაწყვეტს (ამაში თავის თანმხლებების დასარწმუნებლად შეტაკების გადატანაც უწევს).

სერსეის ჭეშმარიტი, შორსმიმავალი გეგმები

ჩანს, სერსეის დასარწმუნებლად მისულ ტირიონს ჯეიმისთვის ტყუილად არ უთქვამს, ჩვენ შორის რომელი უფრო იდიოტია, ძნელი სათქმელიაო. სერსეიმ ზავზე თანხმობით ორივე ძმა გაასულელა — ის ზურგსუკან ბრძოლას აპირებს, სანამ ჩრდილოეთის ბრიყვი მეფე და დედოფლის კონკურენტი ტარგარიენი საკუთარ ძალებს მკვდრების არმიასთან ომში ასუსტებენ. მას ტაივინ ლანისტერისეული სიბრძნე ოქროს ყოვლისშემძლეობის თაობაზე არ დავიწყებია — ჰაიგარდენის ნადავლი მას ესოსში ოქროს ხმლოსნებს და დაქირავებული მკვლელების ჯარს უყიდის, რომელთა საშუალებითაც ღამის არმიასთან ბრძოლაში გამარჯვებულებს დაუპირისპირდება (ეტყობა, სერსეის ერთი გაცოცხლებული მკვდარი კი არა, ყინულის დრაკონზე ამხედრებული ღამის მეფის დანახვაც ვერ შეაგნებინებს რეალურ საფრთხეს). ეურონ გრეიჯოის გაქცევა კი სულაც არ ყოფილა გაქცევა და სინამდვილეში რკინის კუნძულების მეფე ესოსში გაემართა ფლოტით, რათა დაქირავებული ჯარები ვესტეროსში გადმოიყვანოს.

ამ ცნობით გაოგნებული ჯეიმი ლანისტერი დისა და საყვარლის მუხანათობას მთელი სიგრძე-სიგანით ხედავს. ის, როგორც ჭეშმარიტი მეომარი, რაინდი, რომელმაც ერთხელ უკვე უღალატა ფიცს (როცა მეფე ეირის ტარგარიენი მოკლა), ახლა სიტყვის გატეხას აღარ აპირებს და სერსეის ტოვებს (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ძმამ შესთავაზა სერსეის, გრეგორი კლეგეინისთვის მათი მოკვლა ებრძანებინა, მაგრამ დედოფალმა საქმით დაამტკიცა, რომ თუ რამე რეალურად ამოძრავებს, ეს ლანისტერების გვარის დაცვის სურვილია).

ასეა თუ ისე, ჯეიმი დედაქალაქს მარტო ტოვებს და ამ დროს მეფის საბიჯელში პირველი თოვლიც მოდის…

სეზონის უმთავრესი მოვლენები და ღამის მეფის ტრიუმფი

სემ ტარლისა და ბრანის უმნიშვნელოვანესი საუბარი. ბრანი სემ ტარლისგან მაისტერის ჩანაწერებზე იგებს და სიმართლის დასადგენად რეიგარ ტარგარიენისა და ლიანა სტარკის კანონიერ ქორწინებას “ესწრება”.

პირველად ვხედავთ ჯონის მამას, რეიგარს, რომელიც ლიანას შეყვარებული თვალებით უყურებს

აღსანიშნავია, რომ ფანები სცენას დაბნეულები უყურებდნენ და ისიც კი იფიქრეს, რომ ვისერისი დაბრუნდა. მსგავსება რეიგარსა და ვისერისს შორის თვალშისაცემია, თუმცა მათ ნამდვილად სხვადასხვა მსახიობი განასახიერებს. HBO ამ შემთხვევაში წიგნს მიჰყვა, რომელშიც ვისერისი ძალიან ჰგავს უფროს ძმას, მაგრამ ჩახლართული სცენარის პარალელურად, ამ ყველაფრის გააზრება საკმაოდ რთული გამოდგა. შევიტყვეთ, რომ რობერტ ბარათეონის ამბოხი ტყუილს ეფუძნებოდა — ლიანა სტარკი არ გაუტაციათ. აქვე კადრში შემოდის სცენა მე-6 სეზონიდან, რომელშიც ლიანას საწოლთან დაჩოქილ ნედს ვხედავთ, და კი მას ახალდაბადებული შვილის სახელს უჩურჩულებს: მას ეიგონ ტარგარიენი ჰქვია.

ჯონისა და დენის მხურვალე და ცოტა უხერხული სცენა

სცენა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით, შედგა: ჯონ სნოუს და დენერისს სექსი ჰქონდათ გემზე, რომელსაც წინა ეპიზოდიდან მათი სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ. უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორები და სცენარისტები თავისებურად გაეხუმრნენ გულშემატკივრებს — როცა ეკრანზე ჩრდილოეთის მეფისა და დრაკონების დედის მხურვალე კოცნას ვუყურებდით, ბრანი პარალელურად რეიგარის და ლიანას ამბავს ჰყვებოდა და ამით ხაზს უსვამდა, როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული. მაყურებელმა წამითაც ვერ დაივიწყა, რომ სნოუ საკუთარ მამიდას ეხვეოდა.

ტირიონი დერეფნიდან ადევნებს თვალს, როგორ შეაბიჯებს დენერისის ოთახში ჯონი და გაუგებარია, რა ფიქრები ტრიალებს მის თავში — ძნელია წარმოდგენა, რას უქადის მათ მძიმე დროში სიყვარული: დაღუპავს თუ გადაარჩენს. სამეფო თამაშებში სიყვარულს საბედისწერო როლი აკისრია — მის გამო იწყება ომები და გამონაკლისი იქნება თუ არა ჯონის (ამიერიდან ეიგონ ტარგარიენის) და დენერისის სიყვარული, სათუოა.

აშკარაა, მომავალი სეზონი დიდი ომის პარალელურად ტარგარიენების წყვილს შორის წარმოუდგენელ ვნებათაღელვასაც გვპირდება.

ვინტერფელის მაგარი გოგოები — სანსა და არია

მართალია ნედ სტარკი პირველ წიგნსა და სეზონში გამოგვეთხოვა, მაგრამ ის ბევრად ცოცხალია, ვიდრე მე-7 სეზონის ვარისი, ბეილიში და (თუ გულახდილები ვიქნებით) ტირიონი. მგლების ხროვა მხოლოდ ერთად ყოფნის შემთხვევაში გადარჩება და ეს, როგორც ჩანს, ნედის გოგოებს სულაც არ დავიწყებიათ.

ბრანს კი ამჯერად ტაქტი ყოფნის და ჯონი+დენის ნაცვლად კედლის მიღმა იყურება:

სუსხიანი დასასრული — ბერიკ დონდარიონისა და ტორმუნდის თვალწინ კედელს მკვდრების არმია მოადგება. ყინულის დრაკონზე ამხედრებული ღამის მეფე აღმოსავლეთის გუშაგის მხრიდან კედელს უტევს. დაფლეთილფრთებიანი ვისერიონი ლურჯ ალს აფრქვევს, რომელსაც ყინული წინ ვეღარ აღუდგება. კედელი ინგრევა და ვესტეროსი, უპირველეს ყოვლისა კი, ჩრდილოეთი, დაუცველად რჩება.

 

ამ სცენით და უამრავი შეკითხვით გვტოვებს მე-7 სეზონი, რომლის მიღმაც ვესტეროსის ბედი კიდევ უფრო გაურკვეველია. რამდენიმე უმთავრესი საკითხი მაყურებლებს სულ მცირე, წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეგვაწუხებს:

1. როგორ მიიღებს ჩრდილოეთი ახალ დედოფალს?

2. როგორ შეხვდებიან ჯონ სნოუ და დენერის ტარგარიენი ჯონის ნამდვილ ვინაობას, რომელიც გარდა მათი ნათესაობისა, ტახტზე ჯონის კანონიერ უფლებასაც აცხადებს?

3. დაფეხმძიმდება თუ არა დენერისი (აქ გასათვალისწინებელია მაეგის სიტყვები “სიკვდილი სიცოცხლის სანაცვლოდ”. დენერისმა “შვილი” შესწირა ჯონს, გარდა ამისა, ჯონი მოკვდა და გაცოცხლდა)?

4. რას გამოხატავდა ტირიონის შეწუხებული სახე, როცა ჯონი დენის ოთახში შესული დაინახა? ნუთუ ტირიონს კიდევ ერთხელ შეუყვარდა ქალი, რომელიც არ უნდა შეყვარებოდა?

5. რა ბედი ეწევა ჯეიმი ლანისტერს?

6. მოახერხებს თუ არა თეონი იარას გათავისუფლებას?

7. რა მოხდება, როცა ვისერიონი, რეიგალი და დროგონი ერთმანეთს შეხვდებიან?

8. გადარჩებიან თუ არა ტორმუნდი და ბერიკ დონდარიონი?

9. მართლა ფეხმძიმედ არის თუ არა სერსეი?

10. პირველად საით გაემართება მკვდრების არმია? (ამაზე პასუხს ნაწილობრივ მკვდრების არმიის განლაგება გვაძლევს, რომელსაც ზემოდან სტარკების გერბის ფორმა აქვს) და რა როლს ითამაშებს ბრან სტარკი ვესტეროსის მომავალში?

სურათი საკმაოდ აბსტრაქტულია, სიუჟეტი კი ნებისმიერი გზით შეიძლება განვითარდეს. სამწუხაროდ, პასუხებს მხოლოდ 2019 წელს გავიგებთ.

Comments

comments