ვინ არის ბრან სტარკი? – მნიშვნელოვანი ფარული მესიჯი “სამეფო კარის თამაშების” ფინალურ სერიაში

“სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელ სერიაში ფანებს არ გამორჩენიათ თეთრი მავალებისა და მკვდრების არმიის საინტერესო განლაგება, რომელმაც თეორიას, თითქოს ბრან სტარკი და ღამის მეფე ერთი და იგივე პერსონაა, დამატებითი არგუმენტი შესძინა. ყვავის თვალით დანახული თეთრი მავალების არმია მგელსაზარას პროფილს ხაზავს:

მგელსაზარა კი, როგორც ვიცით, სტარკების სახლის გერბზეა გამოსახული.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს GOT -ის პროდიუსერების მიერ შემოგდებული სატყუარა იყოს, შოუს ფანები მასში გაცილებით მნიშვნელოვან ფარულ მესიჯს ხედავენ. მანამდეც არსებობდა მოსაზრებები, თითქოს სამთვალა ყორანი — ბრანი — დროში უკან დაბრუნდა, რათა ტყის შვილებისთვის ხელი შეეშალა, თეთრი მავალები აღარ შეექმნათ, შემდეგ კი მათთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია, ღამის მეფე გახდა. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა წინა სეზონის იმ ეპიზოდის ხელახლა ნახვამ, რომელშიც ტყის შვილების მიერ თეთრი მავალების შექმნის ისტორიაა ნაჩვენები:

ბრანი ტყის შვილებს ეკითხება: “ეს თქვენ იყავით? თქვენ შექმენით თეთრი მავალები?”

ტყის შვილი პასუხობს: “ჩვენ ომში ვიყავით. გვხოცავდნენ, ჩვენი წმინდა ხეები დაჭრეს, თავი უნდა დაგვეცვა”.

ბრანი: “ვისგან?”

ტყის შვილი: “თქვენგან”.

სიტყვა “თქვენგან” (ინგ. from you, როგორც ვიცით, you შეიძლება “შენ”-ადაც ითარგმნოს) შეიძლება მთლიანად კაცობრიობას გულისხმობდეს ან სულაც, მხოლოდ ბრანს. მით უმეტეს, რომ ბოლო სერიაში ღამის მეფე და ბრან სტარკი ერთმანეთს საკმაოდ ჰგვანან:

ეს თეორია კიდევ უფრო ართულებს იმის გაგებას, თუ რა ამოძრავებს ღამის მეფეს და საბოლოოდ რა მისია აკისრია მას. ბრანის როლის შემსრულებლის, აიზეკ ჰემპსტედ რაიტის განცხადებით, მიუხედავად მისი მასშტაბური ტრანსფორმაციისა, ბრანი სამეფო კარის თამაშების “ბნელი მხარე” არ გახდება. “ვფიქრობ, მათ ნაკლებად ეთქმით ერთი პერსონა, უფრო — ვესტეროსის ორი უძველესი მაგიური ქმნილება. სამთვალა ყორანი, ღმერთმა უწყის, როდიდან არსებობს, თეთრი მავალები კი პირველ კაცთა დროს შეიქმნა. მასზე ადრინდელ დროში არც არაფერი ხდებოდა. ღამის მეფე ფრანკენშტეინის მონსტრივითაა — სხვა მიზნებით შექმნილი განადგურებას უქადის სამყაროს… ბრანი კი საკუთარ ძალებს სიკეთისთვის გამოიყენებს. ჯერჯერობით მეც მაინტერესებს, რატომ ესწრაფვის ასეთი მონდომებით ღამის მეფე კაცობრიობის განადგურებას. შემდეგ სეზონში ამის გარკვევას ველი”.

ამრიგად, იმედი ვიქონიოთ, საბოლოო სეზონში გამოჩნდება, რა მიზნით უპირისპირდებიან ამოუცნობი მასშტაბური ძალები ერთმანეთს თუ კაცობრიობას და რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ისიც ფაქტია, რომ სატახტოთა ბრძოლა ამ, ჯერჯერობით უცნობი დანიშნულების მქონე ომთან შედარებით მართლაც ბავშვური თამაშია (ეს, სხვათა შორის, არაფრის მცოდნე ჯონ სნოუმ აღნიშნა და მართებულადაც).

 

 

Comments

comments