წინასწარმეტყველება აზორ აჰაიზე და მისი მნიშვნელობა “სამეფო კარის თამაშების” ფინალურ სეზონში

დასრულდა სამეფო თამაშების მე-7 სეზონი და მაყურებლები დიდ გაუკვევლობაში დატოვა. გაურკვევლობაა ყინულისა და ცეცხლის სიმღერაშიც — ჯორჯ მარტინის ჯერჯერობით დაუმთავრებელ საგაშიც ვერავინ მიხვდება, რა დასასრულისკენ მიდის შვიდი სამეფოს ისტორია. სამყარო, რომელშიც ხანგრძლივი ზაფხულისგან გათამამებული ვესტეროსელი გავლენიანები რკინის ტახტისთვის ბრძოლაში ჩაბმულან, ბნელ სასჯელს ამზადებს. ბნელი ძალა, რომლის სახელიც ყინვა, სიბნელე და სიკვდილია, რომელმაც უკვე შეიწირა ვესტეროსის დამცველი კედელი, ყველაფერს განადგურებას უქადის, მასთან შებრძოლება კი მაგიური ძალების გარეშე შეუძლებელია.

ამ მძიმე დროებისას კიდევ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება, ვინ იჯდება ვესტეროსის ტახტზე. ფაქტია, ის ვერ იქნება ჩვეულებრივი მოკვდავი. საჭიროა ზეძალებით აღჭურვილი მმართველი, რომელიც სიკვდილს წინ აღუდგება.

ლეგენდების მიხედვით, ასეთი რამ ვესტეროსში უკვე მომხდარა. ჯორჯ მარტინის წიგნებზე, ასევე სერიალზე დაყრდნობით, სამეფო თამაშების დროებამდე დიდი ხნით ადრე ცნობილ მიწებზე (ვესტეროსზე, ესოსზე და დანარჩენებზე) დადგა პერიოდი, რომელსაც გრძელი ღამე ეწოდა. ტყის შვილების მიერ თავდაპირველად ადამიანების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი თეთრი მავალები მათი კონტროლიდან გამოვიდნენ. ღამის მეფემ მკვდრების არმია შექმნა და ტყის შვილებსა და ადამიანებს ერთნაირად შეუტია. ამ უკანასკნელებმა ძალების გაერთიანება შეძლეს, ღამის მეფის არმია ჩრდილოეთით გარეკეს და ყინულის კედელი აღმართეს, რომლის მაგიასაც თეთრი მავალები ვერ არღვევდნენ.

სამეფო კარის თამაშების მე-8 სეზონში ამ ისტორიის განმეორება გველოდება: ღამის მეფემ უკანასკნელი წინაღობა დაძლია, კედელი გადმოლახა და დიდი ბრძოლა გარდაუვალი იქნება.

ვინ (რა) არის აზორ აჰაი?

წინასწარმეტყველებების მიხედვით, აზორ აჰაი ცეცხლის მეუფის — რ’ლჰორის მიმდევარი ლეგენდარული მეომარია, რომელმაც პირველი გრძელი ღამე დაასრულა და სინათლის მეუფის მიმდევრებს სწამთ, რომ იგი ხელმეორედ დაბრუნდება, როცა სამყაროს ისევ წყვდიადი დაეპატრონება. მესიანისტურია “აღთქმული პრინციც”, რომლისაც ესოსელებს სწამთ და იგივე ფუნქცია აკისრია. აღთქმულ, სინათლის მომტან ლეგენდარულ გმირებს საკუთარი აღწერილობა აქვთ, რომლებიც ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სხვადასხვა პერსონაჟებს შეიძლება მივუსადაგოთ.

წინასწარმეტყველებები

აზორ აჰაი

• წინასწარმეტყველების მიხედვით, აზორ აჰაი მაშინ გამოჩნდება, როდესაც “წითელი ვარსკვლავი სისხლად დაიღვრება და წყვდიადი შეერთდება”. პირველი მოვლენა ასოცირდება წითელი კომეტის გამოჩენასთან (ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მეორე წიგნი “მეფეთა ჯახი”), თუმცა სხვა ინტერპრეტაციებიც არსებობს. მეორე მოვლენა კი გრძელი ღამის დადგომის აღმნიშვნელია.
• აზორ აჰაი დაიბადება (ან ხელმეორედ მოევლინება ქვეყნიერებას) კვამლსა და მარილში.
• იგი “გამოაღვიძებს დრაკონებს ქვიდან”
• ხელმეორედ დაბადებული აზორ აჰაი ხელახლა გამოაწრთობს უზარმაზარ ცეცხლოვან ხმალს სახელად “სინათლის მომტანს” (Lightbringer), რომელიც პირველმა აზორ აჰაიმ თავისი საყვარელი ცოლის, ნისა ნისას გულში გატარებით გამოაწრთო. სავარაუდოდ, ახალი ხმლის დასამზადებლადაც მსგავსი მსხვერპლშეწირვა იქნება საჭირო.

აღთქმული პრინცი

• ტყეების ჯადოქართა თანახმად, აღთქმული პრინცი შეშლილი მეფის, ეირის II-ისა და მისი და/ცოლის — რაელა ტარგარიენის მემკვიდრე იქნება.
• გრძნეულთა სახლში სტუმრობისას დენერის ტარგარიენს ასეთი ხილვა ჰქონდა — მისი უფროსი ძმა რეიგარ ტარგარიენი ქალს, რომელიც ჩვილს აწოვებს, ეუბნება: “იგია აღთქმული პრინცი და მისია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა”.
• რადგან ძველ ვალირიულში სიტყვა “პრინცი” ნეიტრალური სქესისაა, ერთნაირი წარმატებით შეიძლება მიუდგეს ქალს ან კაცს.

მთავარი კანდიდატები

დენერის ტარგარიენი

• მისი გამოჩენისას ვარსკვლავი გაწითლდა? კი — წიგნშიც და შოუშიც, დრაკონების დაბადებიდან მალევე ცაზე წითელკუდიანი კომეტა ჩნდება.

• დაიბადა კვალმსა და მარილში? დენერისი დრაკონის ქვაზე დაიბადა, როცა ზღვაზე საშინელი გრიგალი მძვინვარებდა. ეს შეიძლება მარილში დაბადებად ჩაითვალოს. ხელმეორედ კი დრაკონების დედად იშვა, როცა ხალ დროგოს გვამს შეჰყვა კოცონში — ეს კვამლში დაბადებაა.

• გამოაღვიძა დრაკონები ქვიდან? დიახ. საჩუქრად მიღებული გაქავავებული კვერცხებიდან მომავალი სითბო მხოლოდ მან იგრძნო და სწორედ ამან უბიძგა ცეცხლში შეეტანა ისინი.

• მძლავრი იარაღის მისაღებად საყვარელი ადამიანი შესწირა? მან ცოცხალ-მკვდარი დროგო დაახრჩო, შემდეგ კი დასაკრძალ კოცონში შეჰყვა. დრაკონები მისი მაგიური იარაღია.

• არის ეირის II-ის შთამომავალი? რასაკვირველია — მისი ღვიძლი ქალიშვილია.

• დაკავშირებულია ყინულთან და ცეცხლთან? რასაკვირველია — ცეცხლი თავად მისი სტიქიაა, ყინულად კი მისი ახალი სიყვარული (და ახლო ნათესავი) ჯონ სნოუ შეიძლება მივიჩნიოთ, და ამას გარდა  — ღამის მეფის მიერ ყინულის დრაკონად ქცეული ვისერიონიც.

ჯონ სნოუ

• მისი გამოჩენისას ვარსკვლავი გაწითლდა? ჯონის დაბადებისას ნედ სტარკი სერ არტურს კლავს, რომლის ხმალიც, გადმოცემით, ჩამოვარდნილი მეტეორისგანაა გამოჭედილი. ის მისი სისხლით შეიღება.

• დაიბადა კვალმსა და მარილში? წიგნებში, როცა ჯონ სნოუს აჩეხენ, მის ჭრილობებს ორთქლი ასდის. გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი მკვლელი ტირის.

• გამოაღვიძა დრაკონები ქვიდან? ჯერჯერობით არა, თუმცა მის ტარგარიენულ წარმოშობას გავითვალისწინებთ, შესაძლოა თავად ჯონში გაიღვიძოს დრაკონმა.

• მძლავრი იარაღის მისაღებად საყვარელი ადამიანი შესწირა? მას თვალწინ მოუკლეს იგრიტი, თუმცა თავისი ხელით არ მოუკლავს (ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა თეორია, რომლის მიხედვითაც სნოუ დენერისს მოკლავს და ეს მის ხმალს სინათლის მომტანად აქცევს).

• არის ეირის II-ის შთამომავალი? ჯონ სნოუ მისი ვაჟის, რეიგარის შვილია.

• დაკავშირებულია ყინულთან და ცეცხლთან? მშობლების მხრივ — რეიგარ ტარგარიენი (ცეცხლი) და ლიანა სტარკი (ყინული)

შესაძლო პრეტენდენტები

ტირიონ ლანისტერი

• მისი გამოჩენისას ვარსკვლავი გაწითლდა? წითელი კომეტა ტირიონის მეფის მარჯვენად დანიშვნისას გამოჩნდა. გარდა ამისა, წითელი მზეა ობერინ მარტელის გერბი, რომელიც ტირიონის ფალავანი იყო ორთაბრძოლით გასამართლებისას.

• დაიბადა კვალმსა და მარილში? შავიწყლის ყურეში გადახდილი ბრძოლისას, როცა ტირიონი კინაღამ მოკვდა, მარილი და კვამლი ბლომად იყო.

• გამოაღვიძა დრაკონები ქვიდან? წიგნში სწორედ ტირიონი აღმოაჩენს, რომ უცნობი, სახელად “ახალგაზრდა უცხოელი” უნდა იყოს ეიგონ ტარგარიენი — რეიგარ ტარგარიენის ვაჟი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ჰგონია.

• მძლავრი იარაღის მისაღებად საყვარელი ადამიანი შესწირა? მან მოკლა შაი, თუმცა ეს მსხვერპლშეწირვა ნაკლებადაა, უფრო — გრძნობების გამო ჩადენილი დანაშაული.

• არის ეირის II-ის შთამომავალი? ბევრი ფანი ამ მოსაზრებას არ ემხრობა, მაგრამ ასევე ბევრს სჯერა, რომ ტირიონი შეშლილი მეფის უცნობი შვილია.

• დაკავშირებულია ყინულთან და ცეცხლთან? ერთი შეხედვით არა, თუმცა ჯონისა (ყინული) და დენერისის (ცეცხლი) დამაკავშირებელი ხიდი ნამდვილად არის.

სანდორ კლიგეინი (ქოფაკი)

წიგნებში დამწვარ სანდორს შვიდთა ტაძრის სეპტონმა უმკურნალა და სიკვდილს გადაარჩინა. სეპტონის სიმბოლო შვიდქიმიანი ვარსკვლავია, თუმცა წითელი არა. წიგნებში იგი არ ამჟღავნებს თავის ვინაობას, როცა საფლავის მთხრელად მუშაობს ქალაქ Saltpans (“მარილის აბაზანების”)-ის მახლობლად მდებარე მონასტერში, რომელსაც სასტიკად გააცამტვერებს კაცი, მისივე მუზარადი რომ ახურავს. კლიგეინი ამჟამად ბერიკ დონდარიონთან ერთად მოგზაურობს, რომელსაც ცეცხლოვანი ხმალი აქვს. ქოფაკს მისი ხელში ჩაგდება შეუძლია.

სტანის ბარათეონი

წითელმა ჯადოქარმა მელისანდრემ სტანისი შეცდომით მიიჩნია აღთქმულ პრინცად. წიგნში იგი ცოცხალია, მაგრამ არ გამოუღვიძებია დრაკონები და არც ცეცხლიდან დაბადებულა.

ჯეიმი ლანისტერი

ფანები მხარს უჭერენ ჯეიმი ლანისტერის კანდიდატურასაც, რადგან მას ოქროს ხელი აქვს (სინათლის მომტანი შეიძლება ოქროსას ნიშნავდეს) და ვარაუდობენ, რომ ეირისის მკვლელობით დრაკონის სისხლი მიიღო. გარდა ამისა, შესაძლოა მან საყვარელი ქალი (სერსეი) მოკლას და ამით თავისი იარაღი უძლეველად აქციოს.

ბევრი მხარდამჭერი ჰყავს თეორიას, რომლის მიხედვითაც აღთქმული პრინცი ჯონ სნოუსა და დენერის ტარგარიენის შვილი იქნება (დენერისის ხილვაში რეიგარმა ისიც თქვა, რომ “დრაკონს სამი თავი აქვს” — დენერისის სამი დრაკონიდან ერთი დაიღუპა, მისმა სიკვდილმა კი ახალი სიცოცხლე უნდა წარმოშვას. ჯონისა და დენერისის ხაზით მას პრინცისა და აზორ აჰაის მახასიათებლები გადაეცემა). ამრიგად, ამ ეპიკური ფენტეზის მთავარი პრობლემა — ვისია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა, ვის მიანიჭებს ცეცხლის მეუფე ყინულზე გამარჯვების ძალას, — ჯერჯერობით გადაუჭრელია და მე-8 სეზონი გვიჩვენებს, როგორ აღსრულდება წინასწარმეტყველებები.

Comments

comments