HBO “სამეფო კარის თამაშების” საგამოფენო ტურნეს აანონსებს

თუ თქვენ ვერ წახვალთ ვესტეროსში, შეიძლება ვესტეროსი მოვიდეს თქვენთან.

HBO-მ და გლობალური ღონისძიებების პროვაიდერმა GES-მა ხუთშაბათს ერთობლივად გამოაცხადეს სამეფო კარის თამაშების პირველი საგამოფენო ტურნე. მსოფლიო ტურნე ამა წლის შემოდგომაზე ევროპაში დაიწყება. გამოფენის განრიგი და მასპინძელი ქალაქების ჩამონათვალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ცნობილი სერიალით შთაგონებული გამოფენა ნამდვილად დააინტერესებს შვიდი სამეფოს მრავალრიცხოვან ფანებს, რადგან აქ იხილავენ ავთენტურ ჩანაწერებს, ნივთებს, კოსტიუმებს და დეკორაციებს გადასაღები მოედნიდან. მრავალფეროვანი ექსპონატები დაახლ. 10000 კვადრატული ფუტის საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს. გამოფენის ნაწილს წარმოადგენს ასევე ვიზუალური ტური ვესტეროსისა და ესოსის მითიურ მიწებზე. სამეფო კარის თამაშების გამოფენა დამთვალიერებელს ჩრდილოეთის ყინულოვანი ლანდშაფტებით, ხეებჩარიგებული სამეფო გზისა და მეფის საბიჯელის (King’s Landing) სამეფო დიდებულებითაც მოხიბლავს, ცენტრალური ექსპონატი კი, რასაკვირველია, რკინის ტახტი იქნება.

“სამეფო კარის თამაშები უკვე ჭეშმარიტად მსოფლიო მოვლენაა. ფანები დედამიწის ნებისმიერ კუთხეში უდიდესი ინტერესით ადევნებენ თვალს შოუს, – თქვა ჯეფ პიტერსმა, HBO-ს საერთაშორისო ბაზრის დირექტორმა, – GES-თან თანამშრომლობით ნამდვილად დიდებულ სანახაობას შევთავაზებთ მათ. სამეფო კარის თამაშების თაყვანისმცემელები აღფრთოვანებულები დარჩებიან სერიალის სამუშაო და შემოქმედებითი გარემოს ახლოდან ხილვით”.

ამრიგად, ყინულისა და ცეცხლის სამყარო გულშემატკივრებს ახალი სეზონის გარდა ამ შესანიშნავ გამოფენასაც ჰპირდება.

ფოტო გამოფენიდან:

Comments

comments