კვენტინ ტარანტინო ჩარლზ მენსონის სექტის შესახებ ფილმს გადაიღებს

კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმზე ჯერჯერობით არაოფიციალურად საუბრობენ, თავად ტარანტინოს კი ამ თემაზე ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. ცნობილია, რომ რეჟისორმა სცენარი უკვე დაწერა.

ზუსტად რა შინაარსის იქნება ფილმი, ჯერ არ გახმაურებულა, თუმცა ტარანტინოს გამოცდილების გათვალისწინებით, ძნელია მისგან ისტორიულად დადასტურებული ფაქტების ზუსტად გადმოტანას ველოდეთ. სავარაუდოა, რომ რეჟისორის ახალი სიუჟეტი სისხლიანი მკვლელობების ფონზე განვითარდება.

ტრაგედია 1969 წლის 8 აგვისტოს დატრიალდა – წარუმატებელმა მუსიკოსმა და კომუნა “ოჯახის” ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჟელესის მიდამოებში მდებარე ერთი სახლისთვის შეეტიათ. მენსონის “ოჯახმა” სასტიკად ამოხოცა სახლის მცხოვრებლები, მათ შორის მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ცხრა თვის ორსული ცოლი. მენსონის “ოჯახის” წევრების სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა და შვიდ დამნაშავეს გაზის კამერაში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა 1972 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობის განაჩენით შეეცვალათ.

სანდო წყაროების მონაცემებით, კვენტინ ტარანტინო ამ პროექტში ვარსკვლავური ანსამბლის მიწვევას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ცნობილი არაა, რომელი მსახიობები ითამაშებენ, არსებობს ინფორმაცია, რომ შერონ ტეიტის როლზე რეჟისორს მარგო რობის მოწვევა სურს. ბრედ პიტმა შეიძლება მკვლელობის გამომძიებელი დეტექტივის როლი შეასრულოს. მათ გარდა ტარანტინოს სემუელ ელ ჯექსონისა და ჯენიფერ ლოურენსის მიწვევაც სურს.

ახალი ფილმის პროდიუსერები ჰარვი და ბობ ვაინშტეინები იქნებიან.

ტარანტინოს ბოლო ფილმი – საძულველი რვა – 2015 წლის ბოლოს გამოვიდა და მსოფლიო მასშტაბით 155 მლნ $-ზე მეტი მოგება მოიტანა.

 

Comments

comments