ქართველი რეჟისორით, მარიამ ხაჭვანით კინოგამოცემა Variety დაინტერესდა

“დედე” ქართველი კინორეჟისორის მარიამ ხაჭვანის ახალი ფილმია, რომელიც სვანეთის მკაცრი ცხოვრების წესზე გვიამბობს.

მხატვრული ფილმი მარიამისთვის პირველია. ახალგაზრდა რეჟისორს კარგად იცნობენ მოკლემეტრაჟიანი ფილმით “დინოლა”. როგორც რეჟისორი ამბობს, სწორედ მისი გაგრძელება იქნება სადებიუტო მხატვრული ნამუშევარი.

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კინოგამოცემა Variety ახალგაზრდა რეჟისორით დაინტერესდა. მარიამმა ახალ ფილმზე, სვანური ხალხის ძველ ტრადიციებსა და გადაშენების პირას მყოფი ენების შესახებ ისაუბრა, ასევე სვანეთზე – როგორც მკაცრი კლიმატის და ბუნებრივი სილამაზით განთქმულ მხარეზე.

ვინ არის “დედე” ? დედე ახალგაზრდა ქალია, რომელიც საუკუნოვანი ტრადიციის დავიწყებას მხოლოდ მაშინ ებრძვის, როდესაც “არასწორი” მამაკაცი უყვარდება.

მარიამი უშგულში დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ იქ გაატარა. ფილმის იდეაც ბავშვობაში მოყოლილ ისტორიებში გაჩნდა.

“კარგად მახსოვს როგორ მიყვებოდა ბებიაჩები დედამისის გათხოვების ისტორიას, როგორ გაეკიდა დედას გაყინულ თოვლში შიშველი ფეხებით. მაშინ ბებიასთან ერთად  ძალიან ბევრი ვიტირე, შემდეგ რომ გავიზარდე, სვანური ტრადიციებით დავინტერესდი. ვაპროტესტებდი იმ ტრადიციებს, რომლებიც ადამიანებს თავისუფალ არჩევანს უკრძალავდა და ამის მსხვერპლი მხოლოდ ქალები არ ყოფილან, არც მამაკაცებს ჰქონდათ არჩევნის თავისუფლება,  ამიტომ გადავწყვიტე გადამეღო ფილმი მხოლოდ თავისუფლებაზე და არაფერ დანარჩენზე”

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფილმში ერთადერთი პროფესიონალი მსახიობი – გიორგი ბაბლუანი თამაშობს, დანარჩენები ადგილობრივები არიან. რეპეტიციებს არ გადიოდნენ, მარიამი პირდაპირ დავალებას აძლევდა და ისინიც ყოველგვარი სირთულეების გარეშე ასრულებდნენ. რეჟისორის აზრით, სწორედ ადგილობრივები არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალ მსახიობებზე კარგად გადმოსცემენ მათ ყოფას.

ფილმში უმეტესად სვანურად საუბრობენ, ამასაც თავისი დატვირთვა აქვს. სვანეთში დიდი ხანია ახალგაზრდები სვანურს აღარ სწავლობენ და ნელ-ნელა ენაც დავიწყებას ეძლევა. ამ ფილმით კი მარიამს უბრალოდ იმის შეხსენება უნდა, რომ თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით 50 წელიწადში სვანური ენა საერთოდ აღარც იარსებებს.

“უშგულში დავიბადე და გავიზარდე და რა თქმა უნდა უფრო ადვილია იმის დანახვა,  რაც ხდება მათ ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა,რომ მაყურებელს სწორად გავაცნო ჩემი გზავნილი, რომ დროის გასვლასთან ერთად დღემდე არსებობს უსიყვარულო ოჯახები, რომ აქ დღემდე იბრძვიან, რომ მკაცრი ტრადიციებით დღემდე ცხოვრობენ და რაც მთავარია, კარგად დაინახონ სვანეთის უპირატესობა, სად ცხოვრობს ეს ხალხი და სად უწევთ ყოველ დღე თვალის გახელა, მე მაყურებელს ჩემს უშგულს, ჩემს სამოთხეს ვანახებ”

ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ

 

 

Comments

comments