Netflix მედდა რეჩედის შესახებ სერიალს გადაიღებს

ცნობილი გახდა, რომ Netflix-მა რაიან მერფის ახალი სერიალის სცენარი დაუკვეთა — ერთგვარი პრიქველი ფილმისა “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, რომლის მთავარი გმირი მედდა რეჩედი იქნება. მედდის როლს მერფის ფავორიტი სარა პაულსონი შეასრულებს.

კომპანია ახალი სერიალის ორ სეზონად (18 სერია) გადაღებას აპირებს. მისი მოქმედება 1947 წელს დაიწყება და გვიჩვენებს, თუ როგორ ტრანსფორმირდა რეჩედი წამყვანი მედდიდან შიშისმომგვრელ ავტორიტეტულ ფიგურამდე — როგორიცაა იგი რომანსა და ფილმში.

რაიან მერფი პროექტის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება. აღმასრულებლად მიწვეულია მაიკლ დუგლასიც, რომელიც ფილმის პროდიუსერიც გახლდათ.

ეს პაულსონისა და მერფის თანამშრომლობის კიდევ ერთი შემთხვევაა. მსახიობი მონაწილეობდა მერფის ცნობილი პროექტის, ამერიკული საშინელებათა ისტორიის ყველა სეზონში და ამერიკულ კრიმინალურ ისტორიაში. ამ უკანასკნელმა მერფის და პაულსონს ხუთი Emmy მოუტანა.

კენ კიზის გახმაურებული რომანი “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” 1962 წელს გამოქვეყნდა, ხოლო 1975 წელს მილოშ ფორმანის მიერ გადაღებულმა ამავე სახელწოდების კინოადაპტაციამ ჯეკ ნიკოლსონით მთავარ როლში, მსოფლიო აღიარება და ხუთი ოსკარი დაიმსახურა (მათ შორის, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, მედდა რეჩედის როლის შემსრულებელმა ლუის ფლეტჩერმა).

 

Comments

comments