“სამეფო კარის თამაშების” მეორე სერია – ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

სანამ სამეფო კარის თამაშების მეშვიდე სეზონი დაიწყებოდა, მისმა ავტორებმა გაგვაფრთხილეს, რომ წინ საოცარი სანახაობა გველოდა. ჯერჯერობით საწუწუნო ნამდვილად არაფერი გვაქვს. შთამბეჭდავი პირველი სერიის შემდეგ, სერიალში ტემპი არ დავარდნილა და მაყურებელმა ჩახლართული, საოცარი დიალოგებით დატვირთული და დრამატული მეორე სერია იხილა.

მოდით, შევაჯამოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მეორე ეპიზოდიდან:

სერია იწყება დრაკონის ქვაზე, სადაც ერთ ოთახში არიან შეკრებილები ტირიონი, დენერისი, ვარისი, რუხი მატლი და მისანდეი. დენერისი აღნიშნავს, რომ ლანისტერებს მაინცდამაინც ბევრი ლომი აღარ დარჩათ. რა თქმა უნდა, დრაკონების დედას შეუძლია იერიშით აიღოს მეფის საბიჯელი, მაგრამ ღირს კი ასეთი გამარჯვება უამრავი ადამიანის სიცოცხლედ?

დენერისი და ვარისი კამათობენ. დედოფალი ვარისს მეფეების ღალატში დაადანაშაულებს, თუმცა ვარისი მოახერხებს, ეს უთანხმოება თავისთვის სასიკეთოდ მოატრიალოს. “მე ხალხს ვემსახურები და არა მეფეებს” – ამბობს ის. დენერისი პირობას დაადებინებს, რომ თუ თვითონ ოდესმე ჭეშმარიტი მმართველის გზას გადაუხვევს, ვარისი მას ზურგსუკან არ გასცემს და პირდაპირ მიუთითებს შეცდომებზე. სხვა შემთხვევაში, ტარგარიანების შთამომავალს სისასტიკის გამოჩენა მოუწევს.

დიდი ხანია, მაყურებელი ჯონ სნოუსა და დენერის ტარგარიენის შეხვედრას ელოდება, ამ იდეას კი პირველად მელისანდრა აჟღერებს. მისი თქმით, ჩრდილოეთის მეფესთან შეერთება დენერისს ტახტის მოპოვებაში დაეხმარება. ტირიონი ადასტურებს, რომ ჯონ სნოუ სანდო ადამიანია. დენერისი სნოუს წერილს უგზავნის, თავისთან იწვევს და სთავაზობს, ნამდვილი მეფის წინაშე მუხლი მოიდრიკოს (აუფ!)

სერსეი დენერისის წინააღმდეგ არგუმენტებს აგროვებს და სხვადასხვა სახლის მედროშეებს აცნობს. არგუმენტები კი ასეთია:

  • დრაკონების დედა მამამისივით სასტიკია
  • დოთრაკები ცივილიზებულ მოსახლეობას გაანადგურებენ.

ჯეიმი ლანისტერი ცდილობს, სემუელ ტარლის მამა (ტარლების სახლის მედროშე) დაარწმუნოს იმაში, რომ ამ ბრძოლაში ტაირელების კი არა, ლანისტერების მხარე უნდა დაიჭიროს (ტარლების სახლი ტაირელების ერთგული იყო). ჯეიმი მას ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამხრეთს ჩააბარებს.

ჯორაჰ მორმონტი ციტადელშია და მისი დაავადება უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მას ლამის პირდაპირ ურჩევენ, თავი მოიკლას, სანამ გონება საბოლოოდ აერევა. სემი შეიტყობს, რომ დაავადებული გვარად მორმონტია (მის მამასთან ხომ სემს კედლიდან დიდი ისტორია აკავშირებს) და გადაწყვეტს, ჯორაჰის გადასარჩენად ყველაფერი იღონოს, თუნდაც ამისთვის წესების დარღვევა მოუწიოს.

სერსეი დრაკონების თავის ქალებს ათვალიერებს. მას წარუდგენენ ახალ იარაღს, რომელსაც დრაკონის დაჭრა შეუძლია.

შემდეგ სცენაში გრეიჯოები (იარა და თეონი), დორნელები (ელარია სენდი და მისი ქვიშის გველები) და ოლენა ტაირელი დენერისთან და ტირიონთან ერთად განიხილავენ საბრძოლო ტაქტიკას. ტირიონი წარმოადგენს გეგმას, რომლითაც ტახტის აღებას მინიმალური რაოდენობის ადამიანები შეეწირებიან. სხვები კი ქალაქის ცეცხლითა და მახვილით დაპყრობას ემხრობიან. ტირიონის აზრით, ხალხის სიყვარული მომავალ მონარქს ძალიან დასჭირდება, ოლენა კი გაიხსენებს, რომ მისი შვილიშვილი ჩვეულებრივი მოქალაქეების სიმპათიებმა უბედურებისგან ვერ დაიფარა. დენერისს უნდა, რომ ოლენას პირისპირ გაესაუბროს და მისი რჩევა მოისმინოს. ამ ბრძენი ქალის რჩევა კი ასეთია:

შემდეგ სცენას რთულია, გულის აჩქარების გარეშე უყუროთ. რუხი მატლი (Grey worm) და მისანდეი ერთმანეთს ვნებიანად ეხვევიან და კოცნიან. მიუხედავად იმისა, რომ რუხ მატლს ობიექტური გარემოებები უშლის ხელს, წყვილი მაინც პოულობს გზას ერთმანეთით დასატკბობად.

საწოლიდან პირდაპირ ბიბლიოთეკაში ვინაცვლებთ. სემუელ ტარლი აპირებს, წიგნში ამოკითხული ექსპერიმენტული მეთოდი ჯორაჰ მორმონტის დაავადებულ სხეულზე გამოსცადოს. ეს კი ნახევარი ტანის ათლას ნიშნავს (თვალებს ვხუჭავთ და ველოდებით, როდის დასრულდება სცენა).

არია ისევ მიიწევს ვესტეროსის სატახტო ქალაქისკენ სერსეის მოსაკლავად, გზაში კი ძველ მეგობარს წააწყდება, რომელიც მის მიმართ ნამდვილად არაა გულგრილი. მეგობარი მას მოუყვება, როგორ აფეთქდა სეპტა და იმასაც ეტყვის, რომ ბოლტონები დაიხოცნენ, ვინტერფელს კი ჯონ სნოუ მართავს. ეს სიახლე არიას გეგმებს თავდაყირა აყენებს და მარშრუტსაც უცვლის.

ჯონ სნოუს ფოსტა არასდროს ისვენებს. ჯერ იყო და ტირიონმა მისწერა წერილი დრაკონების დედის სახელით, ახლა კი ძველი მეგობარი სემუელ ტარლი შეეხმიანა. აქ ვიგებთ საინტერესო სიახლეს – დრაკონის ქვა დრაკონის მინაზე დგას! (ეს კი ის ძვირფასი მინერალია, რომელსაც თეთრი მავალების განადგურება შეუძლია). მიუხედავად გარშემომყოფების შიშებისა, რომ ჯონ სნოუს შეიძლება ტარგარიენი მახეს უგებდეს, სნოუ მაინც გადაწყვეტს, დენერისს შეხვდეს, მანამდე კი ჩრდილოეთს სანსა მიხედავს.

ჯონ სნოუ და ნეკა ნედ სტარკის ქანდაკებასთან წაკამათდებიან. სნოუს აზრით, ბეილიშს აღარაფერი ესაქმება ჩრდილოეთში, რაზეც ნეკა პასუხობს, რომ სანსა უყვარს, ისევე როგორც თავის დროზე დედამისი უყვარდა. ბეილიშს წესით არ უნდა ესწავლებოდეს, რომ ხანდახან ენისთვის კბილის დაჭერაც არაა ურიგო.

არია მარტოა ტყეში (ედ შირანს ამ სცენაში აღარ ვიხილავთ). უეცრად, მისი ცხენი ფრთხება და ცოტა ხანში პატარა სტარკს ველური მგლები შემოეხვევიან. ერთ-ერთი მათგანი ნიმერიაა – არიას ბავშვობის მეგობარი. არია ცდილობს, თავი შეახსენოს მგელსაზარას (Direwolf) და სთავაზობს, ერთად გაემართონ ვინტერფელისკენ. მგელი უბრალოდ ხეებში უჩინარდება. ეს შენ არ ხარ – ამბობს არია.

იარა გრეიჯოი და ელარია სენდი ფლირტაობენ, ხოლო თეონი ცდილობს, ამ უხერხულ სცენას თვალი აარიდოს. ელარია ეკითხება იარას, რა როლი ექნება მის ცხოვრებაში თეონს და იარა პასუხობს, რომ თეონი მას დაიცავს.

უეცრად შეტევა იწყება. ძია ეურონი გემებით გადმოდის შეტევაზე და წამით ყველაფერი “კარიბის ზღვის მეკობრეებიდან” ნაწყვეტს ემსგავსება.

ბრძოლა. ბრძოლა. ცეცხლი. ბრძოლა. ეურონი ქვიშის გველებს სათითაოდ ხოცავს, მერე კი იარას მძევლად აიყვანს. თეონი ამ ყველაფერს უყურებს, მაგრამ დას ვერაფრით ეხმარება და ნელ-ნელად რიკად (დამამცირებელი სახელი, რომელსაც ავად სახსენებელმა რამსეიმ შეაჩვია) იქცევა. საბოლოოდ გრეიჯოი მხდალივით გარბის ბრძოლის ველიდან. მისი ბედი გაურკვეველია.

ერთი რამ ცხადია: როცა ამ შეტაკების შესახებ ამბები დრაკონის ქვამდე მიაღწევს, ტირიონს საბრძოლო რუკის გადაწყობა მოუწევს.

 

Comments

comments