“სამეფო კარის თამაშების” მეოთხე სერია – ყველა მნიშვნელოვანი მომენტი

სპოილერები! სპოილერები და კიდევ ერთხელ სპოილერები!

მეოთხე სერია, რომელიც HBO-ზე ჰაკერების თავდასხმის გამო დაგეგმილ თარიღზე რამდენიმე დღით ადრე დაიდო ინტერნეტში, სუნთქვისშემკვრელი, საინტერესო და ამაღელვებელი აღმოჩნდა. პირველად ვნახეთ დრაკონი ასეთ მასშტაბურ საბრძოლო მოქმედებაში, გავიგეთ, რომ ბრან სტარკი “ის ბრან სტარკი” აღარაა და გავიხსენეთ შედარებით მივიწყებული პერსონაჟი, ბრონი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სცენარისტებმა და რეჟისორმა მაყურებლების გრძნობებით ოსტატურად ითამაშეს და დაგვიმტკიცეს, რომ თუ რაიმე გამოსდით კარგად, ეს ჩვენით მანიპულირებაა. შეიძლება სწორედ ეს ეპიზოდი იყო სერიალის ისტორიაში საუკეთესო? პრინციპში, რატომაც არა!

მაშ ასე, ყველაფერი მეოთხე სერიის შესახებ:

ჯეიმი ლანისტერი ჰაიგარდენს განძით დატვირთული ვაგონებით ტოვებს

ახალი ეპიზოდი ზუსტად იქიდან იწყება, სადაც წინა დასრულდა: ოლენას სიტყვებით შეფიქრიანებული ჯეიმი ჰაიგარდენიდან სახლისკენ მიემართება. ჯეიმი ბრონს (გახსოვთ მჭევრმეტყველი, პრაგმატული და ცინიკური ბრონი?) ვალს ოქროს ტომრით უხდის, თუმცა ბრონი ახსენებს, რომ ეს საკმარისი არაა და ციხესიმაგრეს ითხოვს. ლორდი ლანისტერი რანდილ ტარლის, ბრონსა და რანდილის შვილ დიკონს მოსავლის აღებას ავალებს. შეგახსენებთ, რომ ტაირელები ხუთი სამეფოს ომის, ანუ მეორე სეზონის შემდეგ მეფის საბიჯელს (King’s Landing) საჭმლით ამარაგებდნენ, ახლა კი, როცა ომიც ახლოსაა და ზამთარიც, საჭმელს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

სერსეი “თითქმის” უთანხმდება რკინის ბანკს

ომი დიდ ფინანსებს მოითხოვს, ტახტის მპყრობელს კი ბანკის მხარდაჭერა სჭირდება. სერსეი აცხადებს, რომ ბანკის ვალს სულ მალე დაფარავს (ეს მაშინ მოხდება, როცა ჯეიმი ჰაიგარდენიდან უსაფრთხოდ გადმოზიდავს ოქროთი დატვირთულ ვაგონებს). ამის შემდეგ კი ლანისტერებისა და ბანკის მოკავშირეობა გარდაუვალი იქნება.

ბრანი ბეილიშისგან საჩუქარს იღებს

სიუჟეტი ვინტერფელში ინაცვლებს, სადაც პეტირ ბეილიში ბრან სტარკს ესაუბრება. უნდა ვაღიაროთ, რომ ნეკა ფაქტობრივად უსარგებლოა ვინტერფელში, მაგრამ პოზიციებს მაინც არ თმობს. რა აქვს ჩაფიქრებული სერიალის ერთ-ერთ ყველაზე აუხსნელ პერსონაჟს – არავინ იცის. ბრან სტარკი საჩუქრად ვალერიული ფოლადის სატევარს იღებს – ზუსტად იმ იარაღს, რომლითაც პირველ სეზონში მისი მოკვლა სცადეს. უმცროსი სტარკი ბეილიშს მშვიდად ანიშნებს, ვის ელაპარაკება და საკუთარი ძალის დასამტკიცებლად მისსავე სიტყვებს ციტირებს: ქაოსი კიბეა.

მოკლედ გავიხსენოთ ამ მახვილის ისტორია: როცა ბრანს ძვირფასი იარაღით დაესხნენ თავს, ის დედამ გადაარჩინა. კეტლინმა ვინტერფელი დატოვა და სასახლისკენ გაემართა, რომ ნედი გაეფრთხილებინა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ (და სამწუხაროდ, აღარასდროს დაბრუნებულა). მეფის საბიჯელში (King’s Landing) ლედი სტარკი ვარისსა და ნეკას შეხვდა. ნეკამ უთხრა, რომ ეს მისი მახვილი იყო იქამდე, სანამ ტირიონ ლანისტერთან სანაძლეოში არ წააგო. ამ ინფორმაციის გამო კეტლინმა ტირიონი დააკავა, ჯეიმი ნედს თავს დაესხა, ხოლო რობს ომში წასვლა მოუწია. ასე რომ, ამ სატევარმა მართლაც დაიწყო ხუთი სამეფოს ომი.

მირა ვინტერფელიდან გულნატკენი მიდის

თუ ვინმე იმსახურებს შვებულებას, ეს სწორედ მირაა. გოგონა, რომელიც ბრანს ცოცხლად გადარჩენაში დაეხმარა, თავს უსარგებლოდ გრძნობს. სამწუხაროა, რომ სტარკი მის მიმართ მადლიერების ნატამალსაც არ გამოხატავს. “შენ გამო ჩემი ძმა მოკვდა, ჰოდორი მოკვდა, სამერი მოკვდა” – ახსენებს მირა ბრანს, თუმცა მისთვის სულ ერთია. როგორც ჩანს, როცა წარსულისა და მომავლის ჭვრეტის უნარს იძენ, თავაზიანი მანერებისთვის ადგილი აღარ გრჩება. შეგიძლიათ, ჩვენს სტატიას გადახედოთ და გაიგოთ, რატომ იქცევა ბრან სტარკი ასე უცნაურად.

არია სახლში ბრუნდება

http://grahamewill.tumblr.com/post/163890300897/101-704

არია სახლში ბრუნდება, თუმცა მცველები უბრალოდ არ უჯერებენ, რომ აქაურობის “მასპინძელია” და არა თაღლითი. არია და სანსა ერთმანეთს თბილად ხვდებიან და ნედ სტარკის ქანდაკებასთან იხსენებენ, რამდენი რამ შეიცვალა მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ.

გოგონები ბრანთან მიდიან, რომელიც უემოციოდ ეხუტება კიდევ ერთ დას (მაინც როგორ ცვლის სამთვალიანი ყორნის თანამდებობა ადამიანს). ბრანი არიას ბეილიშისგან მიღებულ სატევარს გადასცემს. კინოსა და სერიალის დაუწერელი წესების თანახმად, თუ კადრში ჩანს თოფი, ის აუცილებლად გაისვრის ოდესმე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვალერიული ფოლადის ნაკეთობა მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. სანსა ცოტა შეშფოთებული ჩანს საკუთარი დედმამიშვილებით: მისდა გასაკვირად, არია ცივსისხლიანი მკვლელი გამხდარა, ბრანს კი სტარკები საერთოდ აღარ ადარდებს.

ჯონი დენერისს მნიშვნელოვან აღმოჩენას უზიარებს

დრაკონების დედასთან ჯერ კიდევ არ მისულა სამწუხარო ცნობები წაგებული ომის შესახებ. ჯონ სნოუ დენერისს გამოქვაბულში ეპატიჟება (არა, ეს ის არაა, რასაც თქვენ ფიქრობთ). როგორც ჩანს, მაღარო დიდ საიდუმლოს მალავს. ერთ დროს გამოქვაბულის კედლებზე ტყის შვილებს მნიშვნელოვანი მოვლენები აღუბეჭდავთ, ეს უძველესი ნახატები კი ჯონმა დრაკონის მინის მოპოვებისას აღმოაჩინა. დენერისი საკუთარი თვალებით ხედავს თეთრი მავალების გამოსახულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯონი კედლის მიღმა საფრთხეზე საუბრისას არ ცრუობდა. სნოუ აღნიშნავს, რომ უხსოვარ ეპოქაში ტყის შვილები პირველ ადამიანებთან ერთად ებრძოდნენ საშიშ მხედრებს, ახლა კი მათი ძალების გაერთიანების დროა. დენერისი ჯონს მხარდაჭერას აღუთქვამს, ოღონდ ერთი პირობით – სნოუმ ტახტის მემკვიდრის წინაშე მუხლი უნდა მოიდრიკოს.

“განა ადამიანების სიცოცხლე სიამაყეზე მნიშვნელოვანი არა?”

ეს ზუსტად ის სიტყვებია, რომლებიც ერთ დროს ჯონ სნოუმ მენს რაიდერს უთხრა. როგორ დამთავრდა ამ ამაყი კაცის საქმე, ალბათ გახსოვთ. რაც შეეხება ჯონს, ჩვენ ვერ ვხედავთ, დაუჩოქა თუ არა მან დენერისს. სცენა იმით სრულდება, რომ დრაკონების დედა წაგებული პოზიციების შესახებ შეიტყობს.

რამდენიმე უმნიშვნელო გადახვევა

არია და ბრიენა ბრძოლაში ვარჯიშობენ. არია ხუმრობს, რომ მას ბრძოლა “არავინ” ასწავლა, რაც ტექნიკურად მართალია.

ჯონი და დავოსი დენერისზე მსჯელობენ. ჯონი ამბობს, რომ მისი აზრით, დენერისს კარგი გული აქვს, რაზეც დავოსი ეხუმრება, გატყობ, მის გულს უყურებდი თვალმოუშორებლადო. დავოსი ჯონს გრამატიკასაც უსწორებს, ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს მას უსწორებდა შეცდომებს სტანისი. ასეთი განმეორებადი ხუმრობები ყურადღებიან მაყურებელს განსაკუთრებით სიამოვნებს.

ჯონ სნოუ და მისანდეი მონობასა და თავისუფლებაზე საუბრობენ. მისანდეი უყვება, რომ დენერისი თავად აირჩია საკუთარ ლიდერად და ეს იგივე არაა, რაც მონობა. ჯონს უკეთესი წარმოდგენა ექმნება იმაზე, როგორი მმართველია დრაკონების დედა.

ჯონ სნოუ და თეონ გრეიჯოი ერთმანეთს ხვდებიან

სანსასა და ბრანის, ტირიონისა და ჯონის, არიასა და სანსას შემდეგ თეონისა და ჯონის შეხვედრის დროც დგება. წარმოიდგინეთ, როგორი მოულოდნელია ეს შეხვედრა ორივე მხარისთვის: ჯონმა საერთოდ არ იცოდა თეონის მიმდინარე ამბები, თეონი კი ყველგან წარმოიდგენდა სნოუს, გარდა სამხრეთისა (ცოტა ჩვენც გვიჭირს ჯონის დანახვა თოვლის გარეშე). ჯონი თეონს ეუბნება, რომ სიამოვნებით მოკლავდა, სანსას გადარჩენა მისი დამსახურება რომ არ იყოს.

ამის შემდეგ იწყება, რაც იწყება

ჯეიმი, ბრონი, დიკონი და რენდილი ხორბლის საცავებს ცლიან და დიკონის სახელზე იცინიან. წამით ყველაფერი ჩერდება. ჰორიზონტს ცხენზე ამხედრებული დოთრაკები აბნელებენ, მათ ზემოთ კი დრაკონი მოფრინავს, რომელსაც თავად დენერისი მართავს.

რას გვეუბნება ეს სცენა:

  • დენერისს მობეზრდა წაგება. ტირიონის მიერ მოფიქრებული “ზიანის შემცირების გეგმა” არ მუშაობს.
  • შეიძლება, რომ დენერისი ისეთივე სასტიკი იყოს, როგორიც მამამისია?
  • ყოველ ჯერზე, როცა რაღაც არ მიდის გეგმის მიხედვით, დენერისი ნამდვილი ტარგარიენივით იქცევა

ღმერთო ჩემო!

ეს საოცრება როგორ უნდა გადაიღო?

სცენის მთავარი ღირსება ისაა, რომ მაყურებელმა არ იცის, ვის უგულშემატკივროს:

me: OMG BRONN DON’T KILL DROGON!
me: OMG DROGON DON’T KILL BRONN!
me: OMG JAIME DON’T KILL DAENERYS!
me: OMG DROGON DON’T KILL JAIME!

ერთ მხარეს დენერისია, რომელიც სამართლიანად იბრძვის ტახტისთვის – მმართველი, რომელმაც უამრავი ქალაქი გაათავისუფლა. მისი მოკავშირეა ჯონ სნოუც, რომელიც მაყურებელს ასე ძალიან უყვარს, მეორე მხარეს კი სასტიკი სერსეია, რომლისთვისაც მისი ძმა ჯეიმი იბრძვის. მიუხედავად ამ ფაქტებისა, შეუძლებელია ამ კადრებს უყურო და არ შეძრწუნდე ცეცხლწაკიდებული გვამებით და ლანისტერის უიმედობით. დენერისის მხრიდან ეს არაა ძალაუფლების უაზრო დემონსტრირება (ფაქტია, რომ რბილი მეთოდები არ ამართლებს), მაგრამ დრაკონის ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ მაინც რთული სანახავია.

ბრონი ამ სცენაში შესანიშნავია. სანამ ჯეიმი იბრძვის, ის ახერხებს, ხელიდან დაუძვრეს მტერს და დრაკონისთვის გამიზნული “იარაღი” მომართოს. გასროლა წარმატებული აღმოჩნდება და დროგონი მიწაზე ეშვება.

თუმცა ამით ომის ბედი არ წყდება

ჯეიმი გადაწყვეტს, რომ სიმამაცე გამოიჩინოს და თავად დაასრულოს ბრძოლა.

ტირიონის ემოციები კი ამ მომენტში ყველაზე ადამიანური და გასაგებია: გაიქეცი, შე იდიოტო!

შემდეგ ხდება ეს

თუმცა ჯეიმის ცეცხლის ალისგან ვიღაც გადაარჩენს. სავარაუდოდ, ბრონი ან დიკონი.

ბრძოლის შედეგები:

დროგონი დაჭრილია, თუმცა სასიკვდილო არაფერი სჭირს, რადგან მას მომავალი სერიის თრეილერშიც ვხედავთ. არბალეტის მსგავსი იარაღი ცეცხლის ალში დაიწვა, ჯეიმი კი სავარაუდოდ, მძიმედ უნდა იყოს დაშავებული.

სეზონის დასრულებამდე მხოლოდ სამი სერია დარჩა

Comments

comments