ია შუღლიაშვილი: თუ ქალს უნდა, თავისუფალი იყოს, ის თავისუფალი იქნება და ამისთვის ყველანაირ ძალ-ღონეს იხმარს

 

ავტორი: ბექა მაისურაძე  

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი  რამდენიმე დღის წინ, იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინო-ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა, ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე – საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა. მანამდე კი, The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ. ჩემი ბედნიერი ოჯახი თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა. წერდნენ, რომ ეს ინტელექტუალური და საინტერესო ფილმია, რომელშიც ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალების გადმოცემა და მოგვითხრეს, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არის, გულისტკივილისგან კი ახალი შესაძლებლობები იბადება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნანასა და სიმონის ფილმი ტრანსილვანიის კინოფესტივალის მთავარი პრიზის – ტრანსილვანიის თასის მფლობელი გახდა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ია შუღლიაშვილი კი საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა. ია შუღლიაშვილი ქართველმა მაყურებელმა სერილიდან გოგონა გარეუბნიდან გაიცნო, თუმცა თეატრის მოყვარულთათვის ის უცხო სახე არასდროს ყოფილა, – ია მარჯანიშვილის თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარობაზე არასდროს უოცნებია, ამას მაინც ვერ ასცდა და ჩემი ბედნიერი ოჯახით, დიდი პოპულარობა მოიპოვა ჯერ სანდენსში, შემდეგ ბერლინში, ახლა კი უკვე – საფრანგეთშიც. ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ ბერლინში, ფილმის პრემიერის შემდეგ, როდესაც ია ავტობუსით მგზავრობდა, ერთმა ქალმა მისი დანახვისას ყვირილი დაიწყო და გერმანულად ცდილობდა, მისთვის აეხსნა, როგორ უყვარდა. ფილმის პრემიერა საქართველოში სექტემბერში იგეგმება, ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს ია შუღლიაშვილთან.


როგორი იყო ნანასთან და სიმონთან მუშაობა? ნერვიულობდით თუ არა გადასაღებ მოედანზე?
პირველ შეხვედრაზევე დიდი სიმპატიით განვეწყვეთ ერთმანეთის მიმართ. შემდეგ გვქონდა არაერთი შეხვედრა და თანხვედრა. მუშაობის პროცესი ძალიან სერიოზული იყო, სასიამოვნო და ხშირად რთულიც, თუმცა ურთიერთგაგების წყალობით, ვფიქრობ, ყველაფერი ნაყოფიერად და შედეგიანად დასრულდა. ნანა და სიმონი საოცრად  კარგი ადამიანები არიან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი გადაღების დღე ნამდვილი ბედნიერება იყო, რადგან ვიცოდი, რომ სასიამოვნოდ დავიღლებოდი. მადლობა მათ ამ ნდობისთვის და იმ მართლაც სასიამოვნო შრომისთვის, რომელიც, სიმართლე გითხრა, ძალიან მენატრება.

ფილმი სანდენსის შემდეგ ბერლინში უჩვენეს. როგორც ვიცი, იქ ქუჩაშიც კი გცნობდათ ხალხი. ზოგადად, ელოდით თუ არა ფილმის ასეთ წარმატებას?

სანდენსის კინოფესტივალზე, რომელიც პატარა ქალაქ პარკსითიში იმართებოდა, ბევრი დამსვენებელი და ტურისტი იყო. სწორედ იქ გვცნობდნენ. ფილმით აღფრთოვანებული ხალხი კაფეებში გვხვდებოდა და აპლოდისმენტებით გვანებივრებდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. რაც შეეხება ბერლინს, მოგეხსენებათ, დიდი ქალაქია, თუმცა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ჩვენებაზე ძალიან ბევრი გერმანელი მაყურებელი მოვიდა. წარმატება ბერლინშიც დიდი იყო. გულახდილად რომ გითხრათ, ფილმის წარმატებას  ველოდი, მაგრამ ასეთს – ნამდვილად არა.


რამდენად ახლობელი და ნაცნობია ის თემა, რაც ფილმშია ასახული?
ფილმში ასახული თემა ჩემგან და ჩემი ოჯახისგან საკმაოდ შორს დგას თავისი პრობლემურობით, თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია ნაცნობია. თემა ძალიან ქართულია, განვითარება კი – ძალიან ევროპული, რაც ბევრისთვის, შესაძლოა, საკმაოდ შეუთავსებელიც აღმოჩნდეს.

რას ეტყვით ქალებს, რომლებიც მანანას მდგომარეობაში არიან? თქვენი აზრით, დაეხმარება თუ არა ეს ფილმი ქალებს, უფრო მარტივად მიიღონ გადაწყვეტილებები და მიხვდნენ, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები თავადვე არიან?
ერთი ვიცი, რომ თუ ქალს უნდა, თავისუფალი იყოს, ის თავისუფალი იქნება და ამისთვის ყველანაირ ძალ-ღონეს იხმარს. ფილმის ჩვენება საქართველოში ჯერ არ ყოფილა, თუმცა, ამერიკასა და ევროპაში მსგავსი პრობლემების მქონე ქალები დაფიქრდნენ და რჩევასაც კი მთხოვდნენ. მგონია, რომ ფილმი ქართველ ქალსაც შეაწუხებს და დააფიქრებს იმაზე, თუ როგორ მოიპოვოს თავისუფლება სიმშვიდითა და პრინციპულობით და ამასთანავე, სიყვარული და პატივისცემაც შეინარჩუნოს.

როგორც ვიცი, ეს თქვენი კინოდებიუტია. ბევრი არც კი იჯერებდა ამას. რატომ არ ჩანდით აქამდე კინოში?

კი, ეს ფილმი ნამდვილად ჩემი კინოდებიუტია, თუმცა მანამდე პატარ-პატარა როლებიც იყო. შესაძლოა, ადრე საინტერესო არ ვიყავი და ჩემი ახლანდელი ასაკი უფრო საინტერესო აღმოჩნდა კინოსთვის, ეს ნახევრად ხუმრობით. სინამდვილეში, ყველა ასაკში საინტერესოა მუშაობა. ალბათ ყველაფერი იმის ბრალია, რომ ზედმეტად მორიდებული ვარ, ნანასა და სიმონის ნდობამ კი ცოტათი გამომაყოჩაღა.


ისე არ გამოვა, მერაბ ნინიძეზე არ გკითხოთ. როგორი პარტნიორია მერაბი?
ოოო! მერაბი საოცარი ადამიანია, რასაც დიდი დოზით აფრქვევს თავისი ენერგიულობით, პოზიტიურობით, იუმორითა და რაც მთავარია, საქმისადმი დიდი სიყვარულით. რაც შეეხება პარტნიორობას, უნდა ინატროს ყველამ ასეთი პროფესიონალი და გულშემატკივარი პარტნიორი. დიდი მადლობა მერაბს იმ ღია გულით ჩატარებული მასტერკლასებისთვის და დაუვიწყარი დღეებისთვის, რაც გადასაღებ მოედანზე გვქონდა. ძალიან მიხარია, რომ ფილმში დედაჩემის სიმღერას ვმღერით მე და მერაბი.

სამომავლო გეგმები როგორია? 
რამდენიმე რეჟისორთან უკვე მქონდა შეხვედრა და რაღაც დაიგეგმა. ველოდებით რეალიზების პროცესს. ასეა თუ ისე, ჩემი ოცნების როლმა უკვე ჩამიარა, მისი ასაკიდან შორს ვარ, – ვგულისხმობ  ჟანა დ’არკს. ახლა ჩემთვის ყველა როლი საოცნებოა. ძალიან მინდა, ბევრი ვიმუშაო.

 

 

Comments

comments