5 მიზეზი, თუ რატომ უნდა უყუროთ სერიალს “ეს ჩვენ ვართ”

გასულ შემოდგომას მაყურებელმა NBC-ის ახალი საოჯახო დრამა ეს ჩვენ ვართ (This Is Us) იხილა. მენდი მურისა და მილო ვენტიმილიას გმირებმა და ჩამთრევმა სიუჟეტმა (რომელიც ერთ დღეს დაბადებული ადამიანების შესახებ მოგვითხრობს) დადებითი შეფასებები დაიმსახურა. შოუ  წარმატებული აღმოჩნდა და ტელეარხმა მისი გაგრძელება დააანონსა.
ნიჭიერი სამსახიობო გუნდი და შესანიშნავად დაწერილი სცენარი ამ სერიალის სავიზიტო ბარათია, მაგრამ არის რამდენიმე მასშტაბური თემა, რომელთა გამოც იგი ასეთი წარმატებული გახდა. პრობლემები, რომლებსაც სიუჟეტი შეეხო, ნამდვილად კარგი მიზეზია საიმისოდ, რომ ამ სერიალის ნახვა გადაწყვიტოთ.

1. “ჩვენნაირი” პერსონაჟები

სერიალის პერსონაჟები იმდენად ცოცხალი და რეალისტური არიან, რომ მაშინვე იგრძნობთ მათთან სიახლოვეს. ეს მსგავსება შეიძლება სცენარის ავტორებშიც კი დაინახო, რომლებიც ამ პერსონაჟებს ქმნიან. მსგავსებას ამძაფრებს მსახიობების ავთენტური თამაშიც და საოცრად ბუნებრივი დიალოგები.

2. ოჯახური ისტორიები

შოუში ოსტატურადაა გამოყენებული დროისა და ამბის განვითარების დინამიკა, რომელიც პერსონაჟის წარსულ გამოცდილებებსაც გვაცნობს და გვიჩვენებს, საიდან მოვიდა იგი აქამდე. ოჯახი თითოეული პერსონაჟის ხასიათის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ესაა ადამიანის ცხოვრების ამბავი დაბადებიდან ქორწინებამდე, მშობლობამდე და ასე შემდეგ.

3. დანაკარგი

დანაკარგი სერიალის ყოველი ეპიზოდის განუყოფელი თემაა და ნაჩვენებია, რა როლს ასრულებს ის, როგორ ზრდის დანაკარგი ადამიანს. ხშირად დანაკარგი სამუდამოა და არაფერი ეშველება, მაგრამ როგორღაც ცხოვრება ისევ თავის კალაპოტში დგება, ვგეგმავთ თუ არა ამას.

4. საკუთარი თავის მიღება

“არა მგონია, სიყვარული და საკუთარი თავის ფასი ჩვენს საზოგადოებაში ისწავლებოდეს, – განაცხადა კრისი მეტზმა სერიალის ახალბედა მსახიობებთან საუბრისას, –  ეს სერიალი იმაზეა, თუ როგორ გვაკლია საკუთარი თავის სიყვარული ან როგორ ვადარებთ ჩვენ შესახებ ყველას აზრს ჩვენს რეალურ თავს”. მეტზის პერსონაჟი კეიტი იდეალური სხეულის სტერეოტიპებში ვერ ჯდება და მისი სირთულეების აღქმის ფონზე, მაყურებელი აცნობიერებს, რომ მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია.

5. პატიება

რენდალი – პერსონაჟი, რომელიც ცხოვრებაში ბევრ მუხანათობას ეჯახება, ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა პრობლემების პარალელურად შეინარჩუნო ნათელი სული და თბილი ღიმილი.. პროფესიულ სფეროში მომთმენი და ტაქტიანი რენდალი ამ თვისებას ოჯახს უნდა უმადლოდეს, რომელიც მის გამოხდომებს მუდამ პატიებით, ღირსებითა და სიყვარულით პასუხობდა.

სიუჟეტი ძალიან ადამიანურია და ჩვენს სულებს ეხება. ეს ცხოვრებაა თავისი მტკივნეული თუ ბედნიერი მომენტებით. ეს არის ამბავი ჩვენზე, ყველაზე. ეს ჩვენ ვართ.

სერიალის პირველ სეზონს სულ მალე ქართულად გახმოვანებულსაც იხილავთ, ამასობაში კი ახალი სეზონიც წამოგვეწევა.

Comments

comments