ABC “გრეის ანატომიის” მე-14 სეზონის თრეილერს აქვეყნებს

არხმა ABC-მ გუშინ საკუთარი ბრენდის — TGIT-ის (Thank God It’s Thursday – “მადლობა ღმერთს, ხუთშაბათია”) სახელით თავისი საფირმო სერიალების — გრეის ანატომიის, სკანდალისა და როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში — ერთობლივი თრეილერი გამოაქვეყნა, რომლითაც ახალი სეზონები დააანონსა:

ამ 60-წამიანი კლიპიდან, რომელშიც გრეის ანატომიის მე-14 სეზონის კადრებიც შედის, ვიგებთ, რომ ახალ სეზონში აქტუალური გახდება “Jaggie”-ის (ჯექსონისა და მეგის) თემა (მოგვწონს თუ არა, ნათესავების სასიყვარულო ურთიერთობა სერიალებში ჩვენი ბოლოდროინდელი თავსატეხია). თრეილერი კიმ რეივერის (ტედის) დაბრუნებასაც გვპირდება (და ყოფილ შეყვარებულთან, ოუენთან ხელახალ შეხვედრას), ასევე ცხადია, რომ ალექსსა და ჯოს შორის შედარებით ლაღი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. Timeless-ის ვარსკვლავ აბიგაილ სპენსერს კი ოუენის დის, მეგანის როლში ვიხილავთ, რომელიც აქამდე გარდაცვლილად ითვლებოდა (მის როლს ბრიჯიტ რიგანი ასრულებდა).

სპოილერი მნიშვნელოვან სიახლეებს გვპირდება დანარჩენ ორ სერიალშიც — სკანდალი და როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში.

Comments

comments