10 ახალი ფილმი, რომლებსაც ოჯახთან ერთად უნდა ჩაუსხდეთ

საშობაო-საახალწლო არდადეგები ის იშვიათი და ბედნიერი დროა, როცა ოჯახთან ერთად დროის გატარების საშუალება გვეძლევა. ეს ის შანსია, როცა შეიძლება მარტივად დავუბრუნდეთ ბავშვობას და როგორც მაშინ, ოჯახის წევრებთან ერთად ჩავუსხდეთ საინტერესო ფილმებს, ერთად ვიცინოთ, ცოტა ვიტიროთ და რაც მთავარია, შვებულებისა და არდადეგების პერიოდში მყუდროდ ვიგრძნოთ თავი. დღეს კლასიკური და ბევრჯერ ნანახი კლასიკური საშობაო ფილმების ნაცვლად ბოლო წლებში გამოსულ საინტერესო სურათებს გთავაზობთ. ქვემოთ წარმოდგენილ კოლექციაში თავმოყრილი ახალი ფილმები სწორედ ოჯახთან ჯობია ნახოთ და არდადეგები ნაყოფიერად გაატაროთ.

1) Coco, (ასაკი 7+)

Pixar-ის ეს თვალისმომჭრელი, სულ ახლად გამოსული ფილმი, რომლის სიუჟეტიც გარდაცვლილების დღის გარშემო ვითარდება, მექსიკურ ტრადიციებსა და კოსტიუმებს წარმოგვიჩენს. მასში ბევრია სევდიანი მომენტებიც, ნათესაური სიყვარულიცა და ურთიერთობებიც. მუსიკოსი მიგელისა და მისი ოჯახის ამბავი გულს ნამდვილად გაგითბობთ.

2) საოცრება, (ასაკი 10+)

რ.ჯ. პალაციოს მსოფლიო ბესტსელერის მიხედვით გადაღებულ ფილმს ჯეიკობ ტრემბლისა და ჯულია რობერტსის მონაწილეობით ბევრი ელოდა. ესაა ემოციური, სიკეთით ამბავი ათი წლის ავგუსტზე, დეფორმირებული სახის მქონე ბიჭუნაზე, რომელიც მეხუთე კლასში პირველად მიდის სკოლაში და ახალი გამოწვევების წინაშე დგება. ოჯახთან ერთად ამ ფილმის ცქერა მშვენიერი არჩევანია.

3) გალაქტიკის მცველები 2, (ასაკი 12+)

Marvel-ის რჩეული გამანადგურებელი რაზმი ფილმის მეორე ნაწილშიც პირველის შემართებით აგრძელებს ბრძოლას. კლასიკური სვლებით, ეპიკური შეტაკებებითა და შთაბეჭდავი სანახაობით სავსე მომხიბლავი კომედია კვლავ რჩება ფანების ფავორიტად და დიდი შანსია, ნებისმიერი თაობა მოხიბლოს.

4) The Breadwinner, (ასაკი 11+)

შთამბეჭდავი ანიმაციური დრამა, რომელიც ავღანეთში, პოსტთალიბანისეულ რეჟიმში ქალების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რეალისტურად და მძაფრად გადმოგვცემს გოგონებისა და ქალების რთულ ყოფას ქვეყანაში. ამის მიუხედავად, ფილმი ინფორმაციული, საინტერესო და შთამაგონებელია, რომელიც მძაფრი ემოციებით აგავსებთ.

5) შორს ჩრდილოეთით (ასაკი 8+)

ლამაზი, ხელით ნახატი ანიმაციური ფილმის მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში ვითარდება. ამბავი მოგვითხრობს არისტოკრატ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე ჩაფლავებული ექსპედიციის შემდეგ ოჯახიდან წასულ ბაბუას ეძებს. მამაცი და შეუპოვარი საშა ოჯახს უპირისპირდება და ათას ხიფათს გადალახავს, სანამ მიზანს მიაღწევს.

6) შენი სახელი, (ასაკი 12+)

გასაოცარი სილამაზის ანიმე იაპონიის პროვინციაში მცხოვრებ გოგონასა და ტოკიოში მცხოვრებ ბიჭზე მოგვითხრობს, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ მათ შორის კავშირი არსებობს – ისინი ერთმანეთს ძილის დროს უკავშირდებიან. საი-ფაი ანიმე მონათესავე სულებსა და თინეიჯერებზე გულგრილს ვერავის დატოვებს.

7) ანიმაციური ცხოვრება (ასაკი 12+)

დაუვიწყარი დოკუმენტურ-ანიმაციური ფილმი, რომელიც აუტიზმის მრავალფეროვან სამყაროს ახლოდან გვაცნობს. ფილმის მთავარი გმირი ოუენი სამ წლამდე ნორმალურად ვითარდებოდა, მაგრამ მოულოდნელად მან საუბარი შეწყვიტა, აღარ შეეძლო ემოციების გამოხატვა და კონტაქტი გარშემომყოფებთან. მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. წლების მანძილზე ოუენი და მისი ოჯხი ცდილობდა, კვლავ გამოენახა საერთო ენა. მას ძალიან უყვარდა დისენის მუტფილმები და მათი დამხარებით შეძლო კონტაქტი დაემყარებინა გარე სამყაროსთან.

8) სიმღერის ქუჩა (ასაკი 13+)

ბრწყინვალე მუსიკალური დრამა სელებრითობისკენ მიმავალ რთულ გზაზე. 1980-იანი წლების ნოსტალგიური ფილმი, რომლის მთავარი გმირი, დუბლინის საჯარო სკოლის მაღალკლასელი კონორი როკჯგუფის შექმნას და ვიდეოკლიპის ჩაწერაზე ზრუნვას იწყებს გოგონას გულის მოსაგებად. ფილმში კარგადაა წარმოჩენილი მოზარდების პრობლემური ცხოვრება, ბულინგი სკოლაში და ურთიერთობები. განსაკუთრებით რეკომენდებულია მშობლებისა და შვილებისთვის.

9) ჩვენი სულები ღამით (ასაკი 13+)

კენტ ნარუფის წიგნის მიხედვით გადაღებული დრამა, რომელშიც მთავარ როლებს ჯეინ ფონდა და რობერტ რედფორდი ასრულებენ. ესაა ამბავი ორ ასაკოვან ადამიანზე, რომლებიც ერთად ყოფნის მიზნით პლატონურ ურთიერთობას იწყებენ. ფილმი, რომელიც სიყვარულზე და მეგობრობაზე განსხვავებული კუთხით, ასაკოვანი ადამიანის გადმოსახედიდან გვესაუბრება და ბევრ მნიშვნელოვან სიბრძნეს გვიზიარებს.

10) პადინგტონი (ასაკი 6+)

დათვი პადინგტონის თავგადასავალი ინგლისელების ერთ-ერთი უსაყვარლესი საკითხავია, მისმა ეკრანიზაციამ კი ეს შესანიშნავი არსება მსოფლიოს გააცნო. ის ლონდონში იმისთვის ჩამოვიდა,რომ ნამდვილი ოჯახი იპოვოს და ინგლისელი ჯენტლმენი გახდეს, ამ მისიის შესრულებისას კი წარმოუდგენელი ამბები გადახდება. იუმორით, საფრთხითა და სახალისო ისტორიებით სავსე თავგადასავალი თანაბრად მოეწონება დიდსაც და პატარასაც. მალე პადინგტონი 2-იც გამოდის, ასე რომ, თუ აქამდე არ იცნობთ, დროა გაიცნოთ და ოჯახსაც გააცნოთ ეს შესანიშნავი, გონიერი დათვი.

Comments

comments