10 არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც შეიძლება გამოგრჩენოდათ

ბოლო დროს გამოსულ ბლოკბასტერებს შორის, მხოლოდ რამდენიმემ თუ შეძლო ჩვენი სასიამოვნოდ გაოცება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა გასული წლების ის ფილმები, რომლებიც არა მხოლოდ კომერციული თვალსაზრისით აღმოჩნდნენ წარმატებული, არამედ ემოციური კავშირის დამყარებაც შეძლეს მაყურებელთან.

მაღალი საზოგადოება

ვუდი ალენისეული იუმორით, მსუბუქი სენტიმენტებით, ლირიული მუსიკითა და დახვეწილი ვიზუალით გამორჩეული ფილმი, რომელიც 1930-იანი წლების ჰოლივუდზე მოგვითხრობს.

ახალგაზრდა კაცი (ჯესი ეიზენბერგი), რომელსაც მსახიობობა სურს, სასიყვარულო თავგადასავალსა და ჰოლივუდის მაღალი საზოგადოების მახეში ებმება.

კარგი ბიჭები

რასელ ქროუსა და რაიან გოსლინგის შესანიშნავი სამსახიობო დუეტი 1970-იან წლებში საუკუნის კრიმინალურ ისტორიას იძიებს. ერთი მათგანი კერძო დეტექტივია, მეორე კი დაქირავებული მცველი.

ფილმი გამოირჩევა კარგი იუმორით, დამაინტრიგებელი სიუჟეტითა და მისტიკური ატმოსფეროთი. შესაძლოა, ის ერთ-ერთ საუკეთესო კრიმინალურ კომედიადაც კი მივიჩნიოთ.

კაცი – შვეიცარიული დანა

ფილმის მთავარი გმირი ჰენკი უკაცრიელ კუნძულზე მარტო აღმოჩნდება და მას სასოწარკვეთისაგან არც მეტი, არც ნაკლები – დენიელ რედკლიფის გვამი იხსნის.

შეიძლება ითქვას, რომ მოვლენები ფილმში გიჟურად ვითარდება, თუმცა სიუჟეტი ასევე გაჯერებულია გონივრული და ღრმად ფილოსოფიური იდეით.

შეჯიბრი

ლეგენდარული აფრო-ამერიკელი ათლეტის, ჯეს ოუენსის ცხოვრების მიხედვით გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ნაცისტურ რეჟიმს  და დაამტკიცა, რომ სპორტი ნებისმიერ ცრურწმენაზე მაღლა დგას.

ეს ფილმი გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

კაცი სახელად ოვი

შესანიშნავი შვედური ბლოკბასტერი, რომელიც ბესთსელერი წიგნის მიხედვითაა გადაღებული და მოგვითხრობს ხანში შესული კაცის, ოვის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მოსაწყენი და უინტერესო კაცია.

თუმცა აღმოჩნდება, რომ ოვი დიდი ხანია სიკვდილზე ოცნებობს, რადგან გარდაცვლილი ცოლი ენატრება, თუმცა თვითმკვლელობას ვერ ახერხებს, რადგან მის მეზობლად ხმაურიანი, ინტერნაციონალური ოჯახი ცხოვრობს.

სიმღერის ქუჩა

კიდევ ერთი ნოსტალგიური ფილმი, რომელიც ამჯერად 1980-იან წლებზე მოგვითხრობს. თინეიჯერი კონორი ახალ სკოლაში გადადის და საყვარელი გოგონას ყურადღების მისაქცევად როკჯგუფს აყალიბებს.

პირველი სიყვარული, გაზრდა, თავისუფლების წყურვილი და, რა თქმა უნდა, მუსიკა – ფილმი ამ თემებს შესანიშნავად წარმოგვიჩენს.

დანგრევა

დევისის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – მისი ცოლი ავტოავარიაში გარდაიცვალა, თუმცა, იგი თავს დამწუხრებულად სულაც არ გრძნობს და ერთადერთი სურვილი ამოძრავებს – დაანგრიოს ყველაფერი. პირველ რიგში კი საკუთარი სახლი.

ჯეიკ ჯილენჰოლის შესანიშნავი სამსახიობო ოსტატობა და კარგად გადმოცემული ფილმის ემოციური მესიჯი მას ნამდვილად ღირებულს ხდის.

კაპიტანი ფანტასტიკა

ბენი ექვს შვილს ცივილიზაციიდან საკმაოდ შორს, ძალიან მკაცრად ზრდის. თუმცა ერთ დღეს ოჯახს ქვეყნის მეორე ბოლოსკენ გამგზავრება მოუწევს და სწორედ ამ დროს დგება ბენის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გამოცდის დრო – როგორ გაუმკლავდებიან ბავშვები რეალურ სამყაროს, რომლებიც მისი სურვილით ყოველთვის მოწყვეტილნი იყვნენ მას?

ბრძნული, ფილოსოფიური დრამა ოჯახური ღირებულებებისა და მამა-შვილური ურთიერთობების შესახებ განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც თავადაც მშობელია.

ეკიპაჟი

რუსული ფილმი ახალგაზრდა, ნიჭიერი პილოტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ პროფესიაზე უგონოდაა შეყვარებული. ერთ დღეს კი მას მოუწევს საკუთარი სიცოცხლე ასობით მგზავრის გადასარჩენად გარისკოს.

ფილმი მაყურებელს პირველივე წუთიდან აინტრიგებს და პერსონაჟების მიმართ თანაგრძნობით აღავსებს.

ზოოტოპია

ანიმაციური ფილმი, რომელიც არა მხოლოდ ბავშვებს შეუყვარდებათ. ზოოტოპია მოგვითხრობს ცხოველებით დასახლებული ქვეყნის შესახებ, სადაც კურდღელი ჯუდი და მელია ნიკი ერთად ცდილობენ კრიმინალური საქმის გამოძიებას.

 

Comments

comments