10 ფილმი, რომელიც შემოდგომის განწყობას მოგიტანთ

ფოთოლცვენა, ჟაკეტები, შარფები, ოქროსფერი დღეები, წვრილი წვიმა და სიმყუდროვის განწყობა – ეს ისაა, რაც შემოდგომაში ყველას გვიყვარს და გვენატრება. ხანგრძლივი ზაფხულის შემდეგ ნელ-ნელა გრილდება და შემოდგომის ნოსტალგია მძაფრად გვიტევს. დროა, კინოთეკა საშემოდგომო ფილმებით გაამდიდროთ, შემდეგ კი პლედში გახვეულები ჩაისთან ერთად ჩაუსხდეთ.

1. მკვდარი პოეტების საზოგადოება

ეს შესანიშნავი ფილმი შემოდგომასთან სასკოლო განწყობითა და უნიფორმებით ასოცირდება. ამბავი, რომელიც ინგლისური ლიტერატურის პროფესორისა და კოლეჯის მოსწავლეების მეგობრობაზე, საიდუმლო საზოგადოებასა და ცხოვრებისეულ პრინციპზე — იცხოვრე თითოეული დღით, სასიამოვნო განწყობის გარანტია.

ციტატა ფილმიდან: სულერთია, ვინ რას გეტყვის — სიტყვებს და იდეებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ.

 

2. როდესაც ჰარი შეხვდა სალის

თბილი და სასიამოვნო სიყვარულის ისტორია ყვითელფოთლებიან ნიუ-იორკში. საყვარელი მეგ რაიანის შესანიშნავი ჩაცმულობა, ქუდები და ხელთათმანები… მოკლედ, ყველაფერია საშემოდგომო თბილი განწყობისთვის.

ციტატა ფილმიდან: ამ საღამოს აქ იმიტომ მოვედი, რომ, როცა მიხვდი, დარჩენილი ცხოვრების ვინმესთან დაწყება გინდოდა, დარჩენილი ცხოვრების ახლავე დაწყება მოგინდა.

 

3. ჭკვიანი უილ ჰანტინგი

გას ვან სენტის ფილმი მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ ყმაწვილზე, უილ ჰანტინგზე, რომელიც საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის მეგობრებს. რობინ უილიამსისა და მეთ დეიმონის წყვილი, შემოდგომის ბოსტონი, ჰარვარდი და ბევრი საუბარი… სწორედ ის, რაც შემოდგომას უხდება.

ციტატა ფილმიდან: ნამდვილ დანაკარგს მხოლოდ მაშინ განიცდი, თუ რაიმე საკუთარ თავზე მეტად გიყვარს.

 

4. რაშმორი

უეს ანდერსონის დიდებული ფილმი ექსცენტრულ მოსწავლე მაქს ფიშერზე, ამერიკული კოლეჯის ვნებათაღელვანი, ჰელოუინი და დიდებული მუსიკა: “Oh, Yoko” (ან თუნდაც The Who, The Kinks და Ooh La La).

ციტატა ფილმიდან: მე ლათინური გადავარჩინე, თქვენ რა გააკეთეთ საერთოდ?

 

5. შემოდგომა ნიუ-იორკში

ამ ფილმის გარეშე შემოდგომა წარმოუდგენელია — ფოთოლცვენა ცენტრალურ პარკში, გულისამაჩუყებელი და ნაღვლიანი სიყვარულის ისტორია… მოკლედ, ყველაფერი, შემოდგომის ნოსტალგიურობა რომ ბოლომდე შევიგრძნოთ.

ციტატა ფილმიდან: — არ ფიქრობ, რომ შენთვის ძალიან ბებერი ვარ?

— ო, არა… მე ანტიკვარიატს ვაგროვებ, უფრო სწორად, მიზიდავს…

 

6. თქვენთვის წერილია

ფილმის მოქმედება ოთხივე სეზონზე ვითარდება, თუმცა შემოდგომით და ფოთოლცვენით იწყება. შემოდგომასავით ოქროსფერი მეგ რაიანი, მისი მყუდრო წიგნის მაღაზია და უცნაურად დაწყებული სიყვარულის ისტორია რომანტიკულ განწყობას გვპირდება.

ციტატა ფილმიდან: არ გიყვართ ნიუ-იორკი შემოდგომით? ყოველთვის სასკოლო ნივთების ყიდვას მანდომებს… სიამოვნებით გამოგიგზავნიდით კარგად გათლილი ფანქრების თაიგულს, თქვენი სახელი და მისამართი რომ ვიცოდე…

 

7. Hocus Pocus

ეს ფილმი ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც ჰელოუინი და მასთან დაკავშირებული ყველანაირი ხალისი უყვარს. ლეგენდის მიხედვით, თუ ჰელოუნის ღამეს დები სანდერსონების სახლში უმანკო გოგონა აანთებს სანთელს, ალქაჯები გაიღვიძებენ და ქალაქში ყველა ბავშვს გადასანსლავენ.

ციტატა ფილმიდან: …მაგრამ ჰელოუინი ხომ ტკბილეულის კომპანიების გამოგონილი დღესასწაულია…

 

8. შემოდგომის ზღაპარი

ამჯერად შემოდგომის საფრანგეთი: ვენახები, რთველი, მეგობრობა და სიყვარული… ქვრივი მეღვინე ქალი მარტო ცხოვრობს მას შემდეგ, რაც მისი შვილები გაიზარდნენ და სახლიდან წავიდნენ. მისი საუკეთესო დაქალი კი გადაწყვეტს, მეორე ნახევარი უპოვოს მეგობარს და მისგან საიდუმლოდ ადგილობრივ გაზეთში განცხადებას აქვეყნებს…

ციტატა ფილმიდან: არ მსურს გაგიკვირდეს, მაგრამ მე მინდოდა მყვარებოდი… ახლა კი გულგატეხილი ვარ.

 

9. მორბენალის სიმარტოვე

ტონი რიჩარდსონის შესანიშნავი ფილმი: მოზარდთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში მოხვედრილი დაუმორჩილებელი ახალგაზრდა გრძელ დისტანციაზე სირბილში ვარჯიშობს. ცივი და სველი ინგლისის ველებზე განმარტოებით სირბილი საკუთარი ცხოვრების გააზრებაში ეხმარება მას. შავ-თეთრი ფილმი ნოსტალგიურ განწყობაზე დაგაყენებთ.

ციტატა ფილმიდან: ერთადერთი, რაც ვიცი ისაა, რომ უნდა ვირბინო… ვირბინო თუნდაც მიზეზი არ ვიცოდე, ვირბინო მინდორ-ველად, ტყეებში…

 

10. სამოთხისგან შორს

1950-იანი წლების კონექტიკუტში მცხოვრები ქალის ცხოვრება ოჯახური კრიზისისა და რასობრივი წნეხის ქვეშ. ტოდ ჰეინესის ამ ფილმში მთელი სილამაზითაა წარმოჩენილი შემოდგომა – გარემო შემოდგომის ფერებითაა დაფარული, ჯულიანა მურის გმირიცა და მისი მეგობრებიც შესაფერისად არიან გამოწყობილნი.

ციტატა ფილმიდან: ჩვენ, ქალები, არასდროს ვაჩენთ ნამდვილ სახეს. ყველა გოგოს აქვს საკუთარი საიდუმლო.

 

 

Comments

comments