10 ფილმი სააღდგომო განწყობისთვის

არსებობს უამრავი ფილმი, რომელიც ეძღვნება ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა მაგალითად, შობა. გამონაკლისი არც აღდგომაა. რა თქმა უნდა, ამ დღეს ძირითადად წითელი კვერცხების გატეხვაში ვატარებთ, მაგრამ არც კარგ ფილმებზე ღირს უარის თქმა. შეიქმენით სააღდგომო განწყობა ამ ფილმებით და მულტფილმებით. წარმოგიდგენთ რთულ და სახალისო, საბავშვო, უფროსებისთვის განკუთვნილ და საოჯახო სააღდგომო ფილმებს.

ამაღლება (2016)

კევინ რეინოლდსის ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟი ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონია, რომელსაც ჯოზეფ ფაინსი ასრულებს. მას პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული. ფილმის სიუჟეტი არა თავად იესოს პერსონაზე, არამედ მისი რწმენის აღმოჩენის ისტორიაზეა.

იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი (1973)

ნორმან ჯუისონის უჩვეულო ფილმი, რომელშიც ყველა ბიბლიური პერსონაჟი ცეკვავს და მღერის. ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკა მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდებათ. ფილმი ძველებურ და თანამედროვე კოსტუმებს შეიცავს. იესოს როლი ფილმში ტედ ნილიმ შეასრულა. ფილმი ოქროს გლობუსზე ექვს კატეგორიაში, ოსკარზე კი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის იყო ნომინირებული.

ბენ ჰური (1959)

ლიუ უოლესის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში “ამაღლების” მსგავსად იესო მეორე ხაზზეა გადაწეული, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟია. ფილმის მთავარი გმირი იუდა ბენ-ჰურია, რომელსაც ჩარლტონ ჰესტონი ასრულებს. უილიამ უაილერის 1959 წლის ლეგენდარული ფილმი იყო პირველი, რომელმაც ოსკარის 11 ნომინაციაში გაიმარჯვა. თუ ძველი ფილმების მოყვარული არ ხართ და მეტი სპეცეფექტი გჭირდებათ, შეგიძლიათ ამ ფილმის 2016 წლის რიმეიქი ნახოთ.

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება (1988)

ეს ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანის სკანდალური ეკრანიზაციაა, რომელიც მარტინ სკორსეზეს ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარად ითვლება. რეჟისორი ცდილობს იპოვოს პასუხი იმაზე, თუ რა მოხდებოდა, იესოს მიწიერი ცხოვრება რომ აერჩია, ექორწინა მარიამ მაგდალინელზე და დიდხანს ეცხოვრა ადამიანური ცხოვრებით. უილემ დეფო არაჩვეულებრივად ასრულებს იესოს როლს. სკორსეზე ოსკარზე საუკეთესო რეჟისორისთვის იყო ნომინირებული.

ქრისტეს ვნებანი (2004)

მელ გიბსონის ფილმი, რომლის ეკრანებზე გამოჩენასაც უამრავი სკანდალი და დისკუსია მოჰყვა. იესოს ტანჯვა  მთავარი როლის შემსრულებელმა ჯეიმს კავიეზელიმ ნაწილობრივ საკუთარ თავზე გამოსცადა. მეტი დამაჯერებლობისთვის გიბსონმა მსახიობს აიძულა ნამდვილი ჯვარი ეტარებინა და მათრახის დარტყმები ეგრძნო. ჯავრცმის სცენაც კომპიუტერული გრაფიკის გარეშე, მხოლოდ გრიმით გადაიღეს. სწორედ ეს გახდა სკანდალის მიზეზი, რომელსაც აპროტესტებდნენ ეკლესიის წარმომადგენლები. მიუხედავად იმისა, რომ გიბსონის ფილმი მსოფლიოს კინემატოგრაფიის მოვლენად იქცა, მნიშვნელოვანი პრემიები მაინც ვერ დაიმსახურა: მაგალითად, ფილმი ოსკარზე სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული, მაგრამ ვერც ერთი ქანდაკება ვერ დაიმსახურა.

ყველაზე დიადი ამბავი (1965)

ფილმს საფუძვლად ფულტონ ოურსლერის რომანი უდევს, რომელშიც ოთხივე სახარების ყველაზე მკაფიო ეპიზოდებია გაერთიანებული. რეჟისორმა ჯორჯ სტივენსმა გამიზნულად არ გამოიყენა ისრაელის ლანდშაფტი გადაღებებისთვის, მან მთელი ფილმი ამერიკაში გადაიღო. კლასიკურმა ბიბლიურმა ისტორიამ ოსკარზე ხუთი ნომინაცია მოიპოვა, თუმცა გამარჯვება ვერც ერთში ვერ მოახერხა.

ათი მცნება (1956)

ჩარლტონ ჰესტონის გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერფომანსი, რომელიც მოსეს ისტორიას მოგვითხრობს და მის ბრძოლას საკუთარ ძმასთან, ეგვიპტის ფარაონთან. იულ ბრინერი ძმის, მეფე რამსესის როლს ასრულებს. ეს რწმენის ისტორია ბრწყინვალე სპეცეფექტებმა კიდევ უფრო გაამდიდრა და გაალამაზა.

ვინი პუჰი:გაზაფხული რუსთან ერთად (2004)

მულტფილმი ყველაზე პატარა მაყურებლებისთვის. მასში არ იქნება ისტორია იესოზე, მაგრამ თქვენი პატარები საყვარელ გმირებთან ერთად დაუბრუნებენ კურდღელს აღდგომის ტრადიციებისადმი სიყვარულს. გართობასთან ერთად პატარები გაიგებენ, თუ როგორ ემზადებიან დღესასწაულისთვის, როგორი თამაშები და ტრადიციები არსებობს.

იესო ნაზარეველი (1977)

ფრანკო ძეფირელის არაჩვეულებრივი ფილმი იესო ქრისტეს შესახებ.

კურდღელი პიტერის თავგადასავალი (2018)

ნახევრად ანიმირებული სახალისო ისტორია კურდღელზე სახელად პიტერი, რომელსაც ჯეიმს კორდენი ახმოვანებს, ნამდვილად შეგიქმნით სააღდგომო განწყობას. ფილმი ბეატრის პოტერის 1902 წლის ნაწარმოების “კურდღელი პიტერის ამბავის” მიხედვთ არის გადაღებული. ფილმის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ.

Comments

comments