10 საუკეთესო ფილმი მარტოობაზე

კინოისტორიის გარიჟრაჟიდან დღემდე, კინო ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მარტოობას, როგორც მნიშვნელოვან ფსიქო-სოციალურ და ფილოსოფიურ მოვლენას. მარტოობის თემაზე გადაღებულია მრავალი სხვადასხვა ჟანრის ფილმი, რომლებიც ადამიანის, შეიძლება ითქვას ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობის პერსპექტივიდან გვიჩვენებს მოვლენებს. მარტოობას მსგავსად განიცდის ჩაპლინის გმირიც და ანდროიდიც, ფილმები მარტოობაზე კი განსაკუთრებით გვაფიქრებს. ქვემოთ წარმოდგენილ კოლექციაში ვცადეთ ისეთი ფილმები შეგვერჩია, რომლებიც კარგად გვიჩვენებს მარტოობისა და გარიყულობის მნიშვნელობას ცხოვრებაში.

1. ველურ პირობებში

ჯონ კრაკაუერის 1996 წელს გამოცემული ბიოგრაფიული წიგნის მიხედვით გადაღებული “ველურ პირობებში” (რეჟისორი – შონ პენი) საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ახალგაზრდის რეალური ისტორიის ეკრანიზაციაა. ესაა ამბავი ნიჭიერ ყმაწვილზე, რომელმაც მიატოვა ოჯახი, პერსპექტიული მომავალი, საკუთარი დანაზოგი ქველმოქმედებაზე დახარჯა და უკაცრიელ ალასკაზე, მარტოობაში და ველურ გარემოში საცხოვრებლად წავიდა. მარტოობაში ცხოვრება პერსონაჟის მსოფლმხედველობას ცვლის, ოჯახის, ერთად დგომის და ადამიანების ფასზე აფიქრებს.

2. ის

სპაიკ ჯონსის ეს შესანიშნავი ფილმი მამაკაცისა და გონიერი ოპერაციული სისტემის სიყვარულის ისტორიაა. ორი განსხვავებული ჟანრის: სამეცნიერო ფანტასტიკისა და რომანტიკული კომედიის შერწყმა თანამედროვე ფენომენს გვიხატავს – თუ როგორ წყვეტს ადამიანი მარტოობის პრობლემას კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობით. კრიტიკოსების მიერ აღიარებული “ის” კომედიური სიტუაციით ნიჭიერად გადმოსცემს თანამედროვე ადამიანის ტრაგიზმს და გაუცხოებას.

3. უოლ-ი

ცნობილი ანიმაციური ფილმი შორეული მომავლის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ადამიანური სამყარო და ცივილიზაცია სრულიად სახეშეცვლილია. დედამიწა გიგანტურ ნაგავსაყრელადაა ქცეული, სადაც ნაგვის შემგროვებელი მარტოსული რობოტი საკუთარ რუტინულ სამუშაოს ასრულებს. ფილმის სიუჟეტი საინტერესო ფორმას იღებს მაშინ, როდესაც ეს ძველი და უბრალო რობოტი საჰაერო ხომალდზე აღმოჩნდება. გალაქტიკური ტრანსპორტის ბორდზე შემთხვევით ასულ უილ-ის რაკეტა იმ კოსმოსურ სადგურზე წაიყვანს, სადაც დედამიწიდან წასული ადამიანთა შთამომავლები ცხოვრობენ სრულიად შეცვლილი ყოველდღიურობის წესებით. უოლ-ისა და მისი ახალი მეგობრის პლატონური ურთიერთობა ადამიანთა რასის მომავალზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, რის სანახავადაც აუცილებლად ღირს ამ ნამუშევრისა და მისი მომხიბვლელი ვიზუალის ხილვა.

4. პის ცხოვრება

ენგ ლის გადაღებული სათავგადასავლო დრამა უნიკალური ვიზუალითა და ორიგინალური სიუჟეტით გამოირჩევა. შუა ზღვაში გემის ჩაძირვის შემდეგ, ახალგაზრდა ბიჭი პატარა ნავის წყალობით ცდილობს თავის გადარჩენას. ტალღებთან ბრძოლისას ფილმის მთავარი პერსონაჟი ძალიან საინტერესო თანამგზავრს – ბენგალურ ვეფხვს გადაეყრება, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ. ექსცენტრიკული წყვილის თავგადასავლები იდეალური ნამუშევარია და ძალიან ბევრ საკითხზე დაგაფიქრებთ, პარალელურად კი ულამაზესი ვიზუალური გაფორმებით მოგჭრით თვალს.

5. გარიყული

რა იქნებოდა მსგავსი თემატიკის ფილმების ლისტი ტომ ჰენკსის ერთ–ერთი საუკეთესო ნამუშევრის გარეშე. ლეგენდარული მსახიობის მართლაც შეუდარებელმა თამაშმა გარიყულს ჰოლივუდის გამორჩეული ფილმების სიაში ღირსეული ადგილი მოუპოვა, თუმცა არც ფილმის შინაარსია ნაკლებად აღსანიშნავი. გადამზიდი კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდება და წყლიდან გამორიყული ბარგის საშუალებით გადარჩენისთვის იბრძვის. მთავარი გმირის მიერ მარტოობასთან დაუოკებელი და თითქოს წარუმატებელი ბრძოლა ნამუშევარს თანდათან სულ უფრო ემოციურ და შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს. თუკი გნებავთ გაიგოთ, თუ რამხელა ნიჭის პატრონია რეალურად ტომ ჰენკსი, გირჩევთ სწორედ ეს ფილმი იხილოთ.

6. თარგმანში დაკარგულები

ეს ფილმი სოფია კოპოლას საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარია და ორიგინალური სცენარიც მისი დაწერილია. თუკი მსგავსი შეფასება თქვენთვის საკმარისად ფერადად არ ჟღერს, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თარგმანში დაკარგულები ბილ მიურეის ყველაზე საინტერესო და სრულიად უცნობი მხარის წარმომჩენი ფილმიცაა, რომელშიც ცნობილი მსახიობის პერსონაჟი ტოკიოში ჩასვლისას სრულიად საპირისპირო ცხოვრების მქონე ადამიანთან დამეგობრდება. სკარლეტ იოჰანსონის მიერ განსახიერებული გოგონა უყურადღებობის სენით იტანჯება და სწორედ ამ დროს იკვეთება მისი გზა ბილ მიურეისთან, რომელიც მივიწყებულ კინოვარსკვლავს თამაშობს. ფილმი რამდენიმე სერიოზულ ცხოვრებისეულ თემას ძალიან ღრმად ეხება და აუცილებლად დაგაფიქრებთ მათზე.

7. მერი და მაქსი 

მუტფილმი უცნაური მეგობრობის ისტორიას 8 წლის მერიზე და 44 წლის მაქსიზე ყვება, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან, ძალიან შორს ცხოვრობენ. ანიმაციური ფილმი ორ ფერში – ყავისფერში და ნაცრისფერშია გადაწყვეტილი, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ასევდიანებს.

საათსა და ოც წუთში მაყურებელს შესაძლებლობა აქვს მუტფილმის გმირებთან ერთად, განიცადოს ისეთი მდგომარეობა, როგორიც არის დეპრესია, მენტალური ავადმყოფობა, სუიციდი….ანიმაციური ფილმი ამ ყველა საკითხს ეხმიანება ისე, რომ ყველას ერთ დიდ ემოციონალურ კარუსელში გვითრევს.

8. ტაქსის მძღოლი 

ერთი შეხედვით, თითქოს ეს სათაური სულ სხვა ფილმის შინაარსზე უნდა მოგვითხრობდეს, თუმცა არსებობს ფილმები, სადაც რეჟისორები გარკვეული ემოციის გამოსახატად სპეციალურ სტრატეგიებს იყენებენ: როდესაც ადამიანი სხვების აზრისგან იზოლირებას გადაწყვეტს, სვამს და ჭამს სრულიად მარტო, საკუთარ თავთან დიდ დროს ატარებს და აღარ ცხოვრობს ისე, როგორც ადრე. მარტინ სკორსეზეს ეს ფილმი კი ამ ფილმების სიაშია, რომელიც ამ და სხვა კიდევ მრავალ მეთოდს მიმართავს, რათა ტრევისის (რობერტ დე ნიროს) გმირის სიმარტოვე ჩვენთვისაც ახლობელი გახადოს.

ტრევისი საზოგადოებისგან განცალკევებას გადაწყვეტს, ვეღარ პოულობს საერთოს ადამიანებთან, მარტოობა მისი ტანჯვა კი არა, უკვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და გარკვეული ემოციების შესავსებად ტაქსაობას დაიწყებს, აქ კი მისი თავგადასავალი იწყება

” მიყვარს ეს ფილმი, რადგან ვგრძნობ რომ რამდენიმე საათში მოვახერხეთ ერთი დიდი ემოცია ჩაგვეტია – მარტოობა” – მარტინ სკორსეზე


9. უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება

ფილმი უოლტერ მიტის (ბენ სტილერის) შესახებ მოგვითხრობს, რომელიც Life Magazine-ს თანამშრომელია და საკმაოდ რუტინული და ერთფეროვანი სამუშაო აქვს. თანაც ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ უოლტერი საკმაოდ უცნაური ადამიანია, მუდმივად ოცნებობს და ხშირად რეალობას ისე ვერ აღიქვამს როგორც საჭიროა. მისი ცხოვრება ფოტოებია და ამ ფოტოების მიღმა ისტორიები. ერთხელაც კი გადაწყვეტს იპოვოს ის, რაც არ აქვს და აღმოაჩინოს ის, რასაც მის ცხოვრებას მეტად გააფერადებს. ამ მოგზაურობაში კი მსახიობები და რეჟისორი ახერხებენ, რომ თქვენც ჩაგითრიოთ და მომავალი დღე უკეთესი აღმოჩენებით დაიწყოთ

10. თრუმენის შოუ

ეს არის ისტორია ადამიანზე, რომლის ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია, ისტორია ადამიანზე, რომელიც საპნის ოპერაში ცხოვრობს და ამ ისტორიაში ყველაზე მძიმე არის ის, რომ ამის შესახებ თავად არაფერი იცის. თრუმენი საკუთარი შოუს მონაწილე დიდი ტყუილის დახმარებით არის, მის გვერდით ყველა დაქირავებული მსახიობია. სინამდვილეში თრუმენი არავის უყვარს, არავინ არის მისი მეგობარი, ყველა თამაშობს თანადგომას, ერთგულებას და გვერდში დგომას. ეს არის ფილმი, თუ როგორ უკიდურესად მარტო შეიძლება იყოს ადამიანი გაუცნობიერებლად, წარმოსახვითი მეუღლისა და მეგობრების გვერდით. ცხოვრებაც ასეა, ჩვენ შეიძლება შოუს მონაწილეები არ ვიყოთ და ასე ბოროტად არავინ გვეხუმრებოდეს, თუმცა ჩვენი ცხოვრება ძალიან გავს თრუმენისას, რომელიც სინამდვილეში ძალიან, ძალიან მარტოსულია და ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად რთული და დიდი გზის გავლაა საჭირო

Comments

comments