10 საუკეთესო საახალწლო ეპიზოდი ჩვენი საყვარელი სერიალებიდან

შობა-ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია და თითოეულ ჩვენგანს მათი გატარება საყვარელი ადამიანების გარემოცვაში სურს. გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ აქვე აღვნიშნავთ, რომ ამა თუ იმ სერიალის პერსონაჟები ხშირად ჩვენთვის ძალიან ახლობლები ხდებიან.

სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 საუკეთესო საახალწლო ეპიზოდს კარგად ნაცნობი სერიალებიდან, რომელთა ყურებაც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აგვიმაღლებს.

1. ოფისი – Christmas Party

ბოლო პერიოდში საიდუმლო სანტას თამაში საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდა. ასე რომ, შესაძლოა, გეცნოთ კიდეც სიტუაცია, როდესაც ერთად შეკრებილი თანამშრომლები ერთმანეთის საჩუქრებს ხსნიან… თუმცა, დაუჯერებელია, სადმე ისეთი სასაცილო ისტორიები ხდებოდეს, როგორც ოფისში – იქნება ეს საახალწლო თუ ნებისმიერი სხვა ეპიზოდი.

2. მეგობრები – The One With The Holiday Armadillo

ყველაზე პოპულარული სიტკომი ტელეეკრანებზე 10 წლის განმავლობაში გადიოდა და, შესაბამისად, საშობაო ეპიზოდების სიმრავლითაც გამოირჩევა. რთულია მათ შორის საუკეთესოს ამორჩევა, თუმცა ჩვენს ფავორიტს მაინც გიზიარებთ. სინამდვილეში კი ყველანი ვთანხმდებით, რომ მეგობრების ყოველი სერია საოცრად მყუდრო, სახალისო და სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის.

3. ამერიკული ოჯახი – Express Christmas

რა ხდება მაშინ, როდესაც ოჯახი აღმოაჩენს, რომ საშობაოდ ისინი ერთად ვერ იქნებიან? როგორც წესი, განსაკუთრებული არაფერი! თუმცა, Modern Family სტერეოტიპებს არღვევს და ახალი წლის დღესასწაულს გაცილებით ადრე აღნიშნავს.

4. ახალი გოგო – Santa

კიდევ ერთი სახალისო ეპიზოდი, რომელიც თქვენს წინასაახალწლო განწყობას აუცილებლად აამაღლებს. მხოლოდ ნიკის საშინელი ცეკვის ყურებაც კი ერთი სიამოვნებაა, თუმცა ეს ყველაფერი გაცილებით საინტერესო ხდება იმ მეგობრული თუ სასიყვარულო ურთიერთობების ფონზე, რაც New Girl-ში ვითარდება.

5. ეს ჩვენ ვართ – Last Christmas

This is us სულ რაღაც ერთი წელია, რაც ტელეეკრანებზე გამოჩნდა, თუმცა მარტივად მოახერხა მაყურებლის გულის დაპყრობა. შესანიშნავი ოჯახური ისტორიები წინასაახალწლოდ ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. სერიალი ერთდროულად სევდასა და ღიმილს მოგგვრით. ჩვენი აზრით, კი ეს შობა-ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებით უხდება.

6. როგორ შევხვდი დედათქვენს – How Lily Stole Christmas

როგორც აღმოჩნდა, შობას არა მხოლოდ გრინჩი იპარავს. მსგავსი ქმედება, შესაძლოა, შენზე ძალიან გაბრაზებულმა მეგობარმაც ჩაიდინოს. სწორედ ასე ხდება ტედის შემთხვევაშიც, რომელსაც ძალიან უნდოდა შობა თავის “ახალ ოჯახთან” გაეტარებინა, თუმცა საბოლოოდ თავი მაინც ნათესავების მოსაწყენ წრეში ამოყო. კლასიკური ისტორიის მსგავსად, რომელიც ეპიზოდის ინსპირაცია გახდა, ლილი და მეგობრები ტედს ნამდვილ შობას დაუბრუნებენ.

7. გრეის ანატომია – Grandma Got Run Over By A Reindeer

უკვე 12 წელია, გრეის ანატომია ტელეეკრანებზე გადის და მაყურებელსაც ძალიან ბევრი ახალი პერსონაჟის გაცნობა მოუხდა, თუმცა ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ სერიალის პირველი სეზონები და ახალბედა ინტერნების ისტორიები განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო. იზის, ჯორჯისა და მერედიტის შობა ერთ-ერთი ყველაზე ნოსტალგიური ეპიზოდია, რომელსაც შეგიძლიათ, რომ საახალწლოდ უყუროთ.

8. გუნდი – A Very Glee Christmas

გარდა იმისა, რომ Glee-ს ეს ეპიზოდი სადღესასწაულო ისტორიებითაა სავსე, ის, რა თქმა უნდა, შესაბამის განწყობას მუსიკალურადაც გვიქმნის. ამ სერიაში მაყურებელს საშუალება აქვს მოისმინოს 7 საშობაო სიმღერის გუნდისეული ვერსიაა – ეს სიამოვნება კი, ნამდვილად არ უნდა მოიკლოთ!

9. დიდი აფეთქების თეორია – The Santa Simulation

კიდევ ერთი საშობაო ეპიზოდი, რომელიც აუცილებლად კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ისევე, როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერიალის შემთხვევაში, Big Bang Theory-ს უცნაური სამეგობროს წევრებიც დიდი ხანია მაყურებლის საყვარელ პერსონაჟებად იქცნენ. ასე რომ, მათთან ერთად დღესასწაულების გატარება არც თუ ისე ცუდი იდეა უნდა იყოს.

10. ერთობა – Abed’s Uncontrollable Christmas

Community-ს ისტორიაში პირველი საშობაო ეპიზოდი გაჯერებულია იმ კლასიკური ამბებით, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ძალიან უყვარს – იქნება ეს რუდოლფი, წითელცხვირა ირემი თუ ჩარლი ბრაუნის შობა. სწორედ ამიტომ, გირჩევთ უყუროთ აბედის უკონტროლო დღესასწაულს და თუ ჯერ არ გინახავთ, ამ შესანიშნავ სიტკომსაც აუცილებლად ჩაუჯდეთ!

Comments

comments