10 საუკეთესო საახალწლო კლასიკური ფილმი

ახალ წელს კარგი საჩუქრის არჩევაზე მეტად ზოგს კარგი საახალწლო ფილმის არჩევა უჭირს, მით უმეტეს, ჩამონათვალი მართლაც შთამბეჭდავია.

ჩვენ ვეცადეთ, დაგვევიწროვებინა საახალწლო ფილმების თემატიკა და კლასიკური, მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე გადაღებული ფილმების ათეულს გთავაზობთ. ეს კოლექცია განსაკუთრებით ნოსტალგიური და ჰოლივუდის კლასიკის დამფასებელი აუდიტორიისთვისაა. გაეცანით ჩამონათვალს და შეხვდით შობა-ახალ წელს ნოსტალგიურ ტალღაზე.

1. ეს მშვენიერი ცხოვრება (1946)

გამოგონილი ამერიკული ქალაქის, ბედფორდ ფოლსის მცხოვრები ჯორჯ ბეილი პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს მფარველი ანგელოზის დახმარება ესაჭიროება. ფრენკ კაპრას ეს კლასიკური ფილმი სასწაულებში დაგარწმუნებთ.

2. თეთრი შობა (1954)

50-იანი წლების ეს მიუზიკლი კომედია გვიყვება ამბავს ომის შემდგომ პერიოდზე და ორ მომღერალ-მოცეკვავე წყვილზე, რომლებიც გადაწყვეტენ, საუკეთესო გასართობი შოუბალეტი ჩამოაყალიბონ.

3. შობის ღამე (სკრუჯი) (1951)

საშობაო კლასიკა – ებენიზერ სკრუჯი მთელს ცხოვრებას მარტოობაში ატარებს. მას ბევრი ფული აქვს, მაგრამ დახარჯვა არ უყვარს, ძალიან მომჭირნედ ცხოვრობს. თუმცა ერთ შობას მისი ცხოვრება იცვლება…

4. მაპეტ შოუ: შობის წინა ღამე (1992)

ძუნწი სკრუჯის ამბის გაგრძელება – ამჯერად მაპეტის თოჯინების შესრულებით. ისინი ამ კლასიკური ზღაპრის საკუთარ ვერსიას წარმოგვიდგენენ: როდესაც საშობაო ღამით ძუნწ ებენიზერ სკრუჯს შობის სულები ევლინება, მაპეტები აუხელენ მას თვალებს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე.

5. საშობაო ისტორია (1983)

ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე ოცნებობს. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგეები არიან. მაშინ რალფი გადაწყვეტს, სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით.

6. გრემლინები (1984)

პატარა მომხიბვლელ ცხოველს – გრემლინს შეუძლია ქვასაც კი აუჩუყოს გული. თანაც, უნაკლო სმენა აქვს. ოღონდ ფრთხილად იყავით: ის მზის შუქისგან შეიძლება დაიღუპოს, მისი დასველება არ შეიძლება და რა მოხდება, თუ მას 12 საათის შემდეგ საჭმელს აჭმევთ? ამის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია!

7. ჩვენ ანგელოზები არ ვართ (1955)

ეს ფილმი უმეტესობას რობერტ დე ნიროსა და შონ პენის მონაწილეობით ახსოვს, მაგრამ ის მხოლოდ რიმეიქია. ამ კლასიკურ, 1955 წელს გადაღებულ ფილმში, რომელშიც მთავარ როლს იმდროინდელი ჰოლივუდის მშვენება ჰამფრი ბოგარტი ასრულებს, ისტორია ნაცნობია:  ციხიდან შემთხვევითი გაქცეული ორი მამაკაცი ანაფორებში გადაცმულები ცდილობენ კანადის საზღვარზე გადასვლას.

8. ჯადოსნური შობა (1985)

სანტა შობის ანგელოზს, გედეონს ჯინი გრეინჯერის დასამარებლად გზავნის. ჯინი დასცინის და ვერ იტანს შობის დღესასწაულს. მას და მის ოჯახს მძიმე დროება უდგათ. მართლაც რაღაც გრანდიოზული უნდა მოხდეს, რომ ოჯახმა ისევ იწამოს სასწაულების.

9. ეპისკოპოსის მეუღლე (1947)

ყველა წინასაშობაო მზადებაშია, მხოლოდ ეპისკოპოსი ვერ ამჩნევს ვერაფერს – ის ახალ საკათედრო ტაძარზე ოცნებობს. ერთხელაც მასთან მოდის ახალგაზრდა სახელად დადლი, რომელიც არწმუნებს, რომ ანგელოზია და ციდან მის დასახმარებლადაა წარმოგზავნილი.

10. მარტო სახლში (1990)

ამ ფილმის გარეშე საახალწლო ფილმების არცერთი ჩამონათვალი არ არსებობს – იქნება ეს კლასიკური ფილმები, კომედიები, საოჯახო ფილმები თუ ყველაზე საყვარელი ფილმები. შინ მარტო დარჩენილი 8 წლის კევინის ისტორია საახალწლო არდადეგების განუყოფელი ნაწილია და რამდენჯერაც გინდა უყურო, არ მოგბეზრდება.

Comments

comments