10 საუკეთესო სატელევიზიო დრამა

ბოლო ათწლეულში გამოსულმა ისეთმა სერიალებმა, როგორიცაა მძიმე დანაშაული და მიტოვებულები, სერიოზულად დაგვაფიქრა ზღვარზე, რომელიც კინოპროდუქტსა და ტელევიზიას შორის არსებობს. ფაქტია, რომ აღნიშნული სერიალების ბრწყინვალე კინემატოგრაფიულმა გამომხატველობამ ეს ზღვარი წაშალა და სატელევიზიო სერიალი კინოფილმის თანასწორი გახადა.

სერიალი არასოდეს ყოფილა ასეთი ლამაზი, ასეთი შთამბეჭდავი და დრამატული. 21-საუკუნეში სერიალმა საკუთარი ნიშა უმაღლეს მწვერვალზე მონიშნა. ეს კი იმ ნიჭიერი რეჟისორებისა და გადამღები ჯგუფის დამსახურებაა, რომლებმაც გაბედეს და სატელევიზიო საპნის ოპერა სხვა თვალით დაგვანახეს.

ქვემოთ მოყვანილია 21-საუკუნის ათი სერიალი, რომელიც შეგვიძლია, დრამის ჟანრში საუკეთესოდ ჩავთვალოთ. (აქვე აღვნიშნავთ, რომ სოპრანოს კლანი და ბაფფი – ვამპირებზე მონადირე მხოლოდ იმ მიზეზით ვერ მოხვდა სიაში, რომ მათი პრემიერა 90-იან წლებში შედგა).

  1. დაკარგულები (Lost)

აღსანიშნავი რეჟისორები: ჯეი ჯეი აბრამსი, ჯეკ ბენდერი, მარიტა გრაბიაკი, გრეგ იატანესი, ალან ტეილორი, როქსან დოუსონი.

მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, დაკარგულები გმირების დეტალებსა და ამბავში ფანტასტიური იყო. ABC -ს ამაში ნამდვილად არ შეშლია. სერიალმა წარმატებას ნიჭიერი რეჟისორების დამსახურებით მიაღწია, რომელთაგან ასევე აღსანიშნავია პარის ბარკლი და მარიო ვან პიბლსი. ყველაზე მეტი ეპიზოდი, 40 სერია და ასევე ფინალი – ჯეკ ბენდერს ეკუთვნის, შესაბამისად, მან ყველაზე მეტი გავლენა მოახდინა სერიალის ატმოსფეროზე. დაკარგულებმა შეცვალა მაყურებლის დამოკიდებულება 2000-იანი წლების ტელევიზიის მიმართ და ამ მხრივ ის დამსახურებულ პიონერად ითვლება.

  1. შავი სარკე (Black Mirror)

აღსანიშნავი რეჟისორები: ოუენ ჰარისი, კარლ ტიბეტსი, ჯო ვრაითი, ეუროს ლინი.

ამ სერიალს უნიკალურს თითოეული ეპიზოდის განსაკუთრებული გადაღება და დამოუკიდებლობა ხდის. ამ ეფექტს კი ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ მხოლოდ რამდენიმე რეჟისორმა გადაიღო ერთზე მეტი სერია. თუმცა, პირველ რიგში, ეს მაინც სერიალის შემქმნელისა და სცენარისტის, ჩარლი ბრუკერის ნიჭიერებისა და გასაოცარი სიუჟეტური თხრობის მანერის დამსახურებაა. ბრუკერმა თითოეულ რეჟისორს თავისი უნიკალური სტილის გამოყენების შესაძლებლობა მისცა.

  1. სამეფო კარის თამაშები (Game Of Thrones)

აღსანიშნავი რეჟისორები: დევიდ ნუტერი, ალან ტეილორი, ჯერემი პოდესვა, მიგელ საპოჩნიკი, მარკ მილოდი, ალექს გრეივსი.

ნაბიჭვრების ბრძოლა – მარტივი მაგალითი, თუ რატომ მოხვდა სამეფო კარის თამაშები საუკეთესოდ გადაღებული სერიალების სიაში. მიგელ საპოჩნიკმა ერთ-ერთი საუკეთესო ექშენ სერია – Hardhome გადაიღო, სადაც ხორცი შეასხა ვიზუალურად დატვირთულ ფართომასშტაბიან ბრძოლას. (ალბათ, გახსოვთ ის კადრი, ჯონ სნოუ რომ ბრძოლის ველის შუაგულში დგას. გასაგიჟებელი მომენტი იყო). ნეილ მარშალის კედლის ყარაულები კი კიდევ უფრო ბრწყინვალე იყო. ბრძოლა იმდენად დიდი და მასიური გამოვიდა, რომ ამ ეპიზოდს თამამად შეგვიძლია სატელევიზიო ბეჭდების მბრძანებელი ვუწოდოთ.

  1. ტბის ზედაპირზე (Top Of The Lake)

აღსანიშნავი რეჟისორები: ჯეინ კემპიონი, გარტ დევისი.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი, ინდი რეჟისორი სერიალის კეთებით დაინტერესდა. უკანასკნელი ფილმის გადაღებიდან სამი წლის შემდეგ ჯეინ კემპიონმა სერიალის პრემიერა 2013 წელს, სანდენსის კინოფესტივალზე გამართა. პრემიერამ საერთაშორისოდ აღიარებული რეჟისორები კიდევ ერთხელ დააფიქრა იმაზე, თუ რა ეპოქაში უწევდათ ცხოვრება. დღესდღეობით, უკვე არაერთი დამოუკიდებელი რეჟისორი თავადაც სერიალებს იღებს. სერიალის ატმოსფერო, ბუნების ულამაზესი პეიზაჟების გარდა, მოიცავდა მომნუსხველ, შემზარავ, მისტიურ სცენებს, რომლებიც ამ ჟანრისთვის ნამდვილი საოცრება იყო. სერიალის მეორე სეზონის პრემიერა სულ ახლახანს, კანის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო სერიალი ტელევიზორის ეკრანებს სექტემბრიდან დაუბრუნდება.

  1. ნამდვილი დეტექტივი (True Detective, პირველი სეზონი)

აღსანიშნავი რეჟისორი: კერი ჯოჯი ფუკუნაგა.

ფუკუნაგა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცა ინდი რეჟისორი ბიზნეს გიგანტად. სერიალამდე მას უკვე ჰქონდა თავი დამკვიდრებული საოცარი ვიზუალური გამომხატველობით – ფილმებით უსახელო და ჯეინ ეარი, მაგრამ ნამდვილმა დეტექტივმა მას მილიონიანი აუდიტორია და აღიარება მოუტანა. რეჟისორს 2014 წელს საუკეთესო გადაღებისთვის ემიც ერგო. ის მაყურებლის მონუსხვას ძლიერი ვიზუალით და ელეგანტური გადაღების სტილით ახერხებს, რაც სერიალის ძირითად ხაზს – გასაიდუმლოებულ მკვლელობებსა და გამომძიებლების ცხოვრებას ორმაგად შემზარავს ხდის.

  1. მხევლის წიგნი (The Handmaids Tale)

აღსანიშნავი რეჟისორი: რიდ მორანო, მაიკ ბარკერი, ფლორია სიგისმონდი, კეიტ დენისი, კარი სკოგლანდი.

რიდ მორანომ, პილოტისა და მომდევნო ორი სერიის რეჟისორმა, უზარმაზარი გამოწვევის – მარგარეტ ეტვუდის კლასიკური რომანის შემაძრწუნებელი დისტოპიური სამყაროს ხორცშესხმა შეძლო. მან ფანტასტიურად მოახერხა გილეადის სამყაროს ნამდვილთან, რეალურ ცხოვრებასთან მიმსგავსება. დაუვიწყარი ვიზუალით და შესანიშნავი სამსახიობო შესრულებით, ეს სერიალი ადვილად იმკვიდრებს სიის მოწინავე პოზიციებს.

  1. მძიმე დანაშაული (Breaking Bad)

აღსანიშნავი რეჟისორები: ვინს გილიგანი, მიშელ მაკლარენი, რაიან ჯონსონი, ჯონ დალი.

ახალი რაღა უნდა ითქვას ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესოდ გადაღებულ სერიალზე? მძიმე დანაშაულის ბრწყინვალებაც სწორედ კამერის მიღმა მდგომი იმ რეჟისორების დამსახურებაა, რომლებიც მუდმივად იცვლებოდნენ და მაყურებელი ხუთი სეზონის განმავლობაში ეკრანს მიაჯაჭვეს.

  1. მიტოვებულები (The Leftovers)

აღსანიშნავი რეჟისორები: მიმი ლედერი, კეით გორდონი, დენიელ საკჰეიმი, კარლ ფრანკლინი, ნიკოლ კასელი, ქრეიგ ზობელი.

მიტოვებულების მთავარი ხიბლი ერთი პერსონაჟის ირგვლივ აგებული სერიებია, რაც მოწვეულ რეჟისორებს საშუალებას აძლევს თავიანთი კვალი დააჩნიონ თითოეულ ეპიზოდს, ხოლო სერიალი ამის გამო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დრამად იქცეს. სერიალის გული უდაოდ მიმი ლედერია. 28 ეპიზოდიდან 10 სწორედ მან გადაიღო, მათ შორის, სეზონების ფინალები და ერთ-ერთი საუკეთესო სერია Crazy Whitefella Thinking. მისი სამუშაო ნამდვილად შეუდარებელია – განსაკუთრებით კი ის ფაქტი, თუ როგორ მოიცავს პერსონაჟის ინდივიდუალური ტანჯვა-წამება მსოფლიო კონტექსტს, საყოველთაო გაუცხოებასა და დაბნეულობას. მარტო ლედერის გამო, მიტოვებულები ადვილად იმკვიდრებს ადგილს სიის საუკეთესო სამეულში.

  1. სჯობს დაურეკოთ სოლს (Better Call Saul)

აღსანიშნავი რეჟისორები: ვინს გილიგანი, პიტერ გოლდი, ნიკოლ კასელი, მიშელ მაკლარენი, ტომას შნაუცი.

აქ დიდი კომპლიმენტებით უნდა მოვიხსენიოთ ვინს გილიგანი და პიტერ გოლდი, რომლებიც მძიმე დანაშაულის შემქმნელებიც არიან. მათ ამ სერიალში კიდევ უფრო გააუმჯობესეს რეჟისორის ხედვა და გადაღების ტექნიკა. ყოველი მომდევნო სერია აღტაცებას იწვევს თავისი ორიგინალურობითა და ჰუმანურობით.

  1. შეშლილები (Mad Men)

აღსანიშნავი რეჟისორები: მეთიუ ვეინერი, ალან ტეილორი, ლესლი ლინკა გლატერი, ჯენიფერ გეტცინგერი, ფილ აბრაჰამი.

ამ შვიდი სეზონისგან შემდგარმა სერიალმა, რომელიც 2015 წელს დასრულდა, მოახერხა ერთმანეთისთვის შეერწყა სხვადასხვა ჟანრი, განწყობა და ხასიათი, რაც მისი შემქმნელის, მეთიუ ვეინერის დამსახურებაა. იყო სცენები, როდესაც ლინჩისეული სიურრეალისტური ატმოსფერო იქმნებოდა. სერიალი განსაკუთრებულად საინტერესო კი მას შემდეგ გახდა, რაც ორი მთავარი გმირის – დონისა (ჯონ ჰამი) და პეგის (ელიზაბეტ მოსი) დელიკატური და მიმზიდველი ურთიერთობის ირგვლივ განვითარდა.

 

პ.ს. ათივე სერიალი adjaranet.com-ზე ქართული გახმოვანებით დევს.

 

წყარო: www.indiewire.com

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments