15 კომედია, რომელიც ახალი წლის დღეებს გაგიხალისებთ

ახლოვდება ახალი წელი და საზეიმო განწყობა პიკს აღწევს. წინასაახალწლო ფუსფუსით გადაღლილებს გაგვახალისებს და საზეიმო განწყობას კიდევ უფრო აგვიმაღლებს უკვე კლასიკად ქცეული ჰოლივუდური საშობაო კომედიები, რომლებმაც სადღესასწაულო განწყობასთან ერთად შესანიშნავი იუმორითაც დაამახსოვრა და შეაყვარა თავი მაყურებელს.

ამ კოლექციაში ყველასთვის საყვარელი საახალწლო-საშობაო კომედიებია თავმოყრილი. მათი კიდევ ერთხელ ნახვა სადღესასწაულო განწყობის გარანტია.

1. ახალი საშობაო ზღაპარი

ჩარლზ დიკენსის “საშობაო ზღაპრის” თანამედროვე რიმეიქი. ფრენკ ქროსი (ბილ მიურეი) წარმატებული ტელეპროდიუსერია, რომელსაც არავითარი სასწაულისა არ სჯერა. მაგრამ შობა ხომ სწორედ ასეთი გამოუსწორებლებისთვისაა – მას ღირებულებების გადაფასება და საკუთარი ცხოვრების სხვაგვარად დანახვა სწორედ ამ დროს მოუწევს.

2. საშობაო საჩუქარი

ჰოვარდ ლენგსტონი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. ერთხელ მან შვილს იმედი გაუცრუა, რადგან მისი კარატის წარმოდგენა გააცდინა. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერგმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია. ამის გამო იგი იძულებული ხდება, მთელ ქალაქში ნებისმიერ ფასად მოძებნოს დაპირებული საჩუქარი.

3. სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური

ყველამ იცის, რომ საშობაოდ სანტა ყველა ბავშვს უტოვებს საჩუქარს, მაგრამ ვინ იცის, ამას რა ფასად ახერხებს? ეს ნამდვილი მაღალტექნოლოგიური პროცესია, თუმცა შეცდომები მაინც ხდება. მილიონობით ბავშვში სანტას ერთი გამორჩა და ეს შემთხვევა ვინმემ უნდა გამოასწოროს. ამ მისიას თავზე სანტას უმცროსი ვაჟი ართური იღებს, რომელმაც გამორჩენილი საჩუქარი გათენებამდე უნდა მიიტანოს ადგილზე.

4. საშობაო არდადეგები

ძალიან სასაცილო კომედია წინასაშობაო აურზაურზე. გრისვოლდების სახლში შობის დასახვედრად ემზადებიან. შობა კლარკ გრისვოლდისა და მისი ოჯახისთვის ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ სტუმრად მოსული ნათესავები სიმშვიდეს და მყუდროებას არღვევენ და ნამდვილი სტიქიური უბედურება იწყება.

5. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა

ამ ფილმის გარეშე შობა და ახალი წელი ნამდვილად წარმოუდგენელია. ჯიმ კერი მართლაც შეუდარებელია ბუზღუნა და აუტანელი გრინჩის როლში, რომელიც შობას ვერ იტანს და მის მოპარვას გადაწყვეტს. ესაა ფილმი მათთვის, ვისაც ეს დღესასწაული ძალიან უყვარს, და მათთვისაც, ვინც გრინჩივით უყურებს შობა-ახალ წელს. ასე რომ, გრინჩებსაც და არაგრინჩებსაც, საახალწლოდ ძალიან გაგახალისებთ ეს ფილმი.

6. შობის ღამემდე

ძალიან სახალისო კომედია მეგობრობაზე და ურთიერთობებზე. 10 წელია მეგობრები: ეთანი (ჯოზეფ გორდონ-ლევიტი), აიზეკი (სეთ როგენი) და კრისი (ენტონი მაკი) შობის წინა საღამოს იკრიბებიან და დღესასწაულს თავაშვებულად აღნიშნავენ. ამჟამად აიზეკი მამა ხდება და მეგობრები ხვდებიან, რომ მათ ყოველწლიური ტრადიციას გაგრძელება აღარ უწერია. ბოლო წვეულება კი დასამახსოვრებელი უნდა იყოს. თუ როგორ, ამას ფილმიდან შეიტყობთ.

7. შობა კრანკებთან

ლიუტერს და მის ცოლს, ნორას, შობამ თავი მოაბეზრა. მთელი ეს სირბილი, ნაძვები, საჩუქრები, ფეირვერკები… ამ წელს ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, დაივიწყოს ეს დღესასწაული და კარიბის კუნძულებზე წავიდეს დასასვენებლად. მაგრამ შობის დღესასწაულისგან გაქცევა არც ისე ადვილია, როგორც მათ ჰგონიათ…

8. მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული

მარტო სახლში ყველა საშობაო კოლექციის სიაშია. პირველი ფილმის სიქველი კი არანაკლებ სასაცილო და დაძაბულია. ნიუ-იორკი მთელი თავისი საშობაო დიდებულებით და ონავარი კევინი ისევ მარტო, ოღონდ სახლში არა. და თან – ისევ ძველი მტრების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამ ფილმში აწ უკვე პრეზიდენტ ტრამპის ხილვაც შეგიძლიათ.

9. ოთხი შობა

მსუბუქი კომედია, რომელიც საახალწლო სახალისო განწყობას უხდება: ბრედი და კეიტი ცდილობენ, მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა.

10. მეოჯახე

ფილმი საშობაო სასწაულზე: საინვესტიციო ბანკირ ჯეკ კემპბელს (ნიკოლას ქეიჯი) სულ სხვა ცხოვრება ექნებოდა, კოლეჯის შეყვარებულთან ოჯახი რომ შეექმნა. ფერარის ნაცვლად მინივენით ივლიდა და ორ ხმაურიან ბავშთან ერთად ქალაქგარეთ იცხოვრებდა. მისი ცხოვრების ამ ვერსიას კემპბელს წინასაშობაოდ შემთხვევით შეხვედრილი უცნობი უჩვენებს, რის შემდეგაც იგი საკუთარ ცხოვრებას სულ სხვაგვარად შეაფასებს.

11. ერნესტი გადაარჩენს შობას

სანტა კლაუსი მემკვიდრეს ეძებს. ეს პატივი მოულოდნელად ერგება ტაქსის მძღოლ ერნესტს, რომელიც სანტას დაეხმარა. როცა სანტა რაღაც გაუგებრობაში გაეხვევა, ერნესტი თანამგზავრ ჰარმონიასთან ერთად გადაწყვეტს ყველაფრის გამოსწორებას და შობის გადარჩენას. ოთხმოციანი წლების კეთილი კომედია მაყურებელს ბავშვობაში დააბრუნებს.

12. სანტა ვინ?

რა შეიძლება მოხდეს, თუ სანტას ყველაფერი დაავიწყდება? სწორედ ამ საშიშროების წინაშე დადგა კაცობრიობა, როცა ამნეზიის შედეგად სანტამ (ლესლი ნილსენი) მეხსიერება დაკარგა და თავი უსახლკარო ჰგონია. მის დახმარებას ახალი ამბების რეპორტიორი ცდილობს და გაჯიუტებულ სანტას მარტო არ ტოვებს.

13. მღვდლის ცოლი

ეს ფილმი 1947 წლის საშობაო კლასიკის, ეპისკოპოსის მეუღლის თანამედროვე რიმეიქს წარმოადგენს. პატარა ქალაქის მღვდლის ცოლს არ ულხინს – მისი ქორწინება დანგრევის პირასაა, ქმარი კი მხოლოდ სამსახურზე ფიქრობს. მაგრამ თავის ლოცვებზე პასუხად მან ნამდვილი საოცრება მიიღო: მხიარული და უდარდელი ანგელოზი, სახელად დადლი, ზეციდან ჩამოვიდა წყვილის შესარიგებლად. მაგრამ გადის ცოტა ხანი და დადლი მათი მთავარი პრობლემა გახდება.

14. სამოთხეში გამომწყვდეულნი

პატარა ქალაქს, სახელად სამოთხე, საქმიანი ვიზიტით ეწვევა ბილ ფირპო – სამართლიანი პატიოსანი ადამიანი. მას თან ახლავს ციხიდან ახლად გამოსული ორი ძმა, რომლებიც ქალაქის ბანკის გაძარცვას გადაწყვეტენ. ბილი წინააღმდეგია, თუმცა მისი ძმები არ იშლიან, მითუმეტეს ბანკს თითქმის არავინ იცავს. მართლაც, ისინი მოახერხებენ ბანკის გაძარცვას, თუმცა პატარა ქალაქიდან თავის დაღწევა დიდ პრობლემად ექცევათ.

15. სტოუნების ოჯახი

მშვენიერი კომედია საახალწლო დღეებისთვის: სტოუნების ოჯახი იშვიათი ურთიერთგაგებით და მეგობრულობით გამოირჩევა. მაგრამ როცა საყვარელი შვილი, ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს, მერედითს მოიყვანს, ექსცენტრული ოჯახი მას არცთუ თბილად იღებს. წყვილი ევერეტის დას ჯულის მიმართავს, თუმცა ამით სიტუაციას მხოლოდ ართულებს. ამ მხიარული საოჯახო ფილმის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს.

Comments

comments