15 თანამედროვე ფილმი მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი ნახა

დღეს კარგი ფილმის არჩევა ერთი შეხედვით არცთუ ძნელია, თანამედროვე კინოსამყარო ყველა გემოვნების ადამიანს სასურველ ფილმს სთავაზობს. მაგრამ არის შემთხვევებიც, როცა ფიქრობ, რომ უკვე ყველაფერი ნახე და არჩევანი აღარ გაქვს. წარმოგიდგენთ 15 თანამედროვე კარგ ფილმს, რომლებიც შეიძლება ყურადღების მიღმა დაგრჩათ.

1. ყველაფერი ხვალ იწყება

ახალგაზრდა ლოველასი სემუელი ფულს იმით შოულობს, რომ მდიდრებს იახტით ასეირნებს, თავისუფალ დროს კი პლაჟის წვეულებებზე ლამაზმანებთან არშიყში ატარებს. მაგრამ ერთხელაც მის უზრუნველ ცხოვრებას ცვლის ქალი, რომელიც პატარა გოგონას, მისი თქმით, სამუელის შვილს უტოვებს. კაცი ფიქრობს, რომ ეს მისი პრობლემა არაა და ბავშვის დედის მოძებნას გადაწყვეტს, მაგრამ თანდათან ყველაფერი იცვლება.

ეს არის მშვენიერი ფილმი, რომლის ნახვის შემდეგ მხოლოდ სასიამოვნო ემოციები დაგრჩებათ.

2. ზოოპარკის მფლობელის ცოლი

ფილმი მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ პირად — ჰეროიზმით, სიყვარულითა და განცდებით აღსავსე ისტორიას გვიამბობს. მთავარი გმირი ანტონინა ჟაბინსკაია და მისი ქმარი ვერ ურიგდებიან მათ ქალაქში გამეფებულ სიტუაციას და ყველაფერს აკეთებენ არა მხოლოდ ცხოველების, არამედ უცნობი ადამიანების დასახმარებლად, მათი საქმიანობის გამოაშკარავების საფრთხის მიუხედავად.

ფილმი ანტონინა ჟაბინსკაიას დღიურებზე დაფუძნებული, დაიან აკერმანის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

3. ურჩხული გიხმობს

ეს არის ამბავი თინეიჯერ კონორ ო’მელისა და მისი ცხოვრების მძიმე პერიოდზე — მას უკურნებელი სენით დაავადებული დედის მოახლოებულ სიკვდილთან შერიგება არ შეუძლია, მამა მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას უცხოეთში გაურბის, დედას მოსავლელად გადმოსულ ბებიას კი ვერ იტანს. გარდა ამისა, საშინელი კოშმარები მოსვენებას არ აძლევს… სანამ ერთ დღეს კონორს ოთახში ურთხლის ხის ურჩხული არ გამოეცხადება…

ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელი ფილმი, რომელიც ცხოვრების სიმძიმეს ბავშვის თვალით გვიჩვენებს.

4. სიყვარულის ილუზია

ახალგაზრდა, მგრძნობიარე გაბრიელს მშობლები ცოლად გააყოლებენ კაცს, რომელიც არასდროს უყვარდა. ქმარი მშვიდი და კარგი ადამიანია, თუმცა მასთან ცხოვრება ქალს მაინც ციხედ ეჩვენება, მცირე ხანში გაბრიელს უცნაური დაავადება აღმოჩნდება და სამკურნალოდ გაუშვებენ. იქ ქალი შეხვდება მამაკაცს, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება და წყვილი გადაწყვეტს, ერთად გაექცეს ილუზიური სიყვარულის სამყაროს.

საინტერესო ფილმი დაქორწინებული და დაუქორწინებელი წყვილებისთვის.

5. პატერსონი

მთავარი გმირის, პატერსონის ერთი შეხედვით რუტინულ ცხოვრებაში ლექსების ადგილი მაინც გამოიძებნება, იქნება ეს ყურმოკრული სიტყვები, ცხოვრებისეული სიტუაცია თუ ბარში ვიზიტი. იგი ლექსებს თავის საიდუმლო ბლოკნოტში იწერს და ოცნებობს, ცნობილი პოეტი გახდეს. ერთი შემთხვევა მის გეგმებს მთლიანად ცვლის.

კეთილი ფილმი, რომელიც პოეტის თვალით დანახულ გასაოცარ სამყაროს გვიჩვენებს.

6. საიდუმლო ხელნაწერი

როზანა მაკნატლიმ ცხოვრების დიდი ნაწილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა — იმდენი ხანი, რომ დაავიწყდა კიდეც, რისთვის მოხვდა იქ. საავადმყოფოს ახალი მთავარი ექიმი მისი შემთხვევით ინტერესდება და შემთხვევით აღმოაჩენს დამალულ დღიურს, რომელშიც როზანა უდიდეს სიყვარულზე და წარსულის საიდუმლოზე წერს.

ამაღელვებელი ფილმი, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობებზე დაგვაფიქრებს.

7. ოქრო

მთავარ გმირს, კენის მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა კომპანია, თუმცა რამდენიმე ხანში გაკოტრდა. წარუმატებელი საქმოსანი გადაწყვეტს, ინდონეზიის ჯუნგლებში გაემგზავროს ოქროს საძიებლად.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული შესანიშნავი სათავგადასავლო ამბავი

8. ძაღლური ცხოვრება

ერთი ჩვეულებრივი, პროვინციაში მცხოვრები ოჯახის საყვარელი რეტრივერი სიკვდილის შემდეგ პოლიციის ნაგაზის სხეულში იღვიძებს და ახალ ცხოვრებას იწყებს.

მშვენიერი ფილმი ძაღლის — ყველაზე ჭკვიანი და ერთგული მეგობრის თვალით გვიჩენებს ცხოვრებას

 

9. ნიჭიერი

ფრენკ ადლერი მარტო ზრდის დის შვილ მერის, რომელსაც გასაოცარი მათემატიკური ნიჭი აღმოაჩნდება. ბიძას მხოლოდ ის სურს, რომ ბავშვი ბავშვურად ცხოვრობდეს, თანატოლებთან ითამაშოს… მაგრამ საქმეში ფრენკის დედა ერევა, რომელსაც გოგონას მომავალზე საკუთარი წარმოდგენა აქვს.

საოჯახო ფილმი, რომელშიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობების მარადი პრობლემა კარგადაა წარმოჩენილი.

 

10. ვეიკფილდი

ჰოვარდ ვეიკფილდს მშვენიერი ცხოვრება ჰქონდა: მდიდრული სახლი, კარგი სამუშაო, მოყვარული ცოლ-შვილი. მაგრამ ერთხელ ყველაფერი შეცვალა… ენოტმა! ჰოვარდი ცხოველს გაედევნა და ავტოფარეხის სხვენში აღმოჩნდა, საიდანაც ხელისგულზე ჩანდა მისი განათებული სასადილო ოთახი. კაცი დაინტერესდა, როგორ მოიქცეოდა მისი ოჯახი, თუ გარკვეულ ხანს არ გამოჩნდებოდა და გადაწყვიტა, სხვენზე დარჩენილიყო საცხოვრებლად.

საინტერესო და დამაფიქრებელი ფილმი ადამიანების ფარულ აზრებზე ერთიმეორის მიმართ.

11. იდეალური უცნობები

მეგობრების კომპანია ვახშმად იკრიბება და გასართობად ერთ თამაშს მოიგონებენ: ყველა SMS ხმამაღლა უნდა წაიკითხონ, ზარებს კი მიკროფონით უპასუხონ. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, სადამდე მიიყვანს მათ ეს თავზეხელაღებული თამაში და რა საიდუმლოებები შეიძლება გამომჟღავნდეს.

ეს ფილმი ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველა მალავს ჩონჩხს თავის კარადაში.

12. ყველაფერი, ყველაფერი

მთავარ გმირ მედის — ჭკვიან და ცნობისმოყვარე გოგონას, რომელსაც უიშვიათესი დაავადება აქვს, რის გამოც ჩაკეტილი ოთახიდან გასვლის უფლება არ აქვს — მსოფლიოს გაცნობა სურს. ამაში მას წიგნები, ხატვა და არქიტექტურის დისტანციური კურსები ეხმარება. მაგრამ ერთ დღეს მის ცხოვრებაში ახალი მეზობელი გამოჩნდება, რომელიც გოგონას უზომოდ შეუყვარდება.

ეს რომანტიკული ფილმი სიყვარულის სასწაულებრივ ძალას დაგვაჯერებს.

13. დევიდ ლინჩი: ხელოვნებით ცხოვრება

მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი რეჟისორის — “ტვინ პიკსის”, “მალჰოლანდ დრაივისა” და “ლურჯი ხავერდის” შემქმნელის პირადი მონოლოგი. გენიალური შემოქმედი მაყურებლებს საკუთარი, მხატვრის თვალით დანახული სამყაროს კარს უხსნის.

14. თვალახვეული

ქალთა დახურული პანსიონის ყოველდღიურობა თავდაყირა დადგა, როცა ერთ-ერთმა აღსაზრდელმა ტყეში დაჭრილი კაპრალი იპოვა. ხელმძღვანელობამ, პანსიონის მცხოვრებთა სურვილის საწინააღმდეგოდ, ჯარისკაცი შეიფარა. ამის შემდეგ იწყება ქალების ფარული ბრძოლა ერთადერთი მამაკაცის ყურადღების მოსაპოვებლად.

მშვენიერი ფილმმი არტჰაუსის სტილის მოყვარულთათვის

15. უსიყვარულო

ჟენიასა და ბორისის ცოლქმრული ცხოვრება დასასრულს უახლოვდება: მათ გაყრის გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ფაქტობრივად სხვა ადამიანებთან ცხოვრობენ, მხოლოდ ფორმალობები აქვთ მოსაგვარებელი. ამ ყველაფრის ფონზე მშობლებს საერთოდ ავიწყდებათ თავიანთი 12 წლის შვილი ალიოშა, ის კი თავს ზედმეტად გრძნობს და ერთი ჩვეულებრივი კამათის შემდეგ უჩინარდება.

სულისშემძვრელი ფილმი გრძნობებისგან დაცლილი ცხოვრების ამაოებაზე.

 

Comments

comments