20 შესანიშნავი ფილმი, რომელსაც უნდა უყუროთ, თუ უკვე 30-ის ხართ

სულ ერთია, რომელი ჟანრი მოგწონთ: გონებამახვილური რომანტიკული ისტორიები, კომედიები, დრამა თუ ყველა ერთად, თქვენი გემოვნების შესაფერისი უამრავი ფილმი არსებობს. მაგრამ მათ შორისაც არის ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, და მით უმეტეს მაშინ, როცა ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადააბიჯებთ და 30-იანებში შედგამთ ფეხს. ეს ის ხანაა, რომელსაც ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეხედვა და ჩაფიქრება სჭირდება.

წარმოგიდგენთ 20 საინტერესო, საეტაპო და მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიდან ბევრი გასართობიცაა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გვაიძულებს ჩავფიქრდეთ და “ზრდასრული” ადამიანის თვალით შევაფასოთ ისინი.

1. თავს უშველე (2017)

იშვიათია, რომ ფილმი ასე სრულყოფილად ეხმაურებოდეს თანამედროვეობას – სწორედ იმ წელს, როცა ტრამპის გაპრეზიდენტებას შედეგად პოლიციის სისასტიკე, რასიზმი და ყალბი ლიბერალიზმი მოჰყვა, გამოვიდა ამ მოვლენების საპროტესტო სურათი, თან არც მეტი არც ნაკლები, თრილერის ჟანრში. მძაფრი ემოციები გარანტირებულია.

2. მთვარის შუქი (2016)

ეს ფილმი შეიძლება ჯერ არ გინახავთ, მაგრამ შარშანდელი ოსკარის ამბებიდან მაინც გემახსოვრებათ. არავინ დავობს, რომ მთვარის შუქი საუკეთესო ფილმისთვის ოსკარს ნამდვილად იმსახურებდა. ეს შესანიშნავად გადაღებული სურათი ესთეტიკურ და ინტელექტუალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფილმი ჰირონის ცხოვრების სამ ეტაპზე და იმ სირთულეებზე მოგვითხრობს, რომელიც ბიჭს თავისი ორიენტაციის გამო ხვდება.

3. ყურადღების ცენტრში (2015)

ეს დაძაბული დრამა, რომელიც ახალი ამბების სამსახურში ვითარდება, პულიცერის პრემიის მფლობელ ჩანაწერებზეა დაფუძნებული და რეალურ მოვლენებზე მოგვითხრობს, როცა The Boston Globe-ის გუნდმა კათოლიკური ეკლესიის რიგებში სექსუალური შევიწროებისა და პედოფილიის ფაქტები გამოავლინა. ძალზე საინტერესო სიუჟეტი და შესანიშნავი სამსახიობო გუნდი თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს.

4. საკუთარი ბავშვი (2014)

ეს შესანიშნავი რომანტიკული კომედია თავისუფლად შეიძლება ფემინისტურ ფილმად ჩავთვალოთ. ის მოგვითხრობს ქალზე, რომელიც იძულებულია აბორტი გაიკეთოს. გულახდილი ფილმი ქალების პირად და სამსახურებრივ სირთულეებს კარგად გვიჩვენებს.

5. ლურჯი ყველაზე თბილი ფერია (2013)

ეს ფრანგული ფილმი საკმაოდ უჩვეულო რეჟისურით თანამედროვე სიყვარულის ისტორიაა. ორი მშვენიერი გოგონას ურთიერთლტოლვა, შესანიშნავი მსახიობები და ემოციური ამბავი გულგრილს არ დაგტოვებთ.

6. ის (2013)

შეინახეთ ეს ფილმი იმ დროისთვის, როცა სევდის შიში არ გექნებათ, რადგან ის ცოტა არ იყოს, დაგაღონებთ. სპაიკ ჯონსის ეს დიდებული სურათი არც ისე შორეული მომავლის პერსპექტივას გვიხატავს, როცა ადამიანსა და რობო-ტექნოლოგიებს შორის ზღვარი თანდათან წაიშლება. ფილმი მოგვითხრობს სევდიან ამბავს მარტოსულ კაცზე, რომელსაც ოპერაციული სისტემა შეუყვარდება.

7. იმედის სხივთა კრებული (2012)

ეს მხიარული ფილმი, უმშვენიერესი მსახიობებით (ჯენიფერ ლოურენსი, ბრედლი კუპერი, რობერტ დენირო), სინამდვილეში ძალიან სერიოზულ თემაზეა – იმაზე, თუ როგორ გამოიყურება სტრესის ფონზე ნერვული აშლილობის მქონე ადამიანი და როგორ ეწყობა ის საზოგადოებას. მეთიუ ქუიქის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც პეტისა და ტიფანის უცნაური სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს, ოპტიმიზმით აგავსებთ.

8. საყვარელი ფრენსისი (2012)

თბილი და საინტერესო ამბავი ახალგაზრდა ქალის ნიუ-იორკში გამგზავრებისა და თვითდამკვიდრების ამბავს მოგვითხრობს. ამ ხალისიანი და მგრძნობიარე ფილმის სცენარისტი შეუდარებელი გრეტა გერვიგია.

9. ცუდი გოგონები (2004)

იშვიათად, რომ რომელიმე ფილმს ცუდი გოგონებივით კარგად გადმოეცეს მაღალკლასელთა ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გამოსვლიდან 10 წელზე მეტია გასული, აქტუალურობა არ დაუკარგავს და ნამდვილად ღირს მისი ნახვა.

10. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (2004)

ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ისტორია წყვილზე, რომელიც გონებიდან უსიამოვნო მოგონებების ამოშლას ცდილობს. ოცნების სფეროა, თუმცა ცხოვრებაზე საინტერესო კუთხით გვაფიქრებს.

11. თარგმანში დაკარგულები (2003)

ბევრისთვის საყვარელი ფილმია, რომლის განმეორებით ნახვა ისევე სასიამოვნოა, როგორც პირველად. უცხო ქვეყანა, დაკარგულობის შეგრძნება და უცნაური მეგობრობა – ეს ყველაფერი განუმეორებელი ბილ მიურეისა და სკარლეტ იოჰანსონის თამაშით ხდება სრულყოფილი.

12. ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო (2001)

ეს ეპიკური ფენტეზი მილენიუმის დასაწყისში მოევლინა სამყაროს და ამით დაიწყო ფენტეზის აღზევება კინოში. თუ ამ ჟანრს სერიოზულად არ უყურებთ და აქამდე არც ამ ფილმით დაინტერესებულხართ, დროა აზრი შეიცვალოთ.

13. სასიყვარულო განწყობა (2000)

შესანიშნავი კოსტიუმები, გასაოცარი ვიზუალი და ხელოვნებამდე აყვანილი კინომხატვრობა – ეს მომაჯადოებელი ფილმი ორი დაქორწინებული მეზობლის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

14. ოცნების რექვიემი (2000)

დარენ არანოვსკის ეს ფილმი ნარკოდამოკიდებულ წყვილზე და მათი ოცნებების დასასრულზე გვიყვება. ის სხვაგვარი თვალით დაგანახვებთ წამლის დამანგრეველ გავლენას ადამიანზე.

15. ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი (1999)

თუ შექსპირის თანამედროვე ვერსია გინდათ ნახოთ, უყურეთ ამ ფილმს. თამამად ვიტყვით, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, დაწყებული მსახიობების თამაშით (მხოლოდ ჰიტ ლეჯერია საკმარისი), დამთავრებული შესანიშნავი დიალოგებით.

16. დიდი ლებოვსკი (1998)

ციტატები ძმები ქოენების ამ შავი კომედიიდან დღემდე პოპულარულია. თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებული მოვლენები და მოულოდნელი კომიკური სიტუაციები, იუმორი და სარკაზმი, განუმეორებელი დიალოგები და რაც მთავარია, უბრწყინვალესი თამაში კინოს გურმანთა სამოთხეა.

17. ფარგო (1996)

კიდევ ერთი შავი კომედია ქოენებისგან, რომლის მოსახელე სერიალი 2014 წელს გავიდა ეთერში. ორიგინალი ფილმი რეალურ ამბებს ეფუძნება და საოცრად დაძაბული სიუჟეტით გამოირჩევა. აღსანიშნავია ფრენსის მაკდორმანდის საოცარი თამაში (ამ როლისთვის მან ოსკარი დაიმსახურა), რომელიც ორსული პოლიციელის როლს ასრულებს.

18. ახალი კინოთეატრი “პარადისო” (1988)

ჯუზეპე ტორნატორეს ოსკაროსანი ფილმი კინოზე შეყვარებულ ყმაწვილზე და კინომექანიკოსთან მის მეგობრობაზე. შეუძლებელია თქვენც არ გადაეშვათ პერსონაჟის სამყაროში, რომელიც კინოს გარეშე არ არსებობს. ენიო მორიკონეს დაუვიწყარი საუნდტრეკები ამ შეგრძნებას გაგიმძაფრებთ.

19. დანის პირზე მორბენალი (1982)

ამჯერად საი-ფაი ჟანრი, რომელიც ბევრის ფავორიტი არაა. დანის პირზე მორბენალი ერთ-ერთი იშვიათი ფილმია, რომელიც ნებისმიერი ჟანრის მოყვარულს გაიტაცებს. ფილმი ცნობილი ფანტასტი მწერლის, ფილიპ დიკის წიგნს ეფუძნება და დისტოპიურ მომავალზე მოგვითხრობს, როცა ადამიანების მსგავს ანდროიდებზე სპეციალური პოლიცია ნადირობს.

20. მეტროპოლისი (1927)

და ბოლოს, ერთადერთი ფილმი შორეული წარსულიდან. ფუტურისტული დისტოპიური ფილმების პიონერი, რომლის ნახვა თუნდაც იმის გამო ღირს, რომ გავიგოთ, როგორ წარმოიდგენდნენ და ხატავდნენ კინოს შემოქმედები მომავალს და ფანტასტიკას. სიუჟეტი მოგვითხრობს მომავლის ქალაქზე, რომლის მიწისქვეშა ნაწილიც მონების კოლონიებითაა დასახლებული. ამავე ქალაქის ზედა ნაწილის მდიდარი მფლობელის შვილი მათ აჯანყებას ჩაუდგება სათავეში.

 

Comments

comments