5 ფილმი, რომელთა ანტიგმირებსაც ვერ შეიძულებთ

მულტფილმებს, კომიქსებს, სერიალებსა თუ მოქმედებით ფილმებს ყოველთვის ჰყავს სულ ცოტა ერთი ანტიგმირი, რომელიც ჟანრის კანონებით ბოლოს უნდა დამარცხდეს. მაგრამ არის ფილმები, რომლებშიც “ცუდი” გმირი დროთა განმავლობაში ისე იტაცებს, ინტერესით ავსებს და თავდაპირველ შეხედულებებს უცვლის მაყურებელს, რომ მის დასჯაზე აღარავინ ფიქრობს. წარმოგიდგენთ ხუთ ასეთ ფილმს და მათ “მიმზიდველ” ანტიგმირებს.

5. მოანა — მაუი

მულტფილმის დასაწყისში ვიგებთ, რომ მაუიმ კუნძულის ქალღმერთის ტე ფიტის გული მოიპარა და შემდეგ ვიგებთ, რომ არამარტო ეს მოუპარავს — ამ ყმაწვილის საყვარელი საქმიანობა სწორედ ესაა. მაგრამ ფილმის განმავლობაში ეს გოლიათი ჩვენ თვალწინ იცვლება და ბოლოს უკვე ყველას ესიმპათიურება.

4. მზეთუნახავი და ურჩხული — ურჩხული

ამ საშინელი ხასიათის პრინცს, რომელმაც უხეში და გულქვა საქციელის გამო დაწყევლეს და ურჩხულად აქციეს, ჯადოს ახსნის პერსპექტივა საერთოდ არ აქვს. საზარელი მხეცი, რომელიც მძვინვარებს და ადამიანებს ატყვევებს, ნამდვილად არ იქცევა მოსაწონად. მაგრამ დროთა განმავლობაში მშვენიერი ბელისა და მისი უსაყვარლესი მსახურების გარემოცვაში სულ სხვა თვისებებს გამოავლენს და მისი მოკვლა არცერთ მაყურებელს აღარ სურს.

3. სამეფო კარის თამაშები — ქოფაკი

სამეფო კარის თამაშები მაყურებლებს განსაკუთრებით იმით ატყვევებს, რომ მისი მრავალფეროვანი პერსონაჟებიდან ძნელად გამოარჩევ ბოლომდე ცუდს ან ბოლომდე კარგს. ერთ-ერთი ასეთია სანდორ კლეგეინი, იგივე ქოფაკი, მეფე ჯოფრის მართლაც ერთგული ძაღლი, რომლისთვისაც ადამიანის მოკვლა არაფერია. მაგრამ დროდადრო ქოფაკი ადამიანურ გრძნობებსაც ავლენს და თანდათან მეტ სიმპათიას იმსახურებს. თუკი ოდესმე ვინმე იყო მისი სიკვდილის მოსურნე, მე-7 სეზონში ასეთი აღარავინაა დარჩენილი.

2. საზიზღარი მე — გრუ

გონიერი ბოროტმოქმედი გრუ ნამდვილად ვილანია, რომელიც წარმოუდგენელ რამეებს, მაგალითად, მთვარეს იპარავს, არის მეზობლის ძაღლის სავარაუდო მკვლელი და ჯობნის ყველაზე გავლენიან ბოროტმოქმედ სკარლეტ ოვერქილს. 40 წლის განმავლობაში უხიაკი გრუ ვერავინ გატეხა, სანამ… სამი გოგონას აღმზრდელი არ გახდა. გრუ მამის როლში რადიკალურად იცვლება და მაყურებლები მასზე კი აღარ ბრაზობენ, არამედ იცინიან.

1. ჰარი პოტერი — დრაკო მალფოი

ბოლოსკენ “გამოსწორებული” გმირის ტიპური მაგალითი. მალფოები ბნელი მაგიით გატაცებული, სისხლის სიწმინდის დამცველი წარჩინებული ოჯახი იყო, დრაკო კი მათი ჭეშმარიტი შვილი გახლდათ. სწავლის პირველივე წლიდან ჰარი პოტერის მიმართ უარყოფითად განწყობილ პერსონაჟს ფანები ვერ იტანდნენ და იუტუბზე აღტაცებით იწონებდნენ კლიპს, რომელშიც ჰერმიონი სილას უთავაზებს მალფოის. მაგრამ ჰარი პოტერსა და ნახევარპრინცში ვითარება იცვლება — ლორდი ვოლდემორი დრაკოზე ზეწოლას ახდენს და აიძულებს თანასკოლელთა მკვლელობებზეც კი წავიდეს, რის გამოც ბიჭს სასოწარკვეთა და სინდისის ქენჯნა იპყრობს და მის მიმართ ყველას თანაგრძნობა უჩნდება. სულ ბოლოს იგი პოტერს დაეხმარება კიდეც და ეს მისი სამომავლო რეაბილიტაციის წინაპირობა გახდება.

Comments

comments