ფილმები, რომლებსაც ვალენტინობის დღეს უნდა უყუროთ, თუ მარტო ხართ

თუ დღეს, 14 თებერვალს მარტო ხართ, ალბათ დღის განმავლობაში ძალიან მოგბეზრდათ სოციალურ ქსელში წყვილების ფოტოების სქროლვა, საათში ერთხელ სარეკლამო შეტყობინებების წაშლა, მეზობლის კართად დატოვებული ყვავილებიც გაღიზიანებთ და მოკლედ, აღარ იცით რა ქნათ – ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი რამ შემოგთავაზოთ : მოიმარჯვეთ პოპკორნი და ჭიქა ღვინო, მოთავსდით სავარძელში კომფორტულად და ფილმს ჩაუჯექით. რომელს? ამაში ჩვენ დაგეხმარებით.

მოკლედ, წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც უიღბლო სიყვარულის, წარუმატებელი ურთიერთობების და მარტო ყოფნის უპირატესობებზეა. მაშ ასე:

1. შეყვარებულის გარეშე (2016)

ამ სიაშია პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ეს ფილმი იმსახურებს. ეს ფილმი ურთიერთობის დასრულების შემდეგ საკუთარი თავის ძიების საუკეთესო მაგალითია. ამ ფილმის ყველა გმირს სჭირდება ისწავლონ როგორ იყვნენ მარტოები სიყვარულით სავსე სამყაროში.

2 ჭამე, ილოცე, შეიყვარე (2010)

კიდევ ერთი ფილმი, რომლის ყურების შემდეგაც მარტო მოგზაურობის სურვილი გაგიჩნდებათ (ან, მინიმუმ, იტალიური სამზარეულოს დაგემოვნება მაინც მოგინდებათ). სწორედ სხვადასხვა იტალიურ კერძს აგემოვნებს ფილმის მთავარი გმირი (ჯულია რობერტსი), შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას პოულობს კუნძულ ბალიზე…

3. მეჯვარეები (2011)

შეიძლება ფილმი, რომელიც ქორწილზეა, ვალენტინობის მარტო გატარების საღამოსთვის შეუფერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ დამერწმუნეთ, არ ინანებთ, რადგან ის სიყვარულზე არა, მაგრამ საუკეთესო მეგობრობაზე ნამდვილად დაგაფიქრებთ… ფილმი ოსკარზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.

4. სხვა ქალი (2014)

თუ თქვენი ბოლო ურთიერთობის შემდეგ გაბრაზებას ჯერ კიდევ არ გადაუვლია, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა. ამ ფილმში მამაკაცის ცოლი და მისივე ორი საყვარელი ერთიანდებიან, რომ შური იძიონ მასზე…

5. დაივიწყე სარა მარშალი (2008)

ჯეისონ სეგელის, ჯონა ჰილის და რასელ ბრენდის ტრიო თავის თავად ამბობს, რომ ფილმი მხიარულია. თუ გსურთ გაიაზროთ, რატომ არის მარტო ყოფნა კარგი, მიეცით ამ ფილმს შანსი თქვენთან ერთად გაატაროს ვალენტინობა.

6. სამერის 500 დღე (2009)

ეს ფილმი ყველა ადამიანში გამოიწვევს ასოციაციას, ვისაც დაშორება გამოუცდია. ჯოზეფ გორდონ-ლევიტის გმირს შეუყვარდება ქალი, რომელსაც სიყვარულის არ სჯერა. ფილმი სახალისო და ამავე დროს სევდიანიცაა. ფილმი ოქროს გლობუსზე ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

7. ახალი დასაწყისი (2014)

მუსიკოსი გრეტა (კირა ნაითლი), რომელმაც ხანგრძილივი ურთიერთობა დაასრულა, ნიუ-იორკში მარტო რჩება, სანამ უმუშევარ მუსიკალური ლეიბლის ყოფილ დირექტორს (მარკ რუფალო) არ შეხვდება. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის.

8. მიყვარხარ ძმაო (2009)

კიდევ ერთი ფილმი საუკეთესო მეგობრების დასაფასებლად. ეს ფილმი დაგიმტკიცებთ, რომ, როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს თქვენი რომანტიკული ურთიერთობები, მეგობრების გარეშე თქვენი ცხოვრება მაინც ვერ იქნება სრულყოფილი.

9. ჯინსის შარვალი – თილისმა (2005)

ისევ და ისევ საუკეთესო მეგობრები. ფილმი მეგობრობაზე, პირველ სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე და მოგზაურობაზეა. ვის სჭირდება შეყვარებული, როდესაც საუკეთესო მეგობრები არსებობენ?!

10. პირველი ცოლების კლუბი (1996)

ეს სია არ იქნებოდა სრულყოფილი ამ ფილმის გარეშე. ფილმი, სადაც ქალები არიან მარტოხელები და ბედნიერები ერთდროულად. ყველას ჭირდება ადამიანი, რომელსაც დროდადრო მისაბაძად შეხედავს. უყურეთ ამ ფილმს და ისწავლეთ… ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის იყო წარდგენილი.

Comments

comments