გილერმო დელ ტოროს 6 ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ჰორორის და არამარტო ამ ჟანრის მოყვარულებს წლევანდელი ოსკაროსანი, მექსიკელი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს ფილმები გამორჩეულად უყვართ მათი ჯადოსნურობისა და სილამაზის გამო. უცნაური არსებებით სავსე ფილმები ადამიანს აღტაცებას და ძრწოლას ერთდროულად ჰგვრის.

მას შემდეგ, რაც წყლის ფორმამ წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოსკარი დაიმსახურა, დელ ტოროს შემოქმედებით გაცილებით მეტი ადამიანი დაინტერესდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ფილმები, რომლებიც შემფასებელთა აზრით, რეჟისორის შემოქმედებაში საუკეთესოა და მის მისტიკურ-გასაოცარ სამყაროზე შეგიქმნით წარმოდგენას.

გაეცანით გილერმო დელ ტოროს ექვს ფილმს, რომელიც უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ.

1. ფავნის ლაბირინთი

ფილმის მოქმედება 1940-იანი წლების ესპანეთში, სამოქალაქო ომის დროს ხდება და მოგვითხრობს გოგონაზე, სახელად ოფელია, რომელიც ფეხმძიმე დედასთან ერთად მამინაცვალთან, არმიის დესპოტ გენერალთან საცხოვრებლად გადადის. აქედან იწყება ოფელიას მოგზაურობა რეალურსა და ირეალურ სამყაროებს შორის, გოგონა აღმოაჩენს, რომ ზღაპრული ქვეყნის პრინცესაა. ფილმი ნაირნაირ ურჩხულსა და ბევრ ცრემლს გპირდებათ.

2. ჰელბოი

საკმარისია ჰელბოი ნახოთ და მიხვდებით, რაშია გილერმო დელ ტოროს ძლიერი მხარეები. ფილმი ამავე სახლწოდების გრაფიკულ რომანს ეფუძნება და დემონის სუპერგმირად გადაქცევის ქრონიკებს წარმოადგენს. მართალია, გმირი საძაგელი, ბოროტი და შიშისმომგვრელი ჩანს, თუმცა ის ერთადერთია, რომელსაც სამყაროს პარანორმალური ზიანისგან დაცვა შეუძლია. გასაგიჟებელი ზებუნებრივი ქმნილებები (მაგ. პიროკინეტკური შესაძლებლობების ლიზ შერმანი და რეჟისორის საყვარელი “ჰუმანოდი-ამფიბია” აბე საპიენი), პორტალები და ამოუხსნელი მოვლენები – ეს ის ტერმინებია, რაც დელ ტოროს კლასიკას ქმნის.

3. კრონოსი

კრონოსი დელ ტოროს პირველი მხატვრული ფილმია. მისი სიუჟეტი შორეულ 1536 წელს იწყება – ალქიმიკოსი ვერაკრუზი უკვდავების საიდუმლოს აღმოაჩენს – განსაკუთრებული ხოჭო-მექანიზმის წყალობით იგი 1937 წლამდე ცოცხლობს. მაგრამ ამ წელს ის ჩამონგრეულ შენობას ეწირება, გულს კი ნანგრევები უფლეთს. გადის დრო და თანამედროვე ანტიკვარი ხესუს გრისი 400 წლის ხოჭოს, სახელად კრონოსს აღმოაჩენს, რომელსაც სამუდამო სიცოცხლის მონიჭება შეუძლია, თუმცა ამასთან ერთად სისხლისადმი გაუნელებელ ლტოლვასაც გადასცემს. მისტიკური და მზაფრი სიუჟეტი დელ ტოროს სადებიუტო ფილმს საინტერესო სანახავს ხდის.

4. წყნარი ოკეანის ტიტანები

ფილმის მოქმედება ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, რომელშიც დიდი ხნის წინ საშინელი მონსტრები სახელად კაიჯუები ოკეანეში მდებარე პორტალიდან ამოდიან და მასობრივ განადგურებას იწყებენ. ზღვის მონსტრებისგან თავდაცვის მიზნით ადამიანები ქმნიან ჯაგერებს – ადამიანების მიერ მართულ გიგანტებს. რეილი ბეკეტისა და მაკო მორის სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ეს შთამბეჭდავი სურათი დელ ტოროს აუცილებლად სანახავ ფილმების საპატიო სიაშია.

5. ეშმაკის ხერხემალი

გილერმო დელ ტოროს მორიგი გოთიკური შედევრი. ეშმაკის ხერხემალი 12 წლის კარლოსის ამბავია, რომელსაც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მამა ეღუპება, თვითონ კი ბავშვთა სახლში ხვდება. მაგრამ ამ რეალობის მიღმა სხვა რამეც იმალება (სხვაგვარად დელ ტოროს ფილმში როგორ იქნება?) – ბავშვთა სახლი სავსეა უამრავი ბნელი და ამოუხსნელი მოვლენით, რომლებსაც კარლოსი ხედავს. დელ ტორო ეშმაკის ხერხემალს თავის “ყველაზე პერსონალურ” ფილმად მოიხსენიებს, ასე რომ, მისი გამოტოვება არ ღირს.

6. ალისფერი პიკი

ეს ფილმი დელ ტოროს დამახასიათებელი საუკეთესო სიუჟეტით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ვიზუალი მართლაც გასაოცარი აქვს. ალისფერი პიკი ახალგაზრდა ქალზე, ედიტზე და მის გარშემო განვითარებულ უცნაურ მოვლენებზე მოგვითხრობს. ახალდაქორწინებული ედიტი უზარმაზარ, შიშისმომგვრელ გოთიკურ სასახლეში გადადის ქმართან და მის უცნაურ დასთან ერთად საცხოვრებლად და ამოუხსნელი მოვლენებიც იწყება. სასახლე, ისევე როგორც და-ძმა რაღაც საზარელ საიდუმლოს მალავს, რაც ედიტს ცხოვრებას უმწარებს… თავს ნამდვილად არ უნდა მოაკლოთ სუნთქვის შემკვრელი ფერადოვანი სანახაობითა და გოთიკური, შიშისმომგვრელი ზღაპრით ტკბობის სიამოვნება.

Comments

comments