კრისტოფერ ნოლანის 20 ფავორიტი ფილმი

კრისტოფერ ნოლანის შემოქმედებას ყოველთვის გასდევს პერსონის, თავის მოტყუების, რეალობისგან იმედგაცრუების თემები, მძაფრი სიუჟეტი, ნეო ნუარი და ანარქია. ალბათ ყველას აინტერესებს, საიდან მოდის გამოჩენილი რეჟისორის ხედვა, გემოვნება და ინსპირაცია.

წარმოგიდგენთ ნოლანის რჩეული ფილმების ოცეულს, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა რეჟისორის სტილი და ჰუმანური თემების მიმართ მისეული მიდგომა კინოში.

1. ქალები მთვარეზე

გერმანელი რეჟისორის, ფრიც ლანგის 1929 წლის რომანტიკული დრამა მუნჯი კინოს ლეგენდარული ნამუშევარია, რომელიც მთვარეზე ექსპერიმენტულ მისიას გვიხატავს. არაა გასაკვირი, რომ ნოლანი, რომლისთვისაც კოსმოსის მისტიკა ერთ-ერთი უმთავრესი თემაა, სამეცნიერო ფანტასტიკის ამ ძველი კლასიკითაა ინსპირირებული.

2. 12 განრისხებული მამაკაცი

ამერიკელი სიდნი ლუმეტის 1957 წლის დრამაში 12 ნაფიცი მსაჯული არკვევს, დამნაშავეა თუ არა 18 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი მამის მკვლელობა. პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტების სრულყოფილად გაშლა ის მახასიათებელია, რაც ნოლანს ასევე იტაცებს.

3. თავბრუსხვევა

ალფრედ ჰიჩკოკის კლასიკური თრილერი, რომელიც სიურრეალიზმის, სასპენსისა და ვიზუალური სრულყოფილების სინთეზია, ბევრი დიდი რეჟისორის ინსპირაციის წყაროა.

4. ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლის კლასიკური რომანის რობერტ მალიგანისეული ეკრანიზაცია, რომელიც დაქვრივებული ამერიკელი მოსამართლისა და მისი ორი, სასკოლო ასაკის შვილის თავგადასავალს გვიამბობს და ამავე დროს რასიზმის პრობლემას ეხება, ჰუმანიზმის, მამაშვილური ურთიერთობებისა და ბავშვური სიხალასის შესანიშნავი მაგალითია. ეს თემები კრისტოფერ ნოლანისთვის ძალიან ახლობელია.

5. ლოურენს არაბი

დევიდ ლინის მიერ 1962 წელს გადაღებული სათავგადასავლო ფილმი ბრიტანელი ლეიტენანტის, ტ.ე. ლოურენსის ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს. ამ შესანიშნავ სურათში მთელი სიმძაფრითაა ნაჩვენები არაბეთის ნახევარკუნძულზე გადასხმული ბრიტანული ჯარებისა და თურქების შეტაკება და ამ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებული ამბები პირველი მსოფლიო ომის პერიოდში.

6. 2001 წელი: კოსმოსური ოდისეა

ნოლანის ფავორიტებში ამ ფილმის არმოხვედრა შეუძლებელი იქნებოდა. სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა სტენლი კუბრიკის რეჟისორობით, რომელიც არტურ კლარკის ასევე კლასიკურ ნაწარმოებს ეფუძნება, ნამდვილი გზამკვლევია ამ ჟანრით გატაცებული ყველა ადამიანისთვის.

7. მისი აღმატებულობის საიდუმლო სამსახურში

ბონდიანას ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი, რომლის მოქმედება ალპებში მიმდინარეობს და რომელშიც სუპერაგენტი ისევ და ისევ გენიოს ვილანს ებრძვის, განსაკუთრებით დაძაბული სიუჟეტით გამოირჩევა.

8. მექანიკური ფორთოხალი

სტენლი კუბრიკის კლასიკა: დისტოპიური მომავლის ბრიტანეთი, ძალადობრივი დაჯგუფება, წამება განსაკუთრებული მეთოდებით და ბნელი იუმორი. ყველასთვის სანახავი ფილმი ნოლანის ოცეულშიცაა.

9. სოლარისი

ლეგენდარული საბჭოთა რეჟისორის, ანდრეი ტარკოვსკის 1972 წლის კლასიკა, რომელიც ცნობილი ფანტასტის, სტანისლავ ლემის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, უჩვეულო მოაზროვნე პლანეტაზე განვითარებულ ამოუხსნელ მოვლენებს აღწერს და ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა კვლევას გვთავაზობს.

10. სასაკლაო ნომერი 5

კურტ ვონეგუტის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის მთავარი გმირი ბილი, დროსა და სივრცეში მოგზაურობს. იგი გადაურჩა 1945 წლის დრეზდენის დაბომბვას, მას შემდეგ კი ცხოვრობს წარსულში, აწმყოსა და მომავალში – ნამდვილად ნოლანის საყვარელი თემაა.

11. ჩინური კვარტალი

რომან პოლანსკის კრიმინალურ თრილერში კერძო დეტექტივი ცოლქმრული ღალატის საქმის ძიებისას, მკვლელობის ფართოდ გაშლილ სქემას გადააწყდება და მოვლენები რთულდება.

12. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV

ჯორჯ ლუკასის ეპიკური ფანტასტიკის ქრონოლოგიურად პირველი ფილმი მთელი კულტურის დასაწყისად იქცა. სწორედ მეოთხე ეპიზოდის გამოსვლამ დაუდო სათავე ვარსკვლავური ომების სამყაროს, რომელმაც საი-ფაის ყველა მოყვარულზე დიდი გავლენა იქონია.

13. უცხო

რიდლი სკოტის მორიგი კლასიკა შორეულ პლანეტაზე აღმოჩენილი სიცოცხლის ახალი ფორმისა და მის მიერ ეკიპაჟის დევნის შესახებ, მონსტრის წინაშე მარტო დარჩენილი ადამიანის კოშმარზე მოგვითხრობს.

14. ნათება

სტივენ კინგის რომანის ბრწყინვალე ადაპტაცია სტენლი კუბრიკისგან. საშინელებათა კლასიკა, რომელიც განცალკევებით მდგარ შენობაში მყოფი ოჯახის გარშემო განვითარებულ საშინელ მოვლენებზე გვიყვება, ნამდვილი ფსიქოლოგიური კოშმარია.

15. დანის პირზე მორბენალი

ფილიპ კ. დიკის დისტოპიური ნაწარმოების გენიალურ ეკრანიზაციაში, რომელიც რიდლი სკოტს ეკუთვნის, საოცარი სიცხადითაა ნაჩვენები მომავლის სამყარო, ადამიანისა და ანდროიდების დაპირისპირება თუ ურთიერთობა. ეს საკულტო საი-ფაი დრამა შთაგონების წყაროა ნოლანისთვის.

16. ბეტმენი

ტიმ ბარტონის ამ კლასიკურ ეკრანიზაციაში შთამბეჭდავადაა დახატული გამოგონილი ქალაქი გოთემი და მისი გმირები: ბეტმენი, მისი მოწინააღმდეგე ვილანი ჯოკერი და ქალაქის იატაკქვეშა კრიმინალური სამყარო. ბეტმენის მორიგი ისტორიის გადაღებისას ნოლანის ინსპირაცია ეს ფილმიც აღმოჩნდა.

17. ინსომნია

ნორვეგიელი ერიკ სკოლდბერგის 1997 წლის ფილმში შვედი დეტექტივი იონას ენგსტორმი ჩრდილო ნორვეგიაში მიემგზავრება საშინელი მკვლელობის გამოსაძიებლად. რეჟისორის ყურადღება ამ ფილმის მისტიკურმა ვიზუალმა და დაძაბულმა თხრობამ მიიქცია.

18. წვრილი წითელი ხაზი

ტერენს მალიკის დიდებული საომარი დრამა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, წყნარი ოკეანის სამხრეთში მდებარე კუნძულზე ადგილობრივებთან მოხვედრილი ამერიკელი ჯარისკაცის ამბავსა და გუადალკანალის კონფლიქტს რეალისტურ ფერებში გვიხატავს.

19. პაპრიკა

სატოში კოის 2006 წლის ანიმე განსაკუთრებული ფერადოვნებითა და სიურრეალისტური ხილვებით გამოირჩევა. სამეცნიერო ფანტასტიკის შინაარსის მქონე ფილმში ადამიანის სიზმრებში მოგზაურობაა დახატული.

20. შეპყრობილი

და ბოლოს, განსაკუთრებული არჩევანი: ლა ლა ლენდის რეჟისორის, დემიენ შაზელის მუსიკალური დრამა ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსზე მოგვითხრობს, რომელიც დრამზე დაკვრას ეუფლება განსაკუთრებით მკაცრი და ბრაზიანი მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ. ესაა ფილმი წარმატებისკენ მიმავალი ადამიანის სიძნელეებზე და ალბათ სწორედ ამიტომ დაიმსახურა კრისტოფერ ნოლანის ყურადღება.

Comments

comments