ყველა დროის 15 საუკეთესო დისტოპიური ფილმი

დანის პირზე მორბენალის დენი ვილნევისეული სიქველი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ფილიპ დიკის საი-ფაი წიგნში (“ოცნებობენ ადროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?”) აღწერილი სამყარო, რომლის ბრწყინვალე კინოადაპტაცია რიდლი სკოტს ეკუთვნის, ჟანრის კლასიკადაა მიჩნეული და საკულტო დისტოპიების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.

ამ კოლექციაში ყველა დროის საუკეთესო დისტოპიებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც კაცობრიობის სასტიკ მომავალს გვიხატავენ და კრიტიკოსების მიერ სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრებადაა მიჩნეული.

 

1. ხელოვნური ინტელექტი

პინოქიოს ისტორიის დისტოპიური ვერსია — სულისშემძვრელი ამბავი არც ისე შორეული მომავლიდან, როდესაც ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი რობოტი ბიჭუნაა ნამდვილი გრძნობებითა და ემოციებით, რომელიც ოცნებობს, ნამდვილ ბიჭუნად იქცეს. სტივენ სპილბერგის ეს საოცარი ფილმი, დასამახსოვრებელი პერსონაჟებითა და გულისამაჩუყებელი მომენტებით, ადამიანისა და ჰუმანოიდი რობოტის ურთიერთობების სირთულეებზე მოგვითხრობს.

2. მატრიცა

ვაჩოვსკების ეს ლეგენდარული ტრილოგია უკვე თამამად შეიძლება საი-ფაის საკულტო წარმომადგენლებს მივაკუთვნოთ. ჰაკერი ნეოსა და ტერორისტი მორფეუსის დაპირისპირება იმ უმთავრესი შეკითხვის გარშემო ვითარდება, რომელმაც მატრიცა გარდამტეხ ფილმად აქცია: რა მოხდება, როცა ჩვენ მიერ შექმნილი ტექნოლოგიები ჩვენზე გონიერები გახდებიან?

3. განსხვავებული აზრი

დისტოპიების დიდი შემოქმედის — ფილიპ დიკის წიგნის მორიგი შესანიშნავი ეკრანიზაცია. ფილმის მოქმედება 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში ვითარდება. ჯონ ანდერტონი “პრეკრიმინალური” პოლიციის უფროსია. პრეკრიმინალური პოლიცია კი ნიშნავს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად გახდება ამ სისტემის მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს მას. შეძლებს თუ არა ანდერტონი, იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?

4. V ანუ ვენდეტა

ალან მურის 80-იანების საკულტო, ამავე სახელწოდების შესანიშნავი გრაფიკული რომანის ეკრანიზაცია. დისტოპიური სიუჟეტი ბრიტანეთის მომავალში ვითარდება, როდესაც ქვეყნის სადავეები ფაშისტურ-ტოტალიტარულ რეჟიმს და მასობრივ კონტროლს უპყრია. ხელისუფლებამ გაანადგურა კულტურა და ჰუმანური ღირებულებები, მოსახლეობა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ახალგაზრდა ქალი, სახელად ივი,  საბედისწერო სიტუაცაში გადაარჩინა ნიღბიანმა უცნობმა პირობითი სახელით “V”. შეუდარებლად ქარიზმატული და საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფული, ცბიერი “V” მარტო იწყებს რევოლუციას, თანდათანობით, მიზანმიმართულად ანადგურებს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებს და თანამემამულეებს მოუწოდებს, აღუდგნენ ტირანიასა და ჩაგვრას.

5. შიმშილის თამაშები

სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების ტრილოგია მსოფლიო ბესტსელერია, მისმა ეკრანიზაციამ კი მსოფლიო დაიპყრო. ნაწარმოების სიუჟეტი ვითარდება შიმშილისა და ომის შედეგად პლანეტაზე დარჩენილ ერთადერთ კონტინენტ პანემზე, რომელიც  12 რაიონისგან შედგება, დედაქალაქს კი კაპიტოლიუმი ეწოდება. ყოველ წელს თითოეული რაიონიდან ლატარიის პრინციპით ირჩევენ ორ წარმომადგენელს, რომლებიც სასტიკ “შიმშილის თამაშებში” მონაწილეობენ და მათგან ცოცხალი მხოლოდ ერთი ბრუნდება. თამაშის ტრანსლაცია მთელ პანემში გადაიცემა, მოქალაქეები კი ვალდებულნი არიან, უყურონ, თუ როგორ ცდილობენ მონაწილეები თამაშიდან ერთმანეთის გამოთიშვას. 16 წლის ქეთნის ევერდინი, რომელიც შიმშილის თამაშებში უმცროსი დის ნაცვლად გავიდა, თამაშებს ცოცხალი გადაურჩა და ამიერიდან ის ხდება ტირანი კაპიტოლიუმის წინააღმდეგ ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლის სიმბოლო.

6. გატაკა

ეს ფილმი მოგვითხრობს საზოგადოების შესახებ, სადაც ადამიანების სტატუსს მათი დნმ-ის ხარისხის მიხედვით აფასებენ. ეტან ჰოუკის პერსონაჟი ცდილობს მისი გენის სისუსტის გამო სხვა ადამიანის იდენტობა მიითვისოს, რათა უკეთესი ცხოვრების სტილით იცხოვროს. ეს საინტერესო ნამუშევარი ეჭვქვეშ აყენებს გენეტიკური ინჟინერიის დადებითობას.

7. იდიოკრატია

ამერიკის შეერთებული შტატების მომავლის შესახებ გადაღებული სატირული ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ელის იმ ქვეყანას, რომლის მოსახლეობის ინტელექტიც შესამჩნევად იკლებს თაობიდან თაობამდე. ხანგრძლივი ძილის რეჟიმში მყოფი ლუკ უილსონის ჭკვიანი პერსონაჟი გამოღვიძებისას აღმოაჩენს, რომ სანამ მას ეძინა, ამერიკელი ხალხის ინტელექტმა ძალიან იკლო და ახლა ქვეყანას გაუნათლებელი დამიანები მართავენ, რომლებმაც წყალის გამოყენებაც კი არ იციან. ეს არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე რეალური და სასაცილო სახის ასახვა.

8. უოლ-ი

დისნეის ცნობილი ნამუშევარი ნაგვის გადამამუშავებელი რობოტის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. დედამიწა დიდ ნაგავსაყრელად არის ქცეული, სადაც სწორედ უილ-ის აბარია ნაგავსაყრელის მოწესრიგება. რობოტი შემთხვევით კოსმოსში გაემგზავრება და იმ ხომალდზე აღმოჩნდება, სადაც დედამიწიდან გაქცეული ადამიანების რასა და მათი შთამომავლები ცხოვრობენ. ეს არის ყველაზე ნაკლებად დეპრესიული ფილმი, რომელიც ძალიან შემაძრწუნებელ მომავალზე მოგვითხრობს.

9. შეშლილი მაქსი

უდაბნოს წიაღში გაშლილი სცენარი მოგვითხრობს მომავლის სამყაროს შესახებ, სადაც მთავარ ვალუტას წყალი წარმოადგენს. მისი ნაკლებობისგან გადაგვარებული ადამიანთა რასის წარმომადგენლები გამუდმებულ ბრძოლაში არიან, რათა ძალაუფლება მოიპოვონ ერთმანეთზე და წყლის მარაგზე.

10. თოვლისმჭრელი

გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლი მსოფლიო დამარცხდება და არასწორი ექსპერიმენტების გამო, დედამიწა გაყინვას იწყებს. ეს ტრაგედია ყველა სულიერს განადგურებით ემუქრება და გადარჩება მხოლოდ ის, ვინც სუპერმატარებლით გაემგზავრება. ეს ტრანსპორტი გამუდმებით მოძრაობს ეკვატორის გარშემო და სხვადასხვა კლასის ადამიანების ვაგონებათ არის დაყოფილი. მდიდარი ნაწილი იდელაურად მოწყობილ ნაწილში იმყოფება მაშინ, როდესაც ღარიბი მოსახლეობა მატარებლის უკანა ნაწილში იტანჯება. კრის ევანსის პერსონაჟი სწორედ ამ ადამიანებს შორისაა და ცდილობს, აჯანყებით დაარეგულიროს უსამართლო ბალანსი.

11. ლობსტერი

საზოგადოებაში, სადაც ყველა ადამიანს დაწყვილება მოეთხოვება, დევიდი (კოლინ ფარელი) ცოლის გარეშე რჩება და ახალი პარტნიორის მოსაძებნად სპეციალურ სასტუმროში მიდის. იმ შემთხვევაში, თუ 45 დღეში წყვილს ვერ შეარჩევს, დევიდი ცხოველად გადაიქცევა.

12. კაცობრიობის შვილი

გაუთავებელი ომებისა და უნაყოფობის ეპოქაში კაცობრიობა გადაშენების პირასაა. სწორედ ამ დროს პარტიზანული ჯგუფი აღმოაჩენს ქალს, რომელიც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე პირველი ადამიანი, ვინც დაორსულდა. მათი მთავარი მიზანი ქალისა და მისი მომავალი შვილისთვის უსაფრთხო ადგილის პოვნა ხდება. ფილმს შესანიშნავი სამსახიობო ანსამბლი ჰყავს, ქლაივ ოუენისა და ჯულიანა მურის მონაწილეობით.

13. მექანიკური ფორთოხალი

როდესაც ბანდიტური დაჯგუფების ლიდერს (მალკოლმ მაკდაუელი) კრიმინალური ქმედებებისთვის აპატიმრებენ, ის თანხმდება მოხალისეობრივ ექსპერიმენტს, რომელიც მისი სოციოპათიური მიდრეკილებების გამოსწორებას ისახავს მიზნად. ფილმი დაფუძნებულია ინგლისელი ავტორის ენტონი ბერჯესის ამავე სათაურის მქონე ნოველაზე.

14. დანის პირზე მორბენალი

მომავლის ლოს ანჯელესში ადამიანების მსგავსი არალეგალური რობოტები პოლიციელების, იგივე დანის პირზე მორბენალების სამიზნეში ექცევიან. მათ შორის არის ყოფილი ბლეიდ რანერი (ჰარისონ ფორდი), რომელსაც სამსახურში კონკრეტული მისიით აბრუნებენ – მან ოთხი აჯანყებული რობოტი უნდა იპოვოს, რომელთაც ხომალდი გაიტაცეს.

15. ბრაზილია

სემ ლორი (ჯონათან პრაისი) უზარმაზარი ტოტალიტარული სახელმწიფოს ბიუროკრატიული მანქანის ერთერთი პატარა ნაწილია. ის ყოველთვის თავს არიდებს უსიამოვნებებს, მაგრამ ერთ დღეს საბუთში აღმოჩენილი იმ შეცდომის გამოსწორებას გადაწყვეტს, რომელმაც, შესაძლოა, უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრება გამოიწვიოს.

Comments

comments