ავტორი: ბექა სუხიტაშვილი
ბათუმთან ჩემი პირველი კონტაქტი შედგა: ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე, რომელთა ყურებაც გაუთავებლად შემიძლია, მაგალითად, როგორ ეხეთქება ქვიან სანაპიროს აქაფებული ტალღა. როდესაც ყურსასმენში საყვარელი მელოდია ისმის და ხალხით სავსე ბულვარზე მიაბიჯებ, ალბათ, საუკეთესო შეგრძნებაა. მერე რომელიმე სკამზე ჩამოჯდები და უყურებ, როგორ ჩადის მზე მუქ ღრუბლებში, კინოფესტივალის ბოლო დღე კი საოცარი ნუგბარი ფილმით გაგვიმასპინძლდა.
საკონკურსო სექციაში ბოლო ორი ფილმი ვიხილეთ. იტალიელი რეჟისორის, ალიჩე რორვახერის “ლაზარესავით ბედნიერი“, რომელმაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გაიმარჯვა და ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი“.

რორვახერმა გვაჩვენა კინო თავისი ნამდვილი არსით: ჯადოსნური, პოეტური, ბიბლიური ალუზიებით გაჯერებული, თან რეალისტური და ნამდვილი, საოცრად გულისმომწურავი და იმედისმომცემი. შეუძლებელია მთავარი გმირი, ლაზარე (ადრიანო ტარდიოლოს გმირი) არ შეგიყვარდეთ, მისი კეთილი სახე. მის არსებაში სიცრუეს და სიყალბეს ადგილი არ აქვს. ლაზარე ყველაფერი კარგის ბუკეტია რაც ამ სამყაროში შეიძლება ადამიანს შეხვდეს, მაგრამ სამყარო ლაზარეს ირგვლივ, სამწუხაროდ, მისგან სრულიად განსხვავებულია.
რორვახერი თავიდან ერთ ჩაკეტილ სინამდვილეზე გვიყვება, სოფლის მაცხოვრებლებზე, რომლებიც მატყუარა ბატონის ქვეშ მონებად ქცეულან და წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობენ, ხოლო ფილმის მეორე ნაწილში საზღვრები ფართოვდება და თანამედროვე იტალიაში გადავდივართ. ირგვლივ ყველაფერი იცვლება ლაზარეს გარდა და შეუძლებელიცაა შეიცვალოს, რადგან სიკეთე და სიყვარული მუდმივია.
კიდევ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება რორვახერის ფილმზე, თავისი დეტალური განხილვით, მაგრამ ერთი რამ ცხადია: საკონკურსო სექციაში გამარჯვების რეალური კანდიდატია. რორვახერის ფილმის შემდეგ ნაჩვენები იქნა ყაჯრიშვილის “ჰორიზონტი“, რომელიც ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაზე და განქორწინების მძიმე პროცესზეა.

დებიუტიდან ოთხი წლის შემდეგ ყაჯრიშვილის ფილმი უფრო მეტად თანმიმდევრულია, თუმცა პატარა ხარვეზები მაინც გამოჩნდა. სამსახიობო გუნდი მშვენიერია, განსაკუთრებით მოხუცები და მთავარი მსახიობი მამაკაცი, გიორგი ბოჭორიშვილი. ფილმი მხოლოდ მთავარი თემის ირგვლივ არ ტრიალებს და მოხუცების ხაზმა ძალიან კარგი მუხტი გააჩინა. ცოტა არადამაჯერებელია გიორგის განცდები ფილმის ბოლოსკენ, როცა ვერაფრით ეგუება განქორწინების პროცესს. სასოწარკვეთამ ის საბოლოოდ ირიბ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. ფილმის ფინალში მარიკას განცხადება, თითქოს გიორგი მასზე დაქორწინებას აპირებდა და ბევრი ერთობლივი სამომავლო გეგმებიც ქონდათ, არაბუნებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამის თქმა ყოფილი მეუღლის, ანას დანამუსებას ხომ არ ემსახურებოდა?
სუსტი, უინტერესო და მელოდრამატული ფილმი შემოგვთავაზა ირანელმა რეჟისორმა ასგარ ფარჰადმა, “ყველამ იცის“, რომელმაც წელს კანის კინოფესტივალი გახსნა. განქორწინების შემდეგ სტაგნაცია შეიმჩნევა რეჟისორთან. თითქოს ფილმს ნაკლი არ აქვს, მაგრამ არც რაიმე ღირშესანიშნავი გააჩნია.
ბათუმის მე-13 კინოფესტივალის დახურვის ცერემონია ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა. როგორც ვივარაუდე რორვახერის ფილმმა სამ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის, საუკეთესო რეჟისურაში. პრიზების ასაღებად ფილმის ერთ-ერთი მსახიობი, იტალიაში მცხოვრები ქართველი ლუკა ჩიქოვანი ადიოდა, რომელიც ძალიან გახარებული ჩანდა ამ ყველაფრით. საუკეთესო ფილმად “რეი და ლიზი” დასახელდა, ხოლო სპეციალური აღნიშვნა “სტიქსმა” და “ჰორიზონტმა” დაიმსახურეს. გამარჯვებულთა სრული სია ნახეთ აქ.