სიყვარული ის თემაა, რომელსაც ხელოვნების ამა თუ იმ სფეროში ყველაზე მეტი ნამუშევარი ეძღვნება და გამონაკლისს არც ფილმები წარმოადგენს. ჩვენ ერთხელ უკვე მიმოვიხილეთ უკანასკნელი ათწლეულების 10 საუკეთესო კინოწყვილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი საკმარისი არ არის…
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ათეული შეგვედგინა იმ ფილმებზე დაყრდნობით, რომლებიც რომანტიკული პერსონაჟების სიყვარულის ისტორიებს მოგვითხრობენ:
1. რეტ ბატლერი და სკარლეტ ო’ჰარა – ქარწაღებულნი
ფილმის სიუჟეტი აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, სამოქალაქო ომის პერიოდში ვითარდება და მოგვითხრობს ახალგაზრდა, თავქარიანი სკარლეტის შესახებ, რომელიც უგონოდ არის შეყვარებული მამაკაცზე, რომლის გულიც უკვე დაკავებულია.
2. პოლი და ჰოლი – საუზმე ტიფანისთან
ჰოლი ახალგაზრდა და ლამაზი ქალბატონია, რომელიც მდიდარ მამაკაცებს კომპანიონობას უწევს და სანაცვლოდ ფუფუნებაში ცხოვრობს… მას არ სურს სერიოზული ურთიერთობა, თუმცა ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მის მეზობლად პოლი დასახლდება.
3. ჰარი და სალი – როდესაც ჰარი შეხვდა სალის
ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და მათი ცხოვრების გზები გამუდმებით იკვეთება, თუმცა ყოველთვის ცდილობენ, ვნებებს არ აყვნენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ მეგობრობას დაანგრევს.
4. ვივიენი და ედვარდი – ლამაზმანი
მდიდარი და წარმატებული იურისტი მეძავს ქირაობს, რათა საზოგადოებაში თავის მეგობარ გოგონად წარადგინოს… თავიდან ეს ყველაფერი მართლაც დადგმული სპექტაკლია, რომელიც რეალურ სიყვარულში გადაიზრდება.
5. სელინი და ჯესი – მზის ამოსვლამდე
ფრანგი გოგონა და ამერიკელი ბიჭი ერთმანეთს მატარებელში ხვდებიან და მომდევნო 24 საათს ერთად ატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი ვენის ქუჩებში დასეირნობენ და ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ… ისტორიის გაგრძელებას კი მაყურებელი ფილმის მეორე და მესამე ნაწილებში იხილავს.
6. მისტერ და მისის სმიტები
ფილმი, რომლის გადასაღებ მოედანზეც, ანჯელინასა და ბრედს ერთმანეთი რეალურად შეუყვარდათ – სიუჟეტი მოგვითხრობს ოჯახის შესახებ, სადაც ცოლიც და ქმარიც ერთმანეთის წინააღმდეგ დაქირავებული ჯაშუშები არიან.
7. ტიფანი და პეტი – იმედის სხივთა კრებული
ბიპოლარული აშლილობით შეპყრობილი პეტი ფსიქიატრიული კლინიკიდან სახლში ბრუნდება და ყოფილ ცოლთან შერიგებას ცდილობს, რაშიც მას ტიფანი ეხმარება. სანაცვლოდ კი, პეტმა მასთან ერთად ცეკვის კონკურსში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
8. ბობი და შარლოტი – თარგმანში დაკარგულები
საშუალო ასაკის ამერიკელ მსახიობი ტოკიოში, ვისკის რეკლამის გადასაღებად იმყოფება და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობს მანამ, სანამ არ გაიცნობს მასზე გაცილებით ახალგაზრდა, დაქორწინებულ ქალს და მასთან უცნაურ სულიერ კავშირს იგრძნობს.
9. ლუსი და ჰენრი – 50 პირველი პაემანი
ჰენრის უყვარდება გოგონა, რომელსაც გადატანილი ტრავმის გამო ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. სწორედ ამიტომ, მამაკაცს ყოველდღე ახლიდან უწევს საყვარელი ქალისათვის თავის გაცნობა და მისი მოხიბვლა…
10. კლემენტინი და ჯოელი – ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება
არსებობს კომპანია, რომელსაც ადამიანების გონებიდან არასასიამოვნო ან მტკივნეული მოგონებების ამოშლა შეუძლია… სწორედ ამ ხერხს მიმართავენ კლემენტინი და ჯოელი იმისთვის, რომ ერთმანეთი დაივიწყონ.