ლინდსი ლოჰანი ჰოლივუდის პოპულარული ვარსკვლავია, მაგრამ მის მიღმა საკმაოდ პრობლემური წარსული იმალება და იგი ამ მხრივ ლოჰანების ოჯახიდან გამონაკლისი სულაც არაა. ძალადობა, ვალები, ოჯახური სკანდალები… ლოჰანებს, მრავალი ხმაურიანი ამბავი აქვს გადატანილი, თუმცა მათ ამ მომენტების გახსენება სულაც არ სურთ.
ჩვენ კი ლინდსი ლოჰანთან და მის ოჯახთან დაკავშირებულ ყველაზე სკანდალურ, ამბებს წარმოგიდგენთ – მათი ცხოვრების “ბნელ” მხარეებს, რომლების მიჩქმალვასაც ლოჰანები ასე ცდილობენ.
ლინდსი ლოჰანი მალავდა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა
ლოჰანების ოჯახს ბობოქარი, მათ შორის ტრაგიკული ამბები არ აკლდა. ოჯახის თითქმის ყველა წევრი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა პრეპარატსა თუ საშუალებაზე ყოფილა დამოკიდებული. ლინდსი ამის გამო დააკავეს კიდეც, თუმცა მხოლოდ 2007 წელს (როცა მსახიობი 21 წლის იყო), სინამდვილეში კი მისი “ცუდი ჩვევები” რამდენიმე წლით ადრე გამოვლინდა.
მსახიობის მამამ, მაიკლ ლოჰანმა The Sun-ს განუცხადა, რომ ამომავალ ვარსკვლავს 18 წლის ასაკში უკვე გამოცდილი ჰქონდა კოკაინის ზედოზირება (2006 წელს ფილმ Just My Luck-ის გადაღების პერიოდში) – მაიკლისა და ლინდსის დედის – დინა ლოჰანის დაშორებიან მალევე. ლინდსიმ ნარკოტიკები ნიუ-ორლეანში მიმდინარე გადამღები ჯგუფის ასისტენტებისგან იშოვა და კოკაინი მიიღო.
“ისე გავცეცხლდი, რომ სახლში იარაღი მოვძებნე – ნიუ-ორლეანში წასვლა და მისი მოკვლა მინდოდა.”
ლინდსის მამის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა 2013 წელს ინტერვიუში დაადასტურა, რომ 2007 წელს კოკაინის მიღებისთვის დააკავეს და ეს ნარკოტიკული საშუალება ცხოვრებაში რამდენჯერმე გაესინჯა. თუმცა, როგორც შემდგომ ცხადი გახდა, მსახიობი კოკაინს ხშირად ეტანებოდა.
ის იძულებული გახდა, მშობლიური სახლიდან წასულიყო
სხვა პრობლემებთან ერთად, თინეიჯერი ლინდსი იძულებული გახდა, მშობლიური სახლი დაეტოვებინა. როგორც სანდო წყარომ Radar Online-ს განუცხადა, მსახიობს აღარ შეეძლო ლოს-ანჯელესში ცხოვრება და იძულებული გახდა, დედასთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო ლონგ აილენდის სახლში. იმის გამო, რომ დეპოზიტის ან ქირის ფული არ ჰქონდა, ლინდსი იძულებული გახდა, სახლის ნაწილი დაეგირავებინა. ამას ბანკთან პრობლემებიც დაემატა – ლინდსის და დედამისს 200 ათასამდე დოლარის ვალი დაუგროვდათ, რის გამოც ბანკმა მათი ანგარიშები გაყინა.
წყაროს თანახმად, ლინდსი მეგობარს შეეხვეწა, სოჰოში მდებარე აპარტამენტი დაეთმო, მაგრამ მეგობარი უარზე იყო, რადგან მეტად დაუდევარი მაცხოვრებელი იყო და ამასთან, “ბუხარივით” აბოლებდა.
დინამ ლინდსისგან 40 ათასი ისესხა სახლი რომ დაეხსნა
მას შემდეგ, რაც ლინდსის მშობლებმა ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, დინა ბავშვებთან ერთად ლონგ-აილენდში გადასახლდა, თუმცა მალევე შეექმნა ფინანსური პრობლემები. The Long Island Press-ის თანახმად, 2012 წელს დინამ ქალიშვილისგან 40 ათასი ისესხა, რათა სახლი გაყიდვისგან გადაერჩინა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ხსნა აღმოჩნდა. დაახლოებით ერთ წელიწადში მან სახლის ნაწილი მაინც დაკარგა და ლოჰანების საცხოვრებელი დღემდე გაგირავებულია.
მაიკლ ლოჰანს საყვარლისგან შვილი შეეძინა
მართალია, მაიკლ ლოჰანის არაკანონიერ კავშირებზე დინასთან ქორწინების პერიოდშიც დადიოდა ჭორები, ბევრმა არ იცოდა, რომ მას საყვარლისგან შვილიც ჰყავს. ეშლი ჰორნი ლინდსის დის, ალის შემდეგ და მისი ძმის, კოდის დაბადებამდე გაჩნდა, თუმცა ბიოლოგიურ მამას 17 წლამდე არ შეხვედრია.
მაიკლმა მამობის დასადგენად დნმ ტესტი გაიარა და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ეშლი თავის ქალიშვილად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში უარს ამბობდა ალიმენტის გადახდაზე.
ლინდსის ჰქონდა ინფორმაცია ჰორნის დედის მიერ სასამართლოში შეტანილი განცხადების შესახებ, თუმცა მამამ რომ დნმ ტესტი ჩაიტარა, ამის შესახებ, სანამ ამბავი არ გამჟღავნდა, არ იცოდა. მსახიობმა ნახევარდა არცთუ უხმაურო და ნორმალური გზით “აღმოაჩინა”, შესაბამისად, მთელ ამ სიტუაციას მეტად უსიამოვნოდ თვლიდა.
მისმა ნახევარდამ თთქმის 25 ათასი დახარჯა პლასტიკურ ოპერაციებში, რათა ლინდსის დამსგავსებოდა
დნმ ტესტით მაიკლის მამობის დადასტურების შემდეგ ეშლიმ მიზნად დაისახა, ლინდსის “გაჯიბრებოდა” და ისეთი გარეგნობისა დამდგარიყო, როგორიც “ლინდსი 18-19 წლის ასაკში გამოიყურებოდა”. პლასტიკურ ოპერაციებში ათასობით დოლარის დახარჯვის შემდეგ ეშლი იკვეხნიდა, რომ “ლინდსიზე სექსუალურია”. ერთ-ერთ თოქშოუში სტუმრობისას მან ისიც კი განაცხადა, რომ უნდოდა თუ არ უნდოდა ლინდსის, ის მისი და იყო და უნდა მიეღო.
გაჟონა მისი სექსპარტნიორების სიამ
სექსუალურ პარტნიორებს თითქმის ყველა საიდუმლოდ ინახავს, მაგრამ ლინდსის სამწუხაროდ, 2014 წელს მთელი მისი პარტნიორების სიამ გაჟონა. InTouch Weekly-ის მიხედვით, სანდო წყარომ ტაბლოიდს მიაწოდა ხელით ნაწერი სია, რომელშიც ლინდსის მიერ დასახელებული ვარსკვლავური სექსპარტნიორები იყო ჩამოთვლილი. მათ შორის ჯასტინ ტიმბერლეიკი, ზაკ ეფრონი, ჰიტ ლეჯერი… საუბრის მერე ლინდსიმ სია შუაზე გადახია, მაგრამ ნარჩენები არასწორ ხელში მოხვდა. თავად ლინდსის ეს ამბავზე ყურადღების მისაქცევად არც ჩაუთვლია.
მან ყოფილ საქმროს ბრალი დასდო, თითქოს იგი სიკვდილით დაემუქრა
ლინდსის ურთიერთობა რუს მილიონერ იგორ ტარაბასოვთან თავიდანვე ხმაურიანი იყო. ჯერ იყო და, მედიაში გავრცელდა ჭორები, თითქოს იგორმა მას ახალგაზრდა რუს მეძავთან უღალატა. შემდეგ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც წყვილი პლაჟზე იმყოფებოდა და ტარაბასოვი ცდილობდა, ლინდსისთვის ხელიდან მობილური გამოეგლიჯა.
რუსულ არხთან ინტერვიუში ლინდსიმ განაცხადა, რომ მისმა საქმრომ დაშორების შესახებ ცნობა ძალიან მტკივნეულად მიიღო, ერთი ღამით მის საცხოვრებელში შეიჭრა და სახეში სილა გააწნა. მსახიობი ყვებოდა, რომ ფანჯრიდან გადაძვრა და თან ყვიროდა “ჩემი მოკვლა უნდა, პოლიცია გამოიძახეთ!”
მეზობელი აივნიდან ჩაწერილ ვიდეოში მართლაც ჩანს, რომ წყვილი აივანზე ჩხუბობს, ლინდსი კი ყვირილით ითხოვს დახმარებას. ამ ინციდენტის მედიაში გავრცელების მერე ლინდსიმ საკუთარ ინსტაგრამზე ფოტოც კი დადო იმის დასტურად, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ტარაბასოვმა ლინდსის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საკუთარ რეპუტაციას ბოლომდე დაიცავს.
მაიკლ ჯუნიორი იდეების მითვისებაში დაადანაშაულეს და იგი დროებით იზოლატორშიც მოხვდა
ლოჰანების ოჯახის “პოპულარობას” მათი ნაკლებად “სკანდალური” წევრი, მაიკლ ჯუნიორიც არ ჩამორჩა – მას ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა… იდეების მოპარვაში დასდო ბრალი. ფიმა პოტიკმა მაიკლ ჯუნიორისა და მისი დისგან, ლინდსისგან სასამართლოში 60 ათასი დოლარი მოითხოვა პოტიკის ონლაინ გაყიდვების კომპანიის სავაჭრო საიდუმლოებებისა და ხერხების მოპარვის გამო. მათ შორის ხელშეკრულება მანამდე დაიდო, სანამ პოტიკი კოლეგებს პროგრამაზე წვდომას, მრჩეველთა სიას, პოტენციური შემოსავლების შესახებ ინფორმაციას და აპლიკაციის ბეტა ვერსიას გადასცემდა. ამის შემდეგ ლოჰანებმა გუნდი დატოვეს და საკუთარი აპლიკაცია, სახელად Vigme შეიმუშავეს, რომელიც იმავე სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს.
მაგრამ მაიკლ ჯუნიორის სამართალდამცავებთან ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება. 2015 წელს ის პარკირების წესების დარღვევის გამო მანქანის წაღებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო დროებით დააკავეს.
ლინდსის ქურდობაში არაერთხელ დასდეს ბრალი
გარდა იმისა, რომ ლინდსი გადასახადებისგან თავის არიდებაშია შემჩნეული, მას რამდენიმე შემთხვევაში სამკაულების მოპარვაშიც დასდეს ბრალი.
2011 წელს ლინდსი ლოს-ანჯელესის საიუველურო ბუტიკიდან 2500-დოლარიანი ყელსაბამის მოპარვაში დაადანაშაულეს. პაპარაცებმა დააფიქსირეს კადრი, როცა პოლიციამ მსახიობი ყვითელი ალმასით შემკული ყელსაბამით ხელში დააკავა.
წყაროს ცნობით, ბუტიკში მსახიობს ნება მისცეს, ალმასის ყელსაბამი და კიდევ რამდენიმე სამკაული მოესინჯა. როცა გამყიდველმა მას ბეჭედზე ფასი იმდენად არ დაუკლო, რამდენსაც ლოჰანი სთავაზობდა, მსახიობმა აღნიშნული ყელსაბამი თან გაიყოლა. შემდეგ ლოჰანი აცხადებდა, რომ ყელსაბამი შემთხვევით გაჰყვა, გამყიდველი კი ამტკიცებდა, რომ მან ეს სპეციალურად გააკეთა. საბოლოოდ ლოჰანს ციხეში 120 დღე გატარება მოუწია.
ამგვარი ინციდენტები მოხდა 2008, 2009, 2010 და 2012 წელსაც, თუმცა აღნიშნული შემთხვევების გამო ლინდსი არ გაუსამართლებიათ.
მომზადებულია nickiswift.com-ის მიხედვით