მაშო მელქაძე: “თითოეული შეცდომა ჩემი ისტორიის ნაწილია”

(ბლიც-ინტერვიუ მსახიობ მაშო მელქაძესთან)

 

მსახიობობა ავირჩიე იმიტომ, რომ: ამაზე პატარაობიდან ვოცნებობდი. სხვა პროფესიაზე არც არასდროს მიფიქრია.

მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი: ბავშვთა ექიმი. თუმცა, ასევე მიყვარს კულინარია და სიამოვნებით ვიქნებოდი შეფ-მზარეული.

სიამოვნებით ვითამაშებდი:  ნებისმიერ საინტერესო ფილმში. გამოვარჩევდი ისტორიულ/დრამატულ როლებს.

მე უნდა მეცხოვრა: მომავალში (იცინის). თუმცა, ძალიან მხიბლავს მეთვრამეტე საუკუნის სამოსი… მიხარია, რომ საქართველოში დავიბადე, ჩემს საქმეში საკმაოდ ბევრს მივაღწიე და ახლა იმავეს ვცდილობ ამერიკაში, სადაც ამჟამად ვიმყოფები.

ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩემი შვილი, საყვარელი ადამიანები, მეგობრები და საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

მიყვარს: სისუფთავე, სილაღე, იმის კეთება, რაც გარშემომყოფებს ბედნიერებას ანიჭებს, და ჩემი მძინარე შვილის ყურება.

მძულს: ტყუილი, უპასუხისმგებლობა, არაჯანსაღი კრიტიკა.

მეშინია: გაურკვევლობის, საყვარელი ადამიანების დაკარგვის… კიდე გველის მეშინია ძალიან.

ვოცნებობ: ალმოდოვარის ფილმში მთავარი როლის შესრულებაზე (იცინის).

მომწონს საკუთარ თავში: ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ ვკარგავ იუმორის გრძნობას და თუ რაიმე საქმეს ვაკეთებ, ვაკეთებ ბოლომდე, მთელი გულით.

არ მომწონს საკუთარ თავში: საშინლად პირდაპირი ვარ, რის გამოც ხშირად მექმნება პრობლემა. ასევე, ემოციური ვარ და ფეთქებადი.

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ: გულწრფელობას, პატიოსნებას, სიკეთეს.

სხვებში ყველაზე მეტად მაღიზიანებს: ტყუილი, სიბინძურე, ბოროტება, პირფერობა.

არასოდეს გავაკეთებ: სიგარეტს არ შევეშვები, გველს ვერ შევიყვარებ.

ვნანობ: ბევრ რამეს, თუმცა, არაფერს შევცვლიდი, რადგან თითოეული შეცდომა ჩემი ისტორიის ნაწილია.

მჯერა: რომ სასწაულები ხდება და დიდი ტკივილის შემდეგ ბედნიერება აუცილებლად მოვა.

თავისუფლება ნიშნავს: როცა უსაზღვროდ ბედნიერი ხარ და ამით ზიანს არავის აყენებ.

 

მოამზადა მარი ბექაურმა

 

Comments

comments