გიგა დათიაშვილი: “სიამოვნებით ავფეთქდებოდი ნაღმზე ტარანტინოს ნებისმიერ ფილმში”

(ბლიც-ინტერვიუ მსახიობ გიგა დათიაშვილთან)

 

მსახიობობა ავირჩიე იმიტომ, რომ: აქ ვპოულობ ჩემს პირად თავისუფლებას, იმას, რაც თვითრეალიზებისთვისაა საჭირო.

მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი: არ ვიცი. შეიძლება ექიმი, შეიძლება ადვოკატი… მოკლედ, ისეთ პროფესიას ავირჩევდი, რასაც ადამიანებისთვის სარგებელი მოაქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსახიობობას არ მოაქვს სარგებელი.

სიამოვნებით: ავფეთქდებოდი ნაღმზე ტარანტინოს ნებისმიერ ფილმში.

მე უნდა მეცხოვრა: იქ, სადაც ვცხოვრობ – ამ საუკუნეში, ამ ქვეყანაში… არ ვთვლი, რომ დროსა და სივრცეში აცდენილი ვარ. თუ ამჟამად რაღაცები უფრო რთულია, ესე იგი, ჩვენც უფრო ძლიერები ვართ.

ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩემი შვილები. მათ გამო ყველაფერზე ვიტყვი უარს, პირადი კეთილდღეობის ჩათვლით.

მიყვარს: არ ვიცი, ბევრი რამე, მაგრამ ალბათ უფრო – კითხვა.

მძულს: არავინ და არაფერი. თუმცა, არა – ნიგვზიანი ბადრიჯანი.

მეშინია: არ დავაჯერო საკუთარ თავს, რომ სხვაგან და სხვა დროში უნდა მეცხოვრა, რომ ამ რეალობაში საკუთარ თავს ვერ ვიპოვი.

ვოცნებობ: არ ვოცნებობ. მიზნები მაქვს და მათ მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ.

საკუთარ თავში მომწონს: პასუხისმგებლობის გრძნობა.

არ მომწონს: რომ ხანდახან არაპუნქტუალური ვარ.

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ: თავმდაბლობას და უბრალოებას, და კიდევ განათლებას.

მაღიზიანებს: სერიოზული სახით მოლაპარაკე იდიოტები.

არასოდეს გავაკეთებ: ბოროტებას, და არასოდეს ვუღალატებ ადამიანს, რომელსაც ვჭირდები.

ვნანობ: რომ უფრო მეტი წიგნი არ მაქვს წაკითხული.

მჯერა: საკუთარი თავის, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ მოვინდომებთ.

თავისუფლება ნიშნავს: საკუთარი თავის პოვნას და იმის კეთებას, რაშიც თავს მყარად და კომფორტულად გრძნობ.

 

მოამზადა მარი ბექაურმა

Comments

comments