გიორგი მარშანია: “წარსულ შეცდომებზე არ ვჩერდები”

(ბლიც-ინტერვიუ მსახიობ გიორგი მარშანიასთან)

 

მსახიობობა ავირჩიე იმიტომ, რომ: პატარაობისას საბავშვო თეატრში დავდიოდი და ჩაბარების დრო რომ მოვიდა, მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც მომწონდა. ამჟამად თეატრში და კინოში დიდი დოზით არ ვარ დაკავებული და ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ სკოლიდანვე ვმუშაობდი ტელევიზიაში და ტელევიზიას აქვს ცუდი თვისება – ბევრ დროს გართმევს. მეორე კი ის, რომ ჩემი თეატრში და კინოში მოღვაწეობა არ არის ჩემზე დამოკიდებული, დამოკიდებულია შემოთავაზებებზე.

მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი: არ ვიცი, არ მიფიქრია. თუმცა, მსახიობობის გარდა ახლაც ბევრი რამით ვარ დაკავებული. სტუდია “ველოსიპედი”, რომლის დამფუძნებელიც ვარ, ამზადებს მულტფილმებს, რომელთა სცენარისტიც, რეჟისორიც და პროდიუსერიც მე ვარ. გარდა ამისა, ამჟამად მაგისტრატურაში ვსწავლობ სარეჟისოროზე და მალე სპექტაკლების დადგმა მომიწევს. კიდევ ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. მოკლედ, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, ისევ შემოქმედებით საქმიანობას ავირჩევდი.

სიამოვნებით ვითამაშებდი: ნებისმიერ ფილმში ან სერიალში, რომელიც საინტერესო იქნებოდა.

მე უნდა მეცხოვრა: ახლა. თუმცა, სიამოვნებით ვიცხოვრებდი მე-19 საუკუნის მიწურულის თბილისშიც. მაშინ ხომ თბილისის ქუჩებში ძალიან ბევრი საოცარი და ნიჭიერი ადამიანი დადიოდა.

ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: სიყვარული, სიკეთე, მეგობრობა, მიმტევებლობა…

მიყვარს: ბევრი რამე, მათ შორის ძილი და გემრიელი საჭმელი.

მძულს: საერთოდ, ვცდილობ, არაფერი მძულდეს და უარყოფითი გრძნობები არ მქონდეს, მაგრამ მძულს ტყუილი და მძულს, როცა ადამიანები თავიანთ საქმეს უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან. გარდა ამისა, ძალიან მაღიზიანებს, როცა მანქანით მოძრაობისას გიჟივით მისიგნალებენ.

მეშინია: ადიდებული ზღვის.

ვოცნებობ: ყოველთვის ვოცნებობ. ამჟამად ვოცნებობ, რომ კარგი მულტფილმები გავაკეთო და კარგი სპექტაკლები დავდგა. ისე, ყოველთვის ვცდილობ, რომ ოცნებები მიზნებად ვაქციო.

მომწონს საკუთარ თავში: ასე არ ვუღრმავდები და არ ვიხიბლები საკუთარი თვისებებით.

არ მომწონს საკუთარ თავში: ბევრი რამ. ხშირად მაქვს პრობლემა რეჟიმთან დაკავშირებით და ყველაზე მეტად, ალბათ, ეს არ მომწონს.

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ: პატიოსნებას და გულწრფელობას.

სხვებში ყველაზე მეტად მაღიზიანებს: უპასუხისმგებლობა.

არასოდეს გავაკეთებ: ბევრი რამეა, რაზეც ვფიქრობ, რომ არასოდეს გავაკეთებ, მაგრამ ასე წინასწარ თქმა შეუძლებელია.

ვნანობ: სიმართლე გითხრა, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ წარსულ შეცდომებზე არ ვჩერდები ხოლმე. რაც მოხდა, მოხდა და უბრალოდ, ვცდილობ, მომავალში მოხდეს უკეთესად.

მჯერა: რომ კარგი ადამიანები არსებობენ.

თავისუფლება ნიშნავს: როცა ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან, საკუთარ პრინციპებთან, სხვა ადამიანებთან და მთლიანად სამყაროსთან.

 

მოამზადა მარი ბექაურმა

 

Comments

comments