ლიკა ქავჟარაძე – მსხვერპლად შეწირული სილამაზე?

დღეს ჩემს ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება. ყოველ შემთხვევაში, კინოს თუ გულისხმობ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცაში ხარ გამოკიდებული. რას იზამ… არ არის სამუშაო, მაგრამ ამისგან არ ვქმნი ტრაგედიას, არც არაფერს ველოდები. კი, მენატრება, მაგრამ ვცდილობ, ამაზე ბევრი არ ვიფიქრო. სამწუხაროდ, ასეა თუ ისე, ხალხი ჩემს სხვა ფილმებს არ იცნობს, ან ნაკლებად იცნობს. მხოლოდ “ნატვრის ხე” იციან. (ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”, აპრილი, 2007 წ. # 26)

 

ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობს ორიოდე კვირაში 58-ე დაბადების დღე უნდა აღენიშნა. სინემანიას მთელი შემოქმედებითი ჯგუფი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

ლიკა ქავჟარაძემ 1973 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”, სადაც მისი კინოდებიუტი თემურ ბაქრაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმით – შადრევანი შედგა. რამდენიმე სატელევიზიო ფილმის შემდეგ, ქავჟარაძეს იღებენ თენგიზ აბულაძის მხატვრულ ფილმში – ნატვრის ხე. მარიტას როლმა მსახიობს უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა, რასაც თან ბნელი მხარეც ახლდა. მისი სილამაზით აღფრთოვანებულმა ქართულმა საზოგადოებამ ლიკა ქალღმერთად აქცია. ამ დროს არავის უფიქრია, რომ გაღმერთებულ სუბიექტს პიედესტალზე შემოდგომა და მთელი ცხოვრება დაკისრებული პასუხისმგებლობის ტარება მოუწევდა. შეიძლება ითქვას, ეს ყველა განსხვავებულად ლამაზი ქალი მსახიობის ხვედრია.

როდესაც სილამაზე ირეალურ, გამოგონილ სამყაროში ტრაგიკულად სრულდება, ის ზოგჯერ მსახიობსაც ბედისწერად ექცევა და რეალობაშიც გადმოჰყვება. ძნელია, მარტო გაუმკლავდე ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, ლიკა ქავჟარაძის ცხოვრებაც ასეთი სცენარით წარიმართა და დასრულდა.

მას დღემდე ყველაზე ლამაზი ქართველი ქალის ტიტულს ანიჭებდნენ. სულ ახლახანს, 5 ოქტომბერს სატელევიზიო შოუ “პროფილიც” ამ სიტყვებით დაიწყო: ძნელი სატარებელი იყო ეს ტიტული? ბულვარული კითხვების მიღმა, მაყურებელი უნდა გრძნობდეს იმ ტკივილს, რომელიც მსახიობის მეტყველებაში, ჟესტებში, მიმიკებში გამოკრთის… რა ხდებოდა “ყველაზე ლამაზი ქალის” ტიტულის მიღმა? ვინმე თუ ინტერესდებოდა ამით? ან ამხელა დროის გასვლის შემდეგ, უხერხული ხომ არ იყო გამუდმებით ამ თემაზე, მარიტაზე, მის სილამაზეზე საუბარი? რომ მარიტა მის ერთადერთ როლად იქცა, რომ მარიტა იქცა თავად ლიკა ქავჟარაძედ. ფილმი არ დასრულებულა, პერსონაჟი არ დამთავრებულა: მაყურებელმა, საზოგადოებამ ლიკა მარიტად აქცია რეალურ ცხოვრებაშიც. მარიტა, ის გოგო, იყო როგორც принесение в жертву, – ამბობს ლიკა იმავე გადაცემაში და ამ სიტყვებს, ვგონებ, დამატებითი განმარტება აღარ სჭირდება.

მიუხედავად დიდი წარმატებისა, ნატვრის ხემ მსახიობის კარიერა თითქოს ერთ ადგილზე გაყინა, დაასამარა, ყინულის კრისტალად აქცია. ლიკა ქავჟარაძემ შეასრულა მედეას როლი არგონავტებში (1986), მეორეხარისხოვანი როლი უძინართა მზეში (1992) და მთავარი როლი ჩაკლულ სულში (1994), მაგრამ მარიტას აჩრდილი ყველგან თან სდევდა.

90-იანი წლების შემდეგ ეკრანს ჩამოშორდა. მხოლოდ ყვითელი ჟურნალების გარეკანებსა და სატელევიზიო შოუებში თუ გამოჩნდებოდა. როცა გაახსენდებოდათ…

რამდენჯერ უთხრეს, რომ გადაგიღებთ აქა და აქ, ემზადებოდა, თან როგოორ… მერე? მერე არაფერი. დასანანია, მაგრამ სულ ის დაჰყვებოდა, რომ ლამაზია, ლამაზია და მორჩა, მეტი არაფერი. არ მომწონს მარიტას როლში, ჩემთვის ძალიან არაბუნებრივია, იმიტომ, რომ სხვამ გაახმოვანა. ჰო, ბევრჯერ უთქვამს, მარიტას ბედი გავიზიარეო, (მეგობარი, მარიკა მანაგაძე) (ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”, აპრილი, 2007 წ. # 26)

 

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

Comments

comments