მანჰეტენის ფესტივალის არსებობის მანძილზე პირველად – ფინალისტებს შორის ქართული ფილმი “8 წუთი” მოხვდა!

ყოველ წელიწადს, ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოს 100 000 კინომოყვარული ერთად იყრის თავს, რათა მანჰეტენის კინოფესტივალის ფინალში გასული ფილმები ნახოს და შეაფასოს. ფილმებს, რომლებსაც მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ჟიური საუკეთესოდ დაასახელებს, 6 კონტინენტზე, 250 ქალაქის კინოთეატრებში უშვებენ. დანარჩენი უკვე კინოგურმანებზეა – სწორედ ისინი ირჩევენ ფინალისტებიდან გამარჯვებულებს.

წელს ფესტივალში მონაწილეობა 1615-მა ფილმმა მიიღო, გუშინ კი ფესტივალის ჟიურიმ 10 ფინალისტი – 10 საუკეთესო დაასახელა. ფესტივალის 20-წლიანი არსებობის მანძილზე ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ფინალისტებს შორის ქართული ფილმი აღმოჩნდა: 8 წუთი. Sibler Films-ის პირველი პროექტი, რომლის ყველა მნახველიც ამბობს, რომ ეს გიჟურ იდეაზე შექმნილი გასაოცარი ტვისტია.

საქართველოს გარდა, ფინალისტებს შორის არიან შემდეგი ქვეყნები: აშშ, იტალია, ესპანეთი, შვეიცარია, ლატვია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და სირია.

8 წუთი პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ანი ბებია, გიორგი შარვაშიძე და სლავა ნათენაძე თამაშობენ (სლავა ნათენაძე, ხუთ სხვა მსახიობთან ერთად, წარდგენილია საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში)8 წუთი – ეს არის დრო, რომელიც მზის ჩაქრობის შემთხვევაში დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას სჭირდება…

გარდა იმისა, რომ 8 წუთს მსოფლიოს მასშტაბით 100 000 კინომოყვარული ნახავს და შეაფასებს, ფინალში მოხვედრა ნიშნავს იმას, რომ:

1.ფილმი ავტომატურად მიიღებს 2018 წლის ოსკარებზე მონაწილეობის უფლებას.

2.ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალამდე ერთი კვირის განმავლობაში 8 წუთს უჩვენებენ ლოს-ანჯელესში, დახურულ ჩვენებებზე. მის მაყურებლებს შორის კი ჰოლივუდის ცნობილი სახეები იქნებიან.

Sibler Films ახალგაზრდა რეჟისორებს (გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი), სცენარისტებს (მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე) და პროდიუსერებს (გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი) აერთიანებს, რომელთაც უკვე მიაღწიეს წარმატებებს საქართველოში. მათი სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი – ინგა 2016 წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სცენარების კონკურსის გამარჯვებული გახდა და იმავე წელს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კონკურსიც მოიგო.

მათი მომდევნო წარმატება ნამდვილად გასაოცარია – მანჰეტენის კინოფესტივალი ყველაზე გლობალური და მასშტაბური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია. შესაბამისად, ფინალში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია არამარტო Sibler Films-სთვის, არამედ ქართული კინოსთვისაც.

მომდევნო ეტაპი უკვე გამარჯვებულთა გამოვლენაა. 10 ფინალისტი ფილმიდან გამარჯვებულებს მსოფლიოს 100 000 კინომოყვარული ოქტომბრის დასაწყისში, 5 ნომინაციაში გამოავლენს:

1.ოქროს მედალი

2.ვერცხლის მედალი

3.ბრინჯაოს მედალი

4.საუკეთესო სცენარი

5.საუკეთესო მსახიობი

ფილმი საფესტივალო ცხოვრებას აჭარანეტის და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეუდგა, მისი მედია-პარტნიორი კი – Cinemania.ge გახლავთ.

Comments

comments