20 ბლიც კითხვა ედი რედმეინთან: ჯადოსნური ცხოველები და სხვა დანარჩენი (+ფოტოები)

ედი რედმეინი ერთ-ერთი უნიჭიერესი თანამედროვე მსახიობია და მის ფილმოგრაფიაში უკვე მრავალი ბრწყინვალე როლია. ფილმში ყველაფრის თეორია სტივენ ჰოკინგის როლის შესანიშნავად შესრულებისთვის მან საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა, ბოლო დროს კი პოტერომანების სამყაროშიც შეიჭრა მაგიზოოლოგ ნიუტ სკამანდერის როლით ფილმების სერიაში ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი.

რასაკვირველია, ედის ფანებს მისი სამსახიობო ოსტატობის გარდა ბევრი სხვა რამეც აინტერესებთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ BuzzFeed-ის ბლიც ინტერვიუს და მსახიობის პასუხებს, რომელიც მაყურებელს ედი რედმეინის პიროვნებას უფრო ახლოდან გააცნობს.

1. ჩაი თუ ყავა?

ედი რედმეინი: ყავა. ბევრი რძით და შაქრით. დროდადრო იმ რაღაც მოკა-კაპა-რაკა რაღაცასაც ვსვამ.

2. ძაღლები თუ კატები?

ე.რ.: ძაღლები!

3. როგორ ფიქრობ, რომელ ცხოველს ჰგავხარ?

ე.რ.: როცა ჯადოსნურ ცხოველებში მიმიწვიეს, “პოტერმორზე” პატრონუსის გამოვლენის ტესტი გავაკეთე და ბასეტის ჯიშის ძაღლი გამომივიდა. ორჯერ, რაც ალგორითიმის წესების დარღვევადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ასე რომ, მჯერა რომ ჯოან როულინგის სამყაროში მე ბასეტი ვარ. ეს ჩემთვის მისაღებია.

4. როდესმე ყოფილა შემთხვევა, რომ შეცდომით სხვა ცნობილი ადამიანი ჰგონებიხართ?

ე.რ.:  ერთხელ, ახალგაზრდობაში, თეატრის სიახლოვეს (იმ პერიოდში რომელიღაც სპექტაკლში ვთამაშობდი) ერთი ქალი მომიახლოვდა და მითხრა, თუ როგორ მოეწონა დადგმა და ჩემი თამაში. ძალიან მესიამოვნა. ამასობაში ასეთი რამ თქვა: “არასდროს მინახავს ასეთი ჰამლეტი!” მე კი ჰამლეტს არ ვთამაშობდი – იმ დროს ჰამლეტის როლს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობი, ბენ უიშოუ ასრულებდა (ბენი ედი რედმეინთან ერთად თამაშობს დანიელ გოგონაში), თუმცა ის ქალი ვერ მიხვდა, რომ სინამდვილეში ბენ უიშოუ არ ვიყავი. ასე რომ, ბენის ქება შევიფერე და იქაურობას გავეცალე.

5. ჰოგვორტსის რომელ კლუბში ხარ?

ე.რ.: ჰაფლეპაფში!

6. პიცის საყვარელი სახეობა?

ე.რ.: “ლა რეინ რომანა” ექსტრა პეპერონით, სალათით და Pizza Express-ის დრესინგით. მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ვჭამ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს.

7. საყვარელი სასმელი?

ე.რ.: არაყი და ტონიკი ძალიან ცივი ტონიკის წყლითა და ძალიან ცივი ყინულით. და ლაიმით.

8. საყვარელი საჭმელი სიმთვრალისას.

ე.რ.: [სიცილით] “ლა რეინ რომანა” ექსტრა პეპერონით და Pizza Express-ის დრესინგით.

9. ფავორიტი სალანძღავი სიტყვა.

ე.რ.: მე კლასიკური გინების (“fuck”) კაცი ვარ. Fuck! – და გულზე მოგეშვება. ძალიან ონომატოპიური სიტყვაა.

10. რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს თინეიჯერობაში?

ე.რ.: ჯო როულინგმა პირველი ჯადოსნური ცხოველების სცენარში ასეთი შესანიშნავი სიტყვები დაწერა: “ნერვიულობდე რამეზე – ნიშნავს, ორმაგად იტანჯებოდე”. ჩემი აზრით, ეს ბრწყინვალე მანტრაა, რომლისგანაც ბევრს სწავლობ. ასე რომ, შეიძლება ეს მეთქვა ჩემი თავისთვის. მე საკმაოდ ბევრს ვღელავ რაღაცებზე.

11. ყველაზე კარგი რჩევა, რაც შენთვის მოუციათ.

ე.რ.: აჰ. ჩეხოვის ერთი წერილი წამიკითხავს, თავის ცოლს, ოლგა კნიპერს მისწერა. იქ რაღაც მსგავსი ეწერა: “ცხოვრება ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა გაიარე და ამაში შეეჯიბრე სხვებს”. მსახიობობა მართლაც შეჯიბრების ასპარეზს ჰგავს და ამან შეიძლება აზარტში ჩაგაგდოს, მაგრამ თუ საკუთარ გზას ყურადღებით, თანმიმდევრულად, მართლაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები, ვფიქრობ, ყოველთვის გაგიმართლებს.

12. ოდესმე ცნობილ ადამიანთან შეხვედრას თუ აღუფრთოვანებიხარ?

ე.რ.: დიახ. ეს იყო ელისონ ჯენი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია და იმედი მაქვს, წელს ოსკარსაც მიიღებს. სერიალ დასავლეთის ფრთაში (ერთადერთი სერიალი, რომელიც მინახავს) ის სი-ჯი კრეგის როლში შესანიშნავია, მისი თაყვანისმცემელი ვიყავი. რამდენიმე წლის წინ ელისონს “ოქროს გლობუსზე” შევხვდი. ჩემი ცოლი და მე მასთან ახლოს ვიყავით და საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ აღტაცებული ვიყავი და ემოციურად ვიქცეოდი. იგი ცხოვრებაშიც ისეთივე დიადი და შიშისმომგვრელია, როგორიც ეკრანზე.

13. რომელი როლი იყო შენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა?

ე.რ.: ალბათ სტივენ ჰოკინგის.

14. რომელი როლის შესრულება იყო ყველაზე სახალისო?

ე.რ.: ძალიან გავერთე Early Man-ზე (ანიმაციური ფილმი, გამოდის 2018 წელს). მიყვარს ჯადოსნურ ცხოველებზე მუშაობა, აქ სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას იღებ – ყოველდღიურად სრულიად ექსტრაორდინალური გადაღებებია და ნამდვილი სიგიჟეების კეთება გიწევს. და, რასაკვირველია, ამ პროექტზე მომუშავე ხალხიც ძალიან მომწონს.

15. ყველაზე მეტად რა არ მოგწონს ადამიანში?

ე.რ.: ვერ ვიტან დაგვიანებას. შეიძლება იმიტომ, რომ ყველგან ადრე მისვლა მჩვევია. არ ვიცი, რის გამოა, მაგრამ მძულს, როცა ადამიანები აგვიანებენ.

16. რა სიმღერას მოუსმინე ბოლოს?

ER: რომელიღაც “Despacito”-ს, რადგან ჩემი წლინახევრის ქალიშვილი ასეთების ფანია. მსგავს მუსიკაზე გიჟივით ცეკვას იწყებს. “დესპასიტოს” გაგონებაზეც კი ჭკუიდან გადადის. ასევე მოვუსმინე რიტა ორას სიმღერას “Anywhere”. ეს მე მომწონს.

17. რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?

ე.რ.: წიგნი, სახელად Falling Upwards. საჰაერო ბუშტების ისტორიაა, ძალიან საინტერესო იყო.

18. რომელი ფილმი ნახე ბოლოს?

ე.რ.: ბოლო ფილმი, რომელიც ვნახე, იყო Phantom Thread, და მომეწონა – შესანიშნავი ფილმია, ბრწყინვალე პერფორმანსით.

19. სუპერძალა რომ გქონდეს, რა იქნებოდა ის?

ე.რ.: ამას ჯადოქრული სამყაროს კონტექსტშიც მეკითხებიან ხოლმე და ყოველთვის ვპასუხობ უჩინარობას, რადგან მეტისმეტად ცნობისმოყვარე ვარ. მიყვარს ადამიანების საუბრების მოსმენა, რასაც კარგ საქციელად არავინ ჩაგითვლის. გარდა ამისა, უსწრაფეს სირბილს ვინატრებდი, ფლეშივით.

20. და ბოლოს: რაიმე ფაქტი შენ შესახებ, რომლის გაგებაც ადამიანებს გააოცებს?

ე.რ.: განსაკუთრებით მიყვარს და მსიამოვნებს მისალოცი ბარათების დამზადება. მაგალითად, დაბადების დღის, საშობაო. დიახ.

 

Comments

comments