დარენ არანოვსკის განცხადება ფილმზე “დედა!”

ფილმის პრემიერამდე ერთი კვირით ადრე ამერიკელმა რეჟისორმა დარენ არანოვსკიმ სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“მძიმე დროებაში გვიწევს ცხოვრება. მსოფლიოს მოსახლეობა რვა მილიარდს უახლოვდება, ჩვენ კი სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ: ეკოსისტემა ნადგურდება და ჩვენ მოწმენი ვართ უამრავი სახეობის გადაშენების უპრეცენდენტო მაჩვენებლის; მიგრანტების კრიზისი მთავრობებს არყევს; შესამჩნევად შიზოფრენიული ამერიკა ბროკერებს კლიმატის ხელშეკრულების დარღვევაში ეხმარება და ერთი თვის შემდეგ აუქმებს კიდეც მას; უძველესი ტომები იშლება და რელიგიები აგრძელებენ ომსა და ნგრევას; ჩვენს დროში დაფიქსირებული უდიდესი აისბერგი ანტარქტიდას სწყდება და ზღვაში დნობას იწყებს; ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ გაუგებრობამდე სასაცილო საკითხებს. სამხრეთ ამერიკაში ტურისტები სელფის და ფოტოების გადასაღებად იშვიათი სახეობის ჩვილ დელფინებს კლავენ; პოლიტიკოსებს თავი სპორტსმენები ჰგონიათ; ადამიანები შიმშილით იხოცებიან, ზოგიერთები კი ნებისმიერი სახეობის ხორცით იტკბარუნებენ პირს. ჩვენი სახეობის კვალი დამანგრევლად არასტაბილურია, თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც უარყოფს დედამიწასთან მსგავს დამოკიდებულებას…

ერთ დილასაც, შეშფოთებულმა და უმწეომ, მთელი ეს კოშმარი, ფილმის სცენარად ვაქციე. ჩემი ყველა მანამდე გადაღებული ფილმი წლობით იქმნებოდა, დედის პირველი მონახაზი კი სულ რაღაც ხუთ დღეში დავწერე. ერთი წლის თავზე უკვე ფილმს ვიღებდით, და ახლა, ორი წლის შემდეგ, ჩემთვის პატივია, ლიდოში [ქალაქი, სადაც ვენეციის კინოფესტივალი ჩატარდა] მსოფლიო პრემიერას დავესწრო. წარმოვიდგინე, რომ შესაძლოა ადამიანებმა მკითხონ, თუ რატომ აქვს ფილმს ასეთი ბნელი პერსპექტივა. ჰუბერტ სელბი უმცროსმა (ოცნების რექვიემის ავტორმა) მასწავლა, რომ ჩვენი პიროვნების ბნელი, ფარული ნაწილის დაკვირვებითა და კვლევით, სწორედ იქ აღმოვაჩენთ ნათელსაც. თავდაპირველად დედა საოჯახო დრამას ჰგავს ქორწინების შესახებ. ცენტრში დგას ქალი, რომელიც მუდამ გასცემს, ისევ გასცემს, კვლავ გასცემს, მანამდე, სანამ აღარაფერი დარჩება გასაცემი. საბოლოოდ, “საოჯახო ამბავი” ვეღარ უძლებს შინაგანი დუღილის მატებას და ისეთ რამედ გადაიქცევა, რისი აღწერაც და ახსნაც შეუძლებელია. შეუძლებელია გითხრათ, თუ როგორ გაჩნდა ფილმი და რა ამბებისგან აიწყო თუ შეკოწიწდა. ზოგიერთი რამ იმ სათაურებიდან გაჩნდა, რომლებსაც ყოველდღიურად ეცნობა თითოეული ჩვენგანი, ზოგი ჩვენი სმარტფონების შეტყობინებების დაუმთავრებელი ხმებისგან, ზოგი ქარიშხალ სენდის დამანგრეველი სტიქიისგან, ზოგიც ჩემი გულიდან და ზოგიც ჩემი მუცლიდან. საბოლოო ჯამში, ეს არის რეცეპტი, რომლის დამზადებასაც მე თვითონ ვერაფრით შევძლებდი, თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მომზადებული დოზა – საუკეთესო ჭიქა გადასაკრავია…”

 

წყარო: www.theplaylist.net

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments