მსახიობები, რომელთაც თავის დროზე GOT-ში თამაშზე უარი თქვეს

მსახიობების უმეტესობა ამ სუპერპოპულარულ სერიალში მონაწილეობას სიამოვნებით დათანხმდებოდა და უამრავ მაღალი დონის არტისტს უცდია სამეფო კარის თამაშებში როლის მიღება. მაგრამ დასაწყისში, როცა ჯ. რ. რ. მარტინის ფენტეზი ჟანრის საგაზე დაფუძნებული სერიალის გრანდიოზულ მომავალს ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რამდენიმე ცნობილმა მსახიობმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე.

თამზინ მერჩანტი

თავდაპირველად სწორედ ის აირჩიეს დენერის ტარგარიენის როლზე და საცდელი პილოტიც გადაიღეს, მაგრამ მსახიობმა გუნდი გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა. გადამღებ ჯგუფს კი ხელახალი კასტინგის გამოცხადება მოუწია.

ჯენიფერ ელი

ადრეულ ეტაპზევე დატოვა გუნდი ჯენიფერ ელმაც, რომელიც კეტლინ სტარკის როლზე იყო შერჩეული. შეიძლება ითქვას, მისმა ამ ნაბიჯმა მიშელ ფეირლის (ჩვენთვის ნაცნობ კეტლინს) დიდებისკენ გაუხსნა გზა.

ჯიმი კემპბელ ბოუერი

ბოუერს სერიალიდან წასვლის შემდეგ ჰოლივუდში მაინცდამაინც არ გამართლებია. ბინდისა და ჰარი პოტერის მსახიობი ღამის გუშაგის, ვაიმარ როისის როლზე იყო დამტკიცებული, მაგრამ გადაღება ვერ მოხერხდა. პარალელურად მსახიობი მინისერიალ კამელოტსა და სასიკვდილო იარაღებში ეძიებდა როლებს, ამიტომ მის ნაცვლად როლზე რობ ოსტერლი დაამტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაიმარ როისი ერთადერთ სერიაში ჩნდება, შეიძლება ეს მსახიობის ყველაზე პოპულარული როლი გამხდარიყო.

ლილი ალენი

ლილი ალენმა თავად განაცხადა, რომ GOT-ში თამაშის შანსი თავისი რეალური ძმის – ალფი ალენის (თეონ გრეიჯოი) გამო დათმო. როცა იარა გრეიჯოის თამაში შესთავაზეს, მას უხერხულად ეჩვენა ეთამაშა ავხორცი თეონის და, რომელსაც საკუთარი ძმა ხელებს უფათურებდა.

ბრაიან კოქსი

შოტლანდიელი მსახიობი დღემდე ნანობს, რომ შეთავაზებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ ჰონორარი ეცოტავა. “მათ ახლა უამრავი ფული აქვთ, მე კი სულელი ვარ, რადგან ეს სერიალი ძალიან მიყვარს” – განაცხადა მან.

დომინიკ ვესტი

დომინიკს მანს რაიდერის როლი შესთავაზეს და უარი ოჯახური საქმეების გამო თქვა. ისიც სერიალის მოყვარულია და ძალიან სწუხს, რომ თავადაც არ თამაშობს მასში.

ჯილიან ანდერსონი

საიდუმლო მასალების ვარსკვლავმა ასევე შვილებისა და ოჯახის გამო “არა, გმადლობთ” განუცხადა სერიალის მესვეურებს. ცნობილი არაა, რომელი როლი შესთავაზეს მსახიობს, თუმცა მისი გარეგნობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მელისანდრეს ან თუნდაც სერსეი ლანისტერის როლზე განიხილავდნენ.

ჯონათან პრაისი

აი, ჯონათან პრაისს კი ბედმა (და შვიდმა ღმერთმა) გაუღიმა: მე-5 და მე-6 სეზონებში უმაღლესი ბეღურის როლის შემსრულებელს ჯერ კიდევ სერიალის დასაწყისში სთავაზობდნენ თამაშს. მაშინ გადამღებ ჯგუფს მსახიობმა განუცხადა, რომ ეს სერიალი “მისი არ იყო”. არ მოეწონა უცნაური სახელები, დიალოგები. ამჟამად კი აზრი შეიცვალა და ფიქრობს, რომ უმაღლესი ბეღურა ბრწყინვალე პერსონაჟია, მამხილებელი და სიმართლის აღმასრულებელი. ამჟამინდელ პაპთან მისი მსგავსებაც ალბათ შემთხვევითი არაა.

პერდიტა უიკსი

ტიუდორების მსახიობმა შეთავაზება როსლინ ფრეის – ედმურ ტალის ცოლის როლზე მიიღო, მაგრამ უარი ამჟამად შეწყვეტილი სერიალის, “ერეტიკოსების” გამო განაცხადა. დაბრუნება მალევე ითხოვა, თუმცა როლზე ალექსანდრა დოულინგი დაამტკიცეს.

რეი სტივენსონი

ირლანდიელ მსახიობს სერიალის ადრეულ ეპიზოდებშივე შესთავაზეს როლი, მაგრამ უარი თქვა იმ მიზეზის გამო, რომ სატელევიზიო სცენაზე საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა და დღესაც ამ აზრზეა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ხვდება სერიალის მომავალს. სტივენსონი მაინც “ჩაითრიეს” სერიალებში – იგი მე-7 სეზონში შეუერთდა დექსტერს და მე-3 სეზონში შავ აფრებს, მაგრამ კაცია და გუნება.

 

 

Comments

comments