“8 წუთის” შემქმნელების ახალი პროექტი – ანატორის უნიკალური ისტორია

გასულ წელს ქართულ კინოს ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი – 8 წუთი შეემატა, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აპოკალიფსურმა ფილმმა რუმინეთის, პორტუგალიის, იზმირის, სიდნეისა და მანჰეტენის ფესტივალები მოიგო. ეს უკანასკნელი ყველაზე გლობალური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და მასში 100 000-ზე მეტი კინომოყვარული მონაწილეობს. უცხოურ პრესაში 8 წუთზე ბევრი დაიწერა.

8 წუთის შემქმნელი Sibler Films-ია, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანებს აერთიანებს: რეჟისორები – გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი; სცენარისტები – მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე; პროდიუსერები – გეგა ხმალაძე, მაგდა დათუაშვილი.

8 წუთის გადაღებამდე მათ სხვა პროექტსაც ხვდა წარმატება. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარმა “ინგა” ჯერ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ხოლო შემდეგ – ეროვნული კინოცენტრის კონკურსი მოიგო. პროექტმა საზღვარგარეთაც დიდი ინტერესი გამოიწვია და კოპროდუქციაში რამდენიმე ქვეყანა შემოვიდა. ფილმის გადაღებები ამ წლის შემოდგომაზე იგეგმება და სავარაუდოდ 2019 წლის დასაწყისში ქართველი მაყურებელი Sibler Films-ის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს – “ინგას” იხილავს.

აღმოჩნდა, რომ Sibler Films კიდევ ერთი და როგორც ამბობენ – მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტისთვის ემზადება. ეს არის ფილმი სრულიად უნიკალურ ისტორიაზე, რომელიც საქართველოში, ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. “ანატორი. მკვდრების სოფელი” – გახლავთ ახალი პროექტის სახელწოდება. პროექტის შესახებ სინემანია ფილმის რეჟისორს – გიორგი გოგიჩაიშვილს და სცენარისტს – მარი ბექაურს ესაუბრა.

 

მარი ბექაური: ანატორში უკვე საუკუნეებია არავის უცხოვრია. იქ თქვენ მხოლოდ ძვლებით სავსე აკლდამები დაგხვდებათ. ეს არის იმ ადამიანების ძვლები, რომლებიც სრულიად შეგნებულად და გაცნობიერებულად, საკუთარი ნებით წავიდნენ სიკვდილზე. უცნაურია, რომ ანატორის ისტორია საზღვარგარეთ უფროა ცნობილი, ვიდრე საქართველოში. აკლდამების სანახავად დღემდე უამრავი ტურისტი ჩამოდის.

გიორგი გოგიჩაიშვილი: ანატორში შავი ჭირი გაჩნდა და იმისთვის, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო, სოფელმა ჩაკეტვა გადაწყვიტა. მათ აკლდამები ააგეს და როცა წყლულები გამოსდიოდათ, აკლდამაში მიდიოდნენ და წვებოდნენ, იქ ელოდებოდნენ სიკვდილს. აკლდამაში ქალის ჩონჩხი იპოვეს აკვანზე ჩაბღაუჭებული, აკვანში კი – ჩვილის ჩონჩხი. ეს უკვე ერთი ამბავია.

მარი ბექაური: ძალიან ცოტა შემთხვევა მახსენდება, როცა ამდენ ადამიანს ასე კოლექტიურად გაეწიროს თავი. ის, რაც ანატორელებმა გააკეთეს, ძალიან ჰუმანური და ადამიანურია. ჩვენ ბოლომდე ვერც კი მივხვდებით, როგორი იყო მათი თვითშეგნება, მოთმინების და ნებისყოფის უნარი, გამბედაობა, ღირებულებები… ეს ქალები, ბავშვები, მოხუცები ჩუმად მოკვდნენ, ცოცხლად დაიმარხეს თავი, რომ გარესამყარო დაეცვათ და გადაერჩინათ.

გიორგი გოგიჩაიშვილი: ანატორის ამბავი ჩვენმა პროდიუსერმა, გეგა ხმალაძემ შემთხვევით მოისმინა ტელევიზორში და ფილმის იდეაც იმწამსვე გაჩნდა. ეს ხომ მზა მოცემულობაა ფილმისთვის, სიუჟეტის, ჟანრის, სტრუქტურის თვალსაზრისით, და თან სრულიად განსხვავებული და საინტერესო მასალა.

მარი ბექაური: რასაკვირველია, ფილმის გმირები და მათი ამბები ჩვენი გამოგონილია, მაგრამ ისტორია და მთავარი იდეა სინამდვილეს იმეორებს. ფილმის კონსულტანტი გიორგი არაბულია, რომელიც დაგვეხმარა, ზუსტად გადმოგვეტანა ის აზროვნება, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომელიც ამ კულტურაშია. მაგალითად, ერთ-ერთ სცენაში დამნაშავეს ასამართლებენ. მას კონკრეტული დანაშაულისთვის თემიდან განკვეთა ეკუთვნის, მაგრამ იმის გამო, რომ სოფელი ჩაკეტილია, სასჯელად ბნელში ჯდომას უსჯიან. ეს სასჯელი რეალურად არსებობდა ხევსურეთში. მიწაში სარდაფივით რაღაც ჰქონდათ გათხრილი. დამნაშავეს იქ სვამდნენ და მხოლოდ ერთხელ, ღამით აძლევდნენ გარეთ გამოსვლის უფლებას. სასჯელის მთავარი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დამნაშავეს სინათლე არ ეხილა. წესების და რიტუალების გარდა, ჩვენ გავაცოცხლეთ რეალურად არსებული ადამიანიც, რომელიც ხევსურეთში მოგვიანებით ღვთაებად იქცა – ქადაგი მინანი, ყველაზე მისტიკური პერსონაჟი, ვინც პირველი გამოჩენისთანავე სოფლის სიკვდილს წინასწარმეტყველებს.

გიორგი გოგიჩაიშვილი: ფილმის ვიზუალი, ფერი და ესთეტიკა მის პერსონაჟთა შინაგანი სამყაროს მსგავსი იქნება. ეს სამყარო თავისი წესებითა და რიტუალებით გარკვეულწილად ეგზოტიკურია, თუმცა საბოლოოდ – მაინც რეალისტური. რაც შეეხება ენას, ბევრი მსჯელობის შემდეგ თანამედროვე ენა გადავწყვიტეთ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი, ის, რომ ასე ყველასთვის ადვილად გასაგები იქნება და რეალურობის შეგრძნებასაც უფრო მეტად გააჩენს მაყურებელში. ხევსურული დიალექტით მხოლოდ ლოცვებისა და შელოცვების ტექსტებია სცენარში.

მარი ბექაური: სცენარის წერის დაწყებამდე, რა თქმა უნდა, ჯერ ყველა სცენა დავგეგმეთ. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად ვიკრიბებოდით და ვმუშაობდით. როცა სცენები დაიგეგმა, მომდევნო პროცესი იყო იმის გადამოწმება, ხომ არ დავკარგეთ რომელიმე პერსონაჟი, რამდენად კარგად ვითარდებოდა თითოეულის ისტორია და ა.შ. ზუსტად ვიცი, რომ სცენარის წერის იმ 3 კვირის განმავლობაში ყველაზე უნიკალურ სამყაროში ვიმოგზაურე.

გიორგი გოგიჩაიშვილი: ამჟამად სცენარი კინოცენტრის კონკურსზე გვაქვს შეტანილი. სიმართლე რომ ვთქვა, ვღელავთ, რადგან როცა შენი ქვეყნისგან გაქვს ფინანსური მხარდაჭერა, ეს ბევრად გიმარტივებს ფინანსების მოძიებას უცხოეთში, ამ შემთხვევაში ნდობა გაცილებით მაღალია. ამიტომ ეს კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ უკვე დიდი ინტერესი არსებობს “ანატორის” მიმართ უცხოეთში, იმ პროდაქშენების მხრიდან, რომლებიც “ინგას” გადასაღებად გვაძლევენ ფულს.

მარი ბექაური: იცით, ფილმის ბოლო ნაწილში ერთი სცენაა, სადაც ახალი ხუცესი ბავშვს ეუბნება: დაიმახსოვრე ისინი, ვინც აქ ცხოვრობდა, ვინც მკვდრების სოფელი არ დატოვა, და თუ ცოცხალი გადარჩები, ყველას მოუყევი, რომ ისე ამოვწყდით, მეთოფურს ერთი ტყვიაც არ გაუსვრია. ჩვენი პროექტიც სწორედ იმის მცდელობაა, ყველას მოვუყვეთ ამ ადამიანების ისტორია; ისტორია, რომელიც, როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს, ნამდვილად მოხდა.

 

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments