ალ პაჩინო: “დიახ, მე კინოვარსკვლავი ვარ!”

ინტერვიუ ალ პაჩინოსთან

 

თქვენს ასეთ წარმატებას როგორ აფასებთ?

არ ვიცი. ჩემ მიერ შესრულებული როლები ჩემთვის წარმატებასთან არ ასოცირდება. ჩემი როლები ნახატებივითაა, რომლებსაც თავად ვხატავ. ხანდახან მსახიობები ვამბობთ ხოლმე: “აღარ მინდა მსახიობობა, წინა ფილმზე უკეთ ვერ ვითამაშე და დროა, ამ საქმეს შევეშვა.” ეს დიდების გვირგვინთან დროებით გამომშვიდობებას ჰგავს. ხან ვცდილობთ, სხვა პროფესიაშიც ვცადოთ ბედი, მაგრამ მერე, რაღაც მიზეზით, ისევ უკან ვბრუნდებით.

იმიტომ ხომ არა, რომ ახალი როლისგან ახალ გამოცდილებას ელით?

კი, ზუსტად ამიტომ. თუ ვიგრძნობ, რომ ახალი როლით რაიმე ახალს ვიტყვი და მცირე წვლილს მაინც შევიტან სათქმელის სწორად გადმოცემაში – უკვე უარს ვეღარ ვამბობ. თუ მოვახერხებ იმის გამოხატვას, რასაც ვგრძნობ, ეს ნიშნავს, რომ ჩემს ნიჭს სწორად ვიყენებ. მე პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ. ხელოვანისთვის ისედაც უცნაური სიტყვათა წყობაა – “პენსიაზე გასვლა”.

ამბობენ კიდეც, რომ – ხელოვანი ადამიანები პენსიაზე არ გადიან, ისინი უბრალოდ კვდებიან.

მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით დიდი ხელოვანები, რომლებიც პენსიაზე გავიდნენ. მაგალითად, ფილიპ როთი. მე მისი რომანის დამცირება ეკრანიზაციაშიც ვითამაშე. როთმა წერას თავი დაანება და ამით ძალიან ბედნიერია. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს, და მე მისი ძალიან კარგად მესმის. იცით, თანდათან ყველაფერი რუტინა ხდება – მოგცემენ სცენარს, წაიკითხავ, ისწავლი, და სულ ეს ერთი და იგივე. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ რაღაც ახლის კეთება მოგინდეს.

მაგრამ ყველა რეჟისორს სურს თქვენთან მუშაობა…

ნათლიამდე არც არავის სურდა. სტუდიებსა და პროდიუსერებს დიდად არ მოვწონდი, მაშინ არც არავინ მიცნობდა. ფრენსის ფორდ კოპოლამ კი მოისურვა – უბრალოდ ასე მოისურვა და მე დღემდე ვერ გავიგე, რატომ… როდესაც რეჟისორის პირად ინტერესს ვხედავ, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. შეიძლება კონკრეტული როლი რისკიც იყოს, გამოწვევაც, შეიძლება დავეცე კიდეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისევ ავდგები და გავაგრძელებ.

რომელიმე შესრულებულ როლს ხომ არ ნანობთ?

არაფერს ვნანობ. ვგრძნობ, რომ რაღაც შეცდომები დავუშვი, შეიძლება ზოგიერთ როლს არც უნდა დავთანხმებოდი, ან თავად ვერ შევასრულე ჯეროვნად… თუმცა, რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ჩვენი ნაწილია და მისგან რაღაც მაინც გვრჩება. ვგულისხმობ, რომ ის გარემოებები და სიტუაციები, სადაც ცხოვრების განმავლობაში აღმოვჩენილვართ, მხოლოდ მოგონებებს კი არ წარმოადგენს, ერთგვარი გამოცდილებაცაა. ამიტომ, არაფერს ვნანობ.

არც იმას, ვარსკვლავურ ომებში თამაშზე რომ უარი თქვით?

ეგ ჩემი პირველი დიდი შეცდომა იყო.

ტერენს მალიკსაც უარი უთხარით…

კი, დიდი ხნის წინ ტერიმ თავის ფილმში თამაში შემომთავაზა, რაც მე ყოველთვის მინდოდა… თუმცა ამაზეც უარი ვთქვი, რაც კიდევ ერთი დიდი შეცდომა იყო. მოკლედ, შეცდომების მთელი მუზეუმი მაქვს, სადაც ყველა უარი ინახება.

როგორ შეაფასებდით თქვენს ცხოვრებას?

იცი, როცა ამაზე ვფიქრობ, მახსენდება შეკითხვა: ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ნახევრად ცარიელი? მგონი, პასუხიც ესაა. არის დღეები, როცა ცხოვრება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ არის დღეები, როცა – არა… ერთი ქალი, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, მეუბნებოდა: “რაც არ უნდა გააკეთო, არ დაიწყო მტკიცება, რომ არტისტი ხარ.” ვიცი-მეთქი, ვპასუხობდი, და ამის აღნიშვნას მართლა წლების მანძილზე ვარიდებდი თავს. მაგრამ რატომ ჟღერს პრეტენზიულად მსახიობისგან იმის თქმა, რომ არტისტია? იმიტომ, რომ არტისტი კი არა, კინოვარსკვლავია! დიახ, მე კინოვარსკვლავი ვარ, მერე?!

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments