არასტანდარტული სიყვარულის ისტორია

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

თუ ვიკითხავთ, რომელი ფილმი გადმოსცემს ყველაზე უკეთ სიყვარულის (ურთიერთობის) კონცეფციას, ალბათ გონებაში რამდენიმე მელოდრამა ამოგვიტივტივდება და კითხვაზე პასუხის გასაცემად, ამ ფილმებიდან იმ ერთს ავარჩევთ, რომელშიც ყველაზე უფრო ჭარბადაა ემოცია და ვნება. არავინ დაასახელებს ფილმს, რომლის პერსონაჟებიც ემოციებისგან დაცლილი ადამიანები არიან და სიუჟეტი შავი იუმორითაა გაჟღენთილი. თუმცა, ლანთიმოსის ლობსტერის ნახვის შემდეგ, კითხვაზე, თუ რომელი ფილმი გვიყვება ყველაზე უკეთ ურთიერთობებზე, შესაძლოა, პასუხად სწორედ ეს ფილმი დავასახელოთ.

ფილმი ორი ნაწილისგან შედგება და მთლიანად სიურრეალისტურ სამყაროს წარმოადგენს. პირველ ნაწილში მოქმედება სასტუმროში ხდება, მეორე ნაწილში კი მოვლენები სასტუმროს გარეთ, ტყეში ვითარდება. ის, რომ ფილმი აბსურდულ ელემენტებს შეიცავს, პირველივე კადრიდან ჩანს, როდესაც მანქანიდან გადმოსული ქალი სამი ვირიდან ერთ-ერთს ტყვიას დაახლის და შემდეგ ისევ უკან, მანქანაში ჩაჯდება. თავდაპირველად ეს სცენა გაუგებრობას იწვევს და ლანთიმოსი არც შემდგომ უბრუნდება ამ კონკრეტულ ეპიზოდს, თუმცა მალევე კოლინ ფარელის გმირი – დევიდი (ფილმის ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც სახელი გააჩნია) გვაცნობს ძაღლს, რომელიც მისი ძმა აღმოჩნდება და გასაგები ხდება, რომ ფილმში არსებული ცხოველები და მათ შორის მოკლული ვირიც, (სავარაუდოდ, ის მოღალატე ქმარი უნდა იყოს) წარსულში ადამიანები იყვნენ.

ცხოველად გადაქცევას თავისი მიზეზი აქვს: თუ სასტუმროში მყოფმა მარტოხელებმა 45 დღის განმავლობაში ვერ იპოვეს შესაფერისი პარტნიორი, მაშინ ისინი იმ ცხოველებად გადაიქცევიან, რომელსაც თავად აირჩევენ, მერე კი სასტუმროს დატოვებენ და ტყეში გააგრძელებენ ცხოვრებას. სასტუმრო იმ სამყაროს მოდელს წარმოადგენს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამიტომ, მარტივი მისახვედრია, რომ როგორც რეალურ სამყაროში უჭირთ მარტოხელების გაგება, ასევე, ამ სასტუმროშიც აღარ აღიქვამენ მათ ადამიანებად და სწორედ ამის გამო ხდება ხელოვნურად მათი ცხოველებად გარდაქმნა.

დაწყვილებასაც თავისი წესები აქვს. აუცილებელი პირობაა, წყვილები ერთნაირი ნიშან-თვისებებით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთ მარტოხელა ქალს ცხვირიდან ქრონიკული სისხლდენა ახასიათებს. თავის გადარჩენის (ცხოველად არგადაქცევის) მიზნით, ბენ უიშოუს პერსონაჟი ხელოვნურად იწვევს სისხლდენას, რათა გაჩნდეს მსგავსება მასა და ქალს შორის და შემდგომში შესაძლებელი იყოს მასთან თანაცხოვრება. არსებულ რეალობასთან რომ გავავლოთ პარალელი, მაშინ საკუთარ თავს მარტივი კითხვა უნდა დავუსვათ: რას ვაკეთებდით, ვაკეთებთ ან გავაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანის ყურადღება მივიქციოთ, რომელიც ჩვენი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს? ყველაფერს. დავინტერესდებით იმით, რითაც ის ინტერესდება, მოვიწონებთ ყველაფერს, რაც მას მოსწონს და ა.შ. სისხლდენის ნაცვლად ჩვენ საკუთარ თავს ისეთ თვითდაზიანებას მივაყენებთ, როგორიცაა საკუთარი იდენტობის დაკარგვა.

ლანთიმოსი დასცინის ოჯახში პრობლემის გადაჭრის გზებსაც და ყველაზე უფრო ბასრი იუმორით ეხება ამ თემას, როდესაც პრობლემის გადაჭრის მიზნით ოჯახში ამატებს მესამე ადამიანს – შვილს. შვილი რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახის გამთლიანების ფუნქციას ასრულებს, ესეც ყველასთვის კარგადაა ნაცნობი.

ფილმის მეორე ნაწილი ტყეში ვითარდება. როდესაც ადამიანად ყოფნის უკანასკნელ დღეებში დევიდი ხვდება, რომ მისი შესაფერისი პარტნიორის პოვნა შეუძლებელია, სასტუმროდან გარბის. ტყეში ის მეამბოხე მარტოხელები იმყოფებიან, ვინც დევიდის მსგავსად, სასტუმროსგან თავის დაღწევა მოახერხა. ერთი შეხედვით, თითქოს ამ ბანაკში შედარებით თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა სასტუმროს პერსონალისგან განსხვავებით, მათ მეორე უკიდურესობა ახასიათებთ: თუ სასტუმროში ვალდებული ხარ, პარტნიორი იპოვო, აქ პირიქით, პარტნიორის ყოლა და სექსუალური კავშირის დამყარება სასტიკად გეკრძალება.

მაგრამ ყველაზე დიდი ვნება ხომ აკრძალვაშია?! და რა გასაკვირია, რომ იქ, სადაც სიყვარულის ყველანაირი გამოვლინება დასჯადია, დევიდი სპონტანურად, ძიების გარეშე ხვდება ქალს (რეიჩელ ვაისს), რომლის მიმართაც ჯერ გრძნობები უჩნდება, ხოლო მერე საერთო მახასიათებლებსაც აღმოაჩენს.

ამბობენ, შეყვარებული ადამიანი სიმამაცით უნდა გამოირჩეოდესო. თუმცა, აბსურდული კინოს წარმომადგენლისთვის – იორგოს ლანთიმოსისთვის სწორედ ეს მოსაზრება წარმოადგენს ყველაზე დიდ აბსურდს. ის გვიხატავს რეალურ სურათს, დასცინის ადამიანებს, აცარიელებს მათ ყველანაირი ემოციისგან, უტოვებს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტს და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე სცენას გვთავაზობს, იქნება ეს სასტუმროს მენეჯერის და მისი ცოლის ეპიზოდი თუ რეიჩელ ვაისის პერსონაჟის წუხილი იმაზე, რომ სიყვარულისთვის ის დასაჯეს და არა დევიდი.

იორგოს ლანთიმოსს არ სჯერა, რომ სიყვარულისთვის თავგანწირვა შესაძლებელია, რომ კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანი საკუთარი თავის გარდა სხვა ვინმესაც ითვალისწინებს. თუმცა, ის პატივს სცემს ყველა მოსაზრებას, მათ შორის განსხვავებულსაც და დასასრულს, როდესაც დევიდმა საყვარელ ქალთან გათანაბრების მიზნით, თვალები უნდა დაიბრმავოს, რეჟისორი მაყურებლებს უტოვებს ინტერპრეტაციისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას: დაიჯერონ სიყვარულის, რომელიც არ არსებობს (უკეთეს შემთხვევაში – ძალიან იშვიათია), თუ ჩათვალონ ეკრანის ჩაბნელება არა ფილმის დასრულების, არამედ დევიდის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის ნიშნად.

Comments

comments