სოფია ჰელინი ნაიარევზე, აუტიზმსა და ოჯახზე

(სერიალ ხიდის პირველი სეზონის მიმოხილვა, მეორე სეზონის მიმოხილვა, მესამე სეზონის მიმოხილვა)

 

თუკი სერიალის – ხიდი აქტიური მაყურებელი და გულშემატკივარი ხართ, დარწმუნებული ვარ, საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებსაც წაიკითხავდით და იმასაც შეამჩნევდით, რომ საგა ნორენის პერსონაჟის მიმოხილვისას სიტყვაც არ დამიძრავს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, რომელიც საგას უცნაურ ქცევას გარკვეულწილად ნათელს მოჰფენდა. იმასაც შეამჩნევდით, რომ საგას გმირს ტუჩებთან, მარჯვნივ, საკმაოდ დიდი ნაიარევი ატყვია. სინამდვილე ასეთია: მალმელი დეტექტივის როლის შემსრულებელ მსახიობს – სოფია ჰელინს სახეზე დიდი ნაიარევი აქვს, ხოლო საგა ნორენი აუტისტია.

სხვა ადამიანის გაცნობისას ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოვიძიოთ რაიმე განმსაზღვრელი, ჩვენთვის გასაგები ტერმინი/იარლიყი, რათა უცნობი პიროვნების გაგება გაგვიადვილდეს და ის ჩვენთვის უკვე ნაცნობ, არსებულ რომელიმე სოციალურ კონსტრუქტს მივუსადაგოთ. ეს პიროვნების ჩარჩოში მოქცევას ჰგავს – აჰა, ეს ასეთია, ანუ მე ასე და ასე უნდა მოვიქცე. ადამიანის განსაზღვრა გვეხმარება, მასთან ურთიერთობისას ჩვენი ქცევები წინასწარგანსაზღვრული მოლოდინების მიხედვით გადავაწყოთ. სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, სერიალის შემქმნელმა, ჰანს როზენფელდტმა, სამსახიობო გუნდს და თავად სოფია ჰელინსაც დაუმალა საგას გმირის ასპერგერის – აუტიზმის ერთ-ერთი ფორმის შესახებ. მან ივარაუდა, რომ როგორც კი მსახიობები ამას გაიგებდნენ, ისინი შესაბამის ქცევაზე გადაეწყობოდნენ და თითოეული მათგანის ინდივიდუალური, ავთენტური მანერა დაიკარგებოდა. მე არ მსურდა, რომ ყველა გაქცეულიყო და წიგნებიდან შეესწავლათ ასპერგერის სინდრომის ან აუტიზმის შესახებ. სამსახიობო გუნდისთვის საგას პერსონაჟზე იარლიყისა და კატეგორიის არმიცემით, ჰანსი იმედოვნებდა, რომ თითოეული მსახიობი შეიმუშავებდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ, პერსონალურ რეაქციას საგას ქცევებზე.

სერიალის გამოსვლისთანავე საგა ნორენის გმირი მისაბაძი მაგალითი გახდა აუტიზმის მქონე ქალებისთვის მთელს მსოფლიოში. სულ ცოტა ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ასპერგერის სინდრომი მხოლოდ მამაკაცებს ემართებოდათ. ამ პერსპექტივიდან საგას გმირი გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს. თავიდან საგას როლის შესრულებაზე უარი განვაცხადე, – იხსენებს სოფია ჰელინი, – ვფიქრობდი, რომ მოსაწყენი იქნებოდა. შევედეთში ბევრი მსგავსი ტიპის სერიალი გვაქვს, ამიტომ არ ვიყავი დაინტერესებული. მომეჩვენა, რომ სცენარი ლიზბეთ სალანდერის მსგავს ისტორიას მოგვითხრობდა და კიდევ ერთი ჩხუბისთავა ქალის განსახიერება არ მსურდა… ალბათ, ბევრს გაგახსენდათ სტიგ ლარსონის გმირი მილენიუმის საგიდან. თუმცა ნელ-ნელა სხვა რამეებიც აღმოვაჩინე. გავიაზრე, რომ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებაც შემეძლო საგას პერსონაჟში. ეს გამოცხადებას ჰგავდა. ძალიან უცნაური იყო იმის გააზრება, რომ ყველა ის ადამიანი, რომელთაც მათი სიცივის გამო განვსჯიდი – რადგან მე ძალიან გახსნილი და სოციალური ვარ – თურმე საკმაოდ ბევრს აკეთებს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თავად სოფია ორი შვილის დედაა და საგას პერონაჟი ნამდვილი გამოწვევა იყო მისთვის. ნამდვილად ბევრი ვისწავლე მისგან. ვფიქრობ, კარგია, როცა ცოტათი მისნაირი ხარ. მე ზედმეტად ემოციური ვარ, იქამდეც მივდივარ ხოლმე, რომ ამით ჩემს თავს ვვნებ.

სოფია ჰელინს ყოველთვის სურდა ოჯახი. მომავალი ქმარი 23 წლის ასაკში გაიცნო. ის მღვდელია, მაგრამ როგორც სოფია ამბობს, ბავშვები ნაკლებად ინტერესდებიან რწმენით. მიიჩნევს, რომ ეს მათი საქმეა. ვცდილობ, თავიდან ავარიდო კონფლიქტური მესიჯები, რადგან ჯერ პატარები არიან. ვუხსნი, რომ ძალიან არ დაატანონ თავს ძალა, რომ თუკი ღია გული და წრფელი ურთიერთობები ექნებათ, ყველაფერი თავისით დალაგდება… მაგრამ შემდეგ მიანც ვნერვიულობ ხოლმე. როგორც მშობელი, წინააღმდეგობებით სავსე ვარ.

როდესაც სოფია ჰელინი 24 წლის იყო, ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხელის მოტეხვასთან ერთად, სახეც დაიზიანა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, მსახიობი გამხდარიყო. დარწმუნებული ვარ, მას შუშის თვალი, ან ფეხის პროთეზი რომ ჰქონოდა, ასევე უპრობლემოდ მიიღებდნენ სამსახიობოზე. თავიდან ნაიარევი იმდენად მაღიზიანებდა, რომ მადლობელიც კი არ ვიყავი იმისთვის, რომ გადავრჩი. თუმცა, საბოლოოდ, ამან უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემძინა. ვფიქრობდი: “კაი, მე ნაიარევი მაქვს, მაგრამ შესაძლოა, უფრო მეტი აღმოვაჩინო ჩემში, ვიდრე ის, თუ როგორ გამოვიყურები.” ასეც მოხდა, შრამმა მას მეტი სიმტკიცე, სიმამაცე და გულწრფელობა შესძინა.

სოფია ჰელინი ქალია, რომელიც ამბობს: მე მრავალფეროვანი, კომპლექსური და რთული პიროვნება ვარ! ვფიქრობ, სწორედ ამის წყალობით გაუგო სოფიამ საგა ნორენის გმირს, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ კი საკუთარ თავში აღმოაჩენინა ის განსხვავებები, რაც შემდეგ ბრწყინვალე სამსახიობო თამაშად იქცა.

 

წყარო: www.bbc.com; www.theguardian.com

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments