ჩენგ-დონგ ლი – სამხრეთ კორეის დამოუკიდებელი კინოს სათავეებთან

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

აღმოსავლური კინოთი სულ უფრო მეტი კინომოყვარული ინტერესდება. განსაკუთრებით პოპულარული სამხრეთ კორეული ფილმებია (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონის ხელოვნების ყველა ფორმის ერთგვარი აფეთქების მომსწრენი ვართ). ჩენგ-დონგ ლი იმ სამხრეთ კორეელი რეჟისორების მოწინავე პოზიციებზე სახელდება, ვის ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყურო, თუკი გსურს, შეაბიჯო და აღმოაჩინო ის მდიდარი, განსხვავებული და ღრმად ემპათიური სამყარო, რომელსაც სამხრეთ კორეის დამოუკიდებელი კინემატოგრაფია ჰქვია.

ჩენგ-დონგ ლი კორეაში იმ პირველი დამოუკიდებელი ჯგუფის წევრი გახდა, რომელმაც 1993 წელს მხატვრული ფილმი “To the Starry Island” შექმნა. ის თანასცენარისტი და რეჟისორის ასისტენტი იყო. მანამდე ლი სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, დგამდა სპექტაკლებს და პიესებსა და ნოველებს წერდა, რის გამოც აღიარება უკვე მოპოვებული ჰქონდა. ლის რეჟისურა არ უსწავლია, თუმცა, 1997 წელს, თანამედროვეებისგან წაქეზებულმა, 43 წლის ასაკში, რეჟისორის სავარძელი მოირგო და დრამა “მწვანე თევზი” გადაიღო. ფილმი ახალგაზრდა კაცზეა, რომელიც კრიმინალური სამყაროს მარწუხებს თავს ვეღარ აღწევს… ფილმში ლი კორეელი საზოგადოების მავნე დამოკიდებულებას აკრიტიკებს, ისევე, როგორც მეორე ფილმში პიტნის კანფეტი (1999 წ.), სადაც ასევე ახალგაზრდა კაცის ამბავია მოთხრობილი, ამჯერად კორეის დამთრგუნველი სამხედრო სისტემის კრიტიკაზე აქცენტით.

მომდევნო ორ ფილმში, ოაზისი (2002) და საიდუმლო ნათება (2007), ლი აღარ არის კორეელი საზოგადოებისადმი ცინიკური, პირიქით, ის უფრო მეტად გულისხმიერი, ლმობიერი, ემპათიური და სიღრმისეული ხდება. საგულისხმოა, რომ 2003-2004 წლებში ლი კორეის კულტურისა და ტურიზმის მინისტრად ინიშნება, რაც საშუალებას აძლევს სხვა თვალით შეხედოს და გაიაზროს დამოუკიდებელ კინო და მასში არსებული პრობლემები. ის ფართო თემებიდან უფრო კონკრეტულ ამბავზე კონცენტრირდება და ერთი შეხედვით მარტივ, ყოველდღიურ თხრობას მიჰყვება. თუკი წინა ფილმებში პროტაგონისტებად მამაკაცები გვევლინებოდნენ, ახლა წინა პლანზე ქალები გამოდიან. (ორივე ფილმი მთელს მსოფლიოში დიდი წარმატებით აღინიშნა და კანისა თუ ვენეციის ფესტივალებზე პრიზებიც მიიღო.)

2010 წელს ლი მეხუთე, ჯერჯერობით უკანასკნელ ფილმს – პოეზიას იღებს, თავის შემოქმედებაში უდაოდ საუკეთესოს, სადაც განვლილი გამოცდილება სრულად და ორგანულად ვლინდება. ფილმის მთავარი მსახიობი, 70-იანი წლების ვარსკვლავი, ჯეონ-ჰი იუნია, რომელიც თექსვმეტწლიანი პაუზის შემდეგ ეკრანებს კიდევ ერთხელ, უკანასკნელად უბრუნდება და ბედის ირონიით, სწორედ ეს როლი ხდება მის კარიერაში ყველაზე წარმატებული. მოგონებები ლისთან ყოველთვის მნიშვნელოვანი თემა იყო, მაგრამ პოეზიაში ის ცენტრალურ ადგილს იკავებს. ფილმი ვითარდება მოხუცი მიიას ირგლივ, რომელსაც ალცჰაიმერის დიაგნოზს უსვამენ. მეხსიერების დაკარგვას მიია ლექსების წერით “ებრძვის” და მათში განვლილი ცხოვრების აღბეჭდვას ცდილობს.

განსხვავებული თემატიკის მიუხედავად, ლის ფილმებს ერთი საერთო მაინც ახასიათებთ – ტრავმული პერსონაჟები, რომლებსაც რეჟისორი ისეთ სიტუაციებში ახვედრებს, სადაც ძიების პროცესის, ცხოვრების გადააზრების შესაძლებლობას აძლევს.

თითქმის ყველა ფილმში ჩენგ-დონგ ლის მთავარი გმირები სიკვდილის პირას იმყოფებიან. რეჟისორი განსაკუთრებულად დიდ ინტერესს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ იჩენს. “მწვანე თევზში” მაკ-ტონგის უფროსი ძმა ეპილეფსიით იტანჯება, ოაზისში მთავარ გმირს ცერებრალური დამბლა აქვს, ხოლო პოეზიაში განუკურნებელი დაავადების მძიმე შედეგების მოწმენი ვხდებით.

დიდი პაუზის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში რეჟისორმა მუშაობა დაიწყო ახალ ფილმზე – “წვა”. პრემიერა წელს იგეგმება და ალბათ, ეს ნამუშევარიც დამოუკიდებელ კინოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება.

Comments

comments